სერია A. III ტურის წინ: დიდი ინტრიგა "მეაცაზე"

AutoSharing Option
სერია A-ს მიმდინარე გათამაშების მეორე ტურის ცენტრალური მატჩი "ჯუზეპე მეაცაზე" გაიმართება, სადაც "ინტერი" და "მილანი" დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. დიახ, წინ მილანური ჯახი გველოდა, რომელიც ბევრ საინტერესოს გვპირდება.

"ინტერი"
წინა სეზონთან შედარებით, "ინტერი" პრაქტიკულად მთლიანად შეიცვალა და მილანურ დერბიშიც არაერთი ახალწვეული მიიღებს მონაწილეობას. მურილიო, მირანდა და ტელესი დაცვაში, ფელიპე მელო და ჟოფრეი კონდოგბია ნახევარდაცვაში, ივან პერიშიჩი და სტევან იოვეტიჩი კი თავდასხმაში... ვინღა დარჩა?

- ჰანდანოვიჩი, ბროზოვიჩი
და იკარდი; ძველებიდან, მხოლოდ ეს სამი ფეხბურთელი მოიაზრებიან სასტარტო შემადგენლობაში.

"ინტერმა" სახე იცვალა, სეზონი ორი მოგებით დაიწყო და ბევრი ალაპარაკდა, რომ რობერტო მანჩინის გუნდი სკუდეტოს დაუმიზნებს. გადაჭარბებულია თუ არა ასეთი ოპტიმიზმი, ნაწილობრივ, ამ კითხვას მილანური დერბიც გასცემს პასუხს. "ნერაძური" ნომინალური მასპინძელია, მეტი გულშემატკივარი ეყოლება ტრიბუნებზე და მხურვალე მხარდაჭერის ფონზე შეეცდება მორიგი სამი ქულის მოპოვებას. მანჩინიმ "გაძეტა დელო სპორტს" შემდეგი განუცხადა:

"შევეცდებით, რომ პირველ ნომრად ვითამაშოთ და მეტოქეს თავისუფლად მოქმედების საშუალება არ მივცეთ. "მილანს" ძლიერი თავდამსხმელები ჰყავს და მათი შევიწროვებაა საჭირო. დიახ, მე თამამად ვაკეთებ აქცენტს ახალწვეულებზე და ვფიქრობ, რომ მათ უკვე შეუძლიათ დიდი სარგებლის მოტანა გუნდისთვის. ჩვენი მიზანი გამარჯვებაა და საამისოდ ყველაფერს გავაკეთებთ".

"მილანი"
თუ "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯერებთ, "მილანი" კვლავ 4-3-1-2 ტაქტიკით გაირჯება და წინ კარლოს ბაკასა და ლუის ადრიანოს ტანდემს ვიხილავთ. ერთი ეგაა, რომ წინა მატჩებისგან განსხვავებით, გამთამაშებლის პოზიციაზე არა სუსო, ან კეისუკე ჰონდა, არაკედ ჯაკომო ბონავენტურა გაირჯება. როგორც ჩანს, სინიშა მიხაილოვიჩი პლეიმეიკერის ძიებაშია და ჯერ ოპტიმალურ კანდიდატს ვერ მიაგნო. ბონავენტურას კარგი შანსი მიეცა და იქნებ გამოიყენოს კიდეც.

"მილანს" ანდრეა ბერტოლაჩი ჰყავს ტრავმირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ძირითად შემადგენლობაში უნდა ველოდოთ იურაი კუჩკას. მასთან ერთად, შუა ხაზში ნაიჯელ დე იონგი და ანდრეა პოლი მოიაზრებიან. შესაბამისად, თადარიგში დარჩებიან ანტონიო ნოჩერინო და რიკარდო მონტოლივო. რადგან სათადარიგოებზე ჩამოვარდა სიტყვა, ისიც აღვნიშნოთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, თამაშში მარიო ბალოტელიც ჩაერთვება.

ჭირვეულმა ფორვარდმა ამხანაგურ შეხვედრაში გამოიჩინა თავი და ვარჯიშებზეც კარგად გამოიყურება, რაც სინიშა მიხაილოვიჩმა საგანგებოდ აღნიშნა. მოკლედ, ამბობენ, რომ ბალოტელი ფორმაში შედის, მაგრამ ეს მინდორზე უნდა დაამტკიცოს.
სავარაუდო შემადგენლობები

ინტერი (4-3-1-2): ჰანდანოვიჩი - სანტონი, მირანდა, მურილიო, ტელესი - ბროზოვიჩი, მელო, კონდოგბია - პერიშიჩი - იოვეტიჩი, იკარდი
მილანი (4-3-1-2): დიეგო ლოპესი - აბატე, საპატა, რომანიოლი, დე შილიო - პოლი, დე იონგი, კუჩკა - ბონავენტურა - ლუის ადრიანო, ბაკა

უჩვეულო ამბავი
უცნაურად ჟღერს, მაგრამ ფაქტია, რომ "კიევო" ტურინში ლიდერის რანგში ჩავა და იქ აუტსაიდერ "იუვენტუსს" დაუპირისპირდება.

მოქმედ ჩემპიონს ჯერ ქულა არ აუღია და ნავსის გატეხვას ვერონელებთან შეეცდება. თუმცა, ქულა მარცხის ტოლფასი იქნება და "იუვე" პირველივე წუთებიდან შეუტევს. თადასხმაში ალბათ პაულო დიბალას და მარიო მანჯუკიჩს ვიხილავთ, მათ უკან კი ახალწვეული ერნანესი მოიაზრება.

ვერონელები ოპტიმალური შემადგენლობით სტუმრობენ "ვეკია სენიორას", მეჯორინი და პალოსკი სრულ მზადყოფნაში არიან, ეს კი ის შეტევაა, რომელმაც პირველ ორ ტურში შვიდი გოლი შეაგდო. ვნახოთ, წინ ძალიან საინტერესო მატჩი გველის.

სერია A. III ტური
შაბათი. 12 სექტემბერი
ფიორენტინა-ჯენოა 20:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბაკიჩი - პერინი, მუნიოსი, პეროტი, პავოლეტი, დე მაიო, ანსალდი
ურთიერთშეხვედრები
სულ 21 თამაში: +9=9-3, (24-36)

ფროზინონე-რომა 20:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კასტილო - პიანიჩი, სტროტმანი
ურთიერთშეხვედრები
სულ 0 თამაში: +0=0-0, (0-0)

იუვენტუსი-კიევო 22:45
დისკვალიფიკაცია: რუბინიო, ევრა (იუვენტუსი)
ტრავმა: ხედირა, ასამოა - რადოვანოვიჩი
ურთიერთშეხვედრები
სულ 24 თამაში: +17=6-1, (45-20)

კვირა. 13 სექტემბერი
ვერონა-ტორინო 15:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ფარესი - ფარნერუდი, მაკსიმოვიჩი
ურთიერთშეხვედრები
სულ 20 თამაში: +5=4-11, (25-31)

ემპოლი-ნაპოლი 17:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ლაურინი, მჭედლიძე (ემპოლი)
ურთიერთშეხვედრები
სულ 10 თამაში: +5=3-2, (20-9)

პალერმო-კარპი 17:00
დისკვალიფიკაცია: სტრუნა (პალერმო)
ტრავმა: ბოლცონი - მბაკოგუ
ურთიერთშეხვედრები
სულ 2 თამაში: +0=0-2, (1-3)

სამპდორია-ბოლონია 17:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კოდა, დე სილვესტრი, კრსტიჩიჩი - ძუკულინი, კრაფტი, ოიკონომო, დონსა, ბრიგი
ურთიერთშეხვედრები
სულ 21 თამაში: +7=10-4, (32-27)

სასუოლო-ატალანტა 17:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ანტეი, ბერარდი - ჩიგარინი
ურთიერთშეხვედრები
სულ 8 თამაში: +2=1-5, (5-10)

ლაციო-უდინეზე 20:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მარკეტი, ჯორჯევიჩი, კლოზე, ბილია, დე ვრი - გილიერმე
ურთიერთშეხვედრები
სულ 42 თამაში: +21=9-12, (80-59)

ინტერი-მილანი 22:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დოდო, ბიაბიანი - ანტონელი, მენეზი, ნიანგი, მექსე, ბერტოლაჩი
ურთიერთშეხვედრები
სულ 51 თამაში: +18=13-20, (65-69)

ბომბარდირები: 2 - მარტინს ედერი (სამპდორია), ანტონიო ფლორო ფლორესი (სასუოლო), ლუის მურიელი (სამპდორია), რიკარდო საპონარა (ემპოლი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული