"ინტერის" ფანი ვერასოდეს შეურიგდება "მილანის" ჰეგემონიას და ვერც მის ფეხბურთელებს შეიყვარებს. "რომასა" და "ლაციოს" შემთხვევაშიც ასეთივე სიტუაციაა. "იუვენტუსი" ბევრს უყვარს იტალიაში, მაგრამ ყველას არა.
შეუძლებელია, ყველას უყვარდე. სამაგიეროდ, "ბებერ ქალბატონს" ჰყავს ერთი ფეხბურთელი, რომელზეც მთელი იტალია გიჟდება. ეს ჯიჯი ბუფონია. მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე. იქნებ, სიტყვა "ერთ-ერთი" აქ ზედმეტიც იყოს, თუმცა ჩვენ
არ აქვს მნიშვნელობა, იტალიის რომელ სტადიონზე თამაშობს "იუვე" და რომელი გუნდია მისი მოწინააღმდეგე - ბუფონს მაინც ტაშით აცილებენ. ანდრეა პირლოსთან ერთად ის გამარჯვებული იტალიის სიმბოლოა, 2006 წელს ყველასათვის მოულოდნელად, რომ დაიპყრო საფეხბურთო მსოფლიო.
იტალიაში აფასებენ წარსულს. იტალიაში იციან ფეხბურთი. აპენინებზე მშვენივრად უწყიან,რომ შეიძლება დიდი დრო გავიდეს და "სკუადრა აძურა" ვეღარ გახდეს მსოფლიოს ჩემპიონი. იტალიური ფეხბურთის ქომაგებო, ხეზე სამჯერ დააკაკუნეთ....
...ბუფონი 37 წლისაა და ის დიდებულ ფორმაშია. იმას, რასაც "იუვენტუსის" ლიდერმა "სიტისთან" გასვლით მატჩში აკეთა, ჩვენ მხოლოდ ჯადოქრობას თუ დავარქმევთ. ეს ნაღდი სასწაული იყო. "სიტიმ", ძალიან რომ გაძლიერდა სეზონთაშორის პერიოდში, ჩემპიონთა ლიგა მარცხით დაიწყო და ამაში მთავარი დამნაშავე ბუფონია.
იტალიის ნაკრების უბერებელმა მეკარემ აიღო პრაქტიკულად ყველა ბურთი, რომელიც მისი კარის მიმართულებით გაფრინდა - გაშვებულ გოლში მას ბრალი არ მიუძღვის. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ეპიზოდი, როცა ბუფონმა ზედიზედ ორი დიდებული ნახტომით იხსნა თავისიანები.
არადა, ამ შეხვედრის წინ "იუვენტუსისა" არავის სჯეროდა. მასიმილიანო ალეგრის გასწვრთნილმა გუნდმა კოშმარულად დაიწყო იტალიის ჩემპიონატი და, რა თქმა უნდა, "ქალბატონს" კიდევ უფრო უნდა გასჭირვებოდა ჩემპიონთა ლიგაზე.
დავამატთ ამას ისიც, რომ "იუვენტუსს" აღარ ჰყავს ოდინდელი ლიდერები, ანდრეა პირლო, კარლოს ტევესი და არტურო ვიდალი. ისინი წავიდნენ. ბუფონი არსად წასულა. ჯიჯის ერთგულება არ ესწავლება. ის მაშინაც კი არსად წასულა, როცა "იუვე" იტალიის რანგით მეორე ლიგაში დააქვეითეს.
ამიტომაცაა, ბუფონი განსაკუთრებით რომ უყვართ "იუვენტუსის" გულშემატკივრებს. ბუფონი მათთვის ყველაფერია - ერთგულება, ტრადიცია, გამარჯვება... ჯიჯის ვერავინ შეცვლის - ასეთია მათი წარმოდგენა. რა თქმა უნდა, შეუცვლელი არავინაა, თუმცა ბუფონის შემთხვევაში ეს ძალიან უნდა გაჭირდეს.
არავინ იცის, რას იზამს წლევანდელ ჩემპიონთა ლიგაზე "იუვე" - შეცვლილი გუნდი, ახალი ლიდერებითა და ნიჭიერი ახალგაზრდებით, რომლებმაც სეზონის მიმდინარეობისას, პროცესში აუცილებლად უნდა მოუმატონ.
ის კი ფაქტია, რომ მანჩესტწერში გამარჯვება იოლი არასოდეს არის. რას ფიქრობს ბუფონი გუნდის პერსპექტივებზე?
"ჩვენ ძალიან კარგი გუნდი გვყავს და ეს ინგლისში გამართულ შეხვედრაში ნათლად გამოჩნდა. დარწმუნებული ვარ, ჩვენ შეგვიძლია, შორს წავიდეთ ჩემპიონთა ლიგაზე და იმისაც მჯერა, რომ ინგლისში გამარჯვება ამ დიდი გზის დასაწყისია.
ჩემპიონატში ცუდი სტარტის შემდეგ "იუვენტუსისათვის" აუცილებელი იყო ინგლისში წარმატებით ტამაში და გახარებული ვარ, ეს რომ შევძელით." - ამბობს ბუფონი, ვინც "სიტის" ჩილელი დამრიგებლის, მანუელ პელეგრინის აზრით, უდიდესი წვლილი შეიტანა "ბებერი ქალბატონის" ინგლისურ ტრიუმფში.
ბუფონი არ იღლება. მას ძველებურად სიამოვნებს ფეხბურთის თამაში. ის 37 წლისაა და კვლავ ანთებული თვალები აქვს. მისი მოტივაცია ბევრ დამწყებს შეშურდება. არადა, ჯიჯიმ პრაქტილულად ყველაფერი მოიგო.
როგორ ახერხებს იგი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ დარჩენას ასეთ სოლიდურ ასაკში? ამაზე ჯანლუიჯი ბუფონს თავისი პასუხი აქვს.
"ჩემი აზრით, აქ განსაკუთრებული არაფერია. მე ფანატიკურად მიყვარს ფეხბურთი. ის ჩემი ცხოვრებაა და მე მას ვეკუთვნი. მე მსიამოვნებს თამაში და დარწმუნებული ვარ, ასე იქნება ხვალაც. მე არასოდეს დამირღვევია რეჟიმი და ამას იმიტომ არ ვაკეთებ, რომ ვინმე მაძალებს. უბრალოდ, მე ძალიან მიყვარს ფეხბურთი და უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს სპორტული ცხოვრება."
როგორც ირკვევა, იტალიური ფეხბურთის ლეგენდა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე თამაშს აპირებს. ჯიჯი ამბობს:
"ჩემი მიზანი და ოცნებაა, რომ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ვითამაშო. ამ დროისათვის მე სრულ საბრძოლო მზადყოფნაში უნდა ვიყო." - თქვა ბუფონმა.
ჯიჯი ფორმაშია. იტალიას უყვარს ბუფონი, ბუფონს ფეხბურთი.
ბუფონი არ უნდა წავიდეს...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
სანამ რაღაცას დაწერთ ცოტა დაფიქრდით, წაიკითხეთ, ან ვიღაცას ჰკითხეთ მაინც, ისე, ცოტა აზრზე მაინც რომ იყოთ, თორემ "მარშუტკაში" მონაყოლი ჭორის "ქახალდზე" გადმოტანა, რა ვიცი, რა ვიცი.....