სერია A. VI ტურის წინ: იტალია პირველ მეორეზე გაითვლის

AutoSharing Option
იტალიურ საფეხბურთო სამყაროში სერია A-ს მეხუთე ტურს განიხილავენ, თუმცა მეექვსე ტურიც კარს მოგვადგა და ამიტომ, ქვემოთ ყველაფერს ერთად მიმოვიხილავთ...

"ინტერი" ისევ უდანაკარგოა
"ინტერმა" ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო და კიდევ უფრო განიმტკიცა ლიდერობა. კონკურენტების წაფორხილების ფონზე, "ნერაძურის" მოგებას კიდევ უფრო მეტი ფასი დაედო. თავად განსაჯეთ, მილანური გრანდი მთელი შვიდი ქულით უსწრებს "რომას", ცხრა ქულით "ნაპოლის" და ათი ქულით "იუვენტუსს".

"ინტერმა" "ვერონას" სძლია მინიმალური ანგარიშით, გამარჯვების გოლი კი თავური დარტყმით ფელიპე მელომ გაიტანა. ბრაზილიელის შედეგიანმა დარტყმამ "ნერაძურის" სულზე მოუსწრო - მეორე ტაიმის შუაწელი
იყო, მილანელებს სიჩქარე დაეტყოთ, რობერტო მანჩინიმ თადარიგში მყოფ სტევან იოვეტიჩს უბრძანა გახურება, ტრიბუნებზე კი მღელვარებამ იმატა და ამ დროს, მელომ ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა.

მართალია, იოვეტიჩი მაინც ჩაერთო თამაშში, მაგრამ "ინტერს" უკვე აღარ ეჩქარებოდა და მშვიდად მიიყვანა საქმე ბოლომდე. ისიც ვთქვათ, რომ ლუკა ტონის შემდეგ, "ვერონას" ჯამპაოლო პაცინიც დაუშავდა და თუ როდის დაუბრუნდება მოედანს, რთული სათქმელია.

მატჩის შემდეგ "ინტერის" თავკაცმა რობერტო მანჩინიმ შემდეგი განაცხადა: "მჭიდრო კალენდარი გვაქვს და "ვერონასთან" შეხვედრაში ფეხბურთელებს დაღლა დაეტყოთ. მიუხედავად ამისა, მოვიგეთ და უმნიშვნელოვანესი ქულები ჩავიწერეთ აქტივში. არის თუ არა "ინტერი" ფავორიტი სკუდეტოსთვის ბრძოლაში? - კი, ოღონდ მომდევნო მატჩამდე. წინ "ფიორენტინასთან" ჯახია, რომელიც კიდევ უფრო რთული იქნება".

სიტყვამ მოიტანა და ამ უქმეებზე, მილანში ძალიან საინტერესო მატჩი გაიმართება, რომელშიც "ინტერი" "ფიორენტინას" უმასპინძლებს. ერთმანეთის პირისპირ სატურნირო ცხრილში პირველ და მეორე ადგილზე მყოფი გუნდები წარსდგებიან. მე-6 ტურში "ნაპოლი"-"იუვენტუსია", მაგრამ ცხრილის მიხედვით, ცენტრალური მატჩი სწორედ "ჯუზეპე მეაცაზე" გაიმართება.

რობერტო მანჩინი შეტევაში ივან პერიშიჩის, სტევან იოვეტიჩის და მაურო იკარდის ტრიოს გაამწესებს, "ფიორენტინას" კი ნიკოლა კალინიჩის, იაკუბ ბლაშჩიკოვსკის და ხუმა ბაბაქარის სამეული ეყოლება. ფავორიტი "ინტერია", თანაც მილანში, მაგრამ სერია A-ში რომ პროგნოზები უმადური საქმეა, შუა კვირის ბატალიებმა ნათლად გვაჩვენა.

სავარაუდო შემადგენლობები
ინტერი (4-3-1-2): ჰანდანოვიჩი -
სანტონი, მურილიო, მედელი, ტელესი - გუარინი, მელო, კონდოგბია - პერიშიჩი - იოვეტიჩი, იკარდი.
ფიორენტინა (4-3-3): ტატარუშანუ - რონკალია, გონსალო, ასტორი, ალონსო - ბორხა ვალერო, ბადელი, ვესინო - ბლაშჩიკოვსკი, კალინიჩი, ბაბაქარი.

რა სჭირს "იუვენტუსს"?
როდესაც ქვეყნის 4-გზის მოქმედი ჩემპიონი ხარ, დიდია იმის შანსი, რომ ფეხი დაგიცდეს და ჩავარდნა დაგეწყოს. როდესაც გუნდს რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი ტოვებს, ასევე დიდია იმის შანსი, რომ სეზონის სტარტი ჩაგივარდეს.

მართალია, "იუვეს" ახალი ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ მათ გუნდთან ადაპტაცია სჭირდებათ და ამას დრო უნდა. ისიც ვთქვათ, რომ "ვეკია სენიორას" ორი უმნიშვნელოვანესი ნახევარმცველი ჰყავს დაშავებული: კლაუდიო მარკიზიო და სამი ხედირა.

იმ ფონზე, რომ ზაფხულში გუნდმა ანდრეა პირლო და არტურო ვიდალი დაკარგა - შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ გასულ სეზონთან შედარებით, "იუვეს" ფაქტობრივად ნახევარდაცვის გარეშე უწევს ფონს გასვლა. როდესაც მარკიზიო და ხედირა გამოჯანმრთელდებიან, ვითარება ასეთი საგანგაში აღარ იქნება.

ეს რამდენიმე ფაქტორი, რითაც შეიძლება იყოს განპირობებული "იუვენტუსის" კრიზისი, რამაც გუნდს კიდევ ორი ქულა დააკარგვინა და თანაც ვისთან, "ფროზინონესთან". ამ მოკრძალებული ამბიციების გუნდმა იტალიის ელიტურ ლიგაში თავისი პირველი და ისტორიული ქულა სწორედ "იუვენტუს არენაზე" აიღო. სტუმრებმა გამათანაბრებელი გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაიტანეს, იქამდე კი ტურინელთა შორის სიმონე ძაძა გამოირჩა.

მოკლედ, ფრე, რომელიც ტურინული გუნდისთვის მარცხის ტოლფასია. 5 თამაშში 5 აღებული ქულა და 10 დაკარგული - "იუვესთვის" მართლაც კატასტროფული შედეგია, მასიმილიანო ალეგრი კი შემდეგ კომენტარს აკეთებს:

"გუნდში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომლებსაც უჭირთ ტოპ-კლუბთან ადაპტაცია და მათთვის ეს თამაში კარგი გაკვეთილი იქნება. ბოლო წუთებზე, ბურთი უნდა დაგვეჭირა, ჩვენ კი რაღაც მოვიგონეთ და დავისაჯეთ კიდეც. სამწუხაროდ, დღეს "იუვენტუსი" არის გუნდი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი მეტოქის დამარცხება, მაგრამ ამავდროულად, ნებისმიერთან წაგება".

მე-6 ტურში, "იუვენტუსს" უმძიმესი მატჩი ელის ნეაპოლში, სადაც ასევე არასტაბილურ "ნაპოლისთან" მოუწევს დაპირისპირება. თუ რაოდენ პრინციპულია ამ გუნდების ნებისმიერი შეხვედრა, საყოველთაოდ ცნობილია და წესით, ამჯერადაც საინტერესო და დაძაბულ მატჩს უნდა ველოდოთ.

"გაძეტა დელო სპორტის" პროგნოზით, ალეგრი შეტევაში ალვარო მორატას, ხუან კუადრადოს და სიმონე ძაძას გაამწესებს, ნეაპოლელთა მესაჭე მაურიციო სარი კი შემდეგ შემტევ ტრიოზე შეაჩერებს არჩევანს: ლორენცო ინსინიე, ხოსე კალეხონი, გონსალო იგუაინი.

"იუვეს" მსგავსად, გასულ ტურში "ნაპოლიმაც" შეირცხვნა თავი, როდესაც "კარპის" ვერ მოუგო, მაურიციო სარიმ კი თავი იმართლა და დაპირდა გულშემატკივრებს, "იუვენტუსთან" სულ სხვა "ნაპოლის" იხილავთო. ვნახოთ...

"რომამ" აურია
"რომას" ძალიან უნდოდა გენუაში "სამპდორიასთან" მოგება - მაშინაც დიდი ძალებით უტევდა, როდესაც ანგარიში ფრე იყო და თამაშის დასრულებამდე წუთები რჩებოდა, საბოლოოდ კი მეორე გოლი გაუშვა და დამარცხდა. საგულისხმოა, რომ გადამწყვეტი გოლი საკუთარ კარში მანოლასმა შეაგდო, იქამდე კი მასპინძელთა რიგებში ედერი გამოირჩა, ხოლო სტუმართა შორის სალაჰი.

"რომამ" ჩემპიონატი კარგად დაიწყო, სტარტზე "იუვე" დაამარცხა, ქულებიც აკრიფა, მაგრამ შემდეგ აურია და აგერ უკვე მერვე ადგილზე დაეშვა. დიახ, რუდი გარსიას გუნდი სატურნირო ცხრილის შუაში გაიჭედა და თუ თამაშის ხარისხი არ გააუმჯობა, იქვე დარჩება. "რომა" ბევრს უტევს, მაგრამ ყოველთვის რაღაც აკლდება დამაგვირგვინებელ ფაზაში, დაცვაში კი ბევრია ტექნიკური წუნი და შეცდომა.

იქნებ ეს გაუთავებელი რიტაციის ბრალია, რომელსაც გარსია მიმართავს? - "რომა" ყველა მომდევნო შეხვედრას მკვეთრად გადახალისებული შემადგენლობით იწყებს, განსაკუთრებით კი ეს შეტევაზე ითქმის.

ასეა თუ ისე, "ჯალოროსი" კოჭლობს და შესანიშნავ შანსს უშვებს ხელიდან, რომ "იუვეს" კრიზისით ისარგებლოს და უმთავრეს კონკურენტს გვარიანად დაუსხლტეს. თუმცა, თუ "იუვენტუსმა" და "რომამ" ასე გააგრძელეს, ვინ ვისი კონკურენტი იქნება და რისთვის ბრძოლაში, ეგ კიდევ საკითხავია...

"რომა" "კარპის" მიიღებს და წესით, უნდა მოუგოს, მაგრამ იმავე წესით, სერია A-ს დებიუტანტი "ნაპოლისაც" უნდა დაემარცხებინა. ამიტომ, დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას, ყველაფერი კი მინდორზე გამოჩნდება...

მოულოდნელი ლიდერები
მე-6 ტურში კიდევ ერთი საინტერესო მატჩი შედგება, რომელშიც მოულოდნელი ლიდერები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. "სასუოლო" "კიევოს" უმასპინძლებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ სატურნირო ცხრილში მესამე და მეოთხე ადგილზე მყოფი გუნდების ჯახს ვიხილავთ.

რთული სათქმელია, რამდენად დიდ ხანს შეინარჩუნებენ ეს გუნდები ადგილს ოთხეულში, მაგრამ ფაქტია, რომ ჯერჯერობით, ბრწყინვალედ ასპარეზობენ. წინა ტურში, "კიევომ" "ტორინო" დაამარცხა ურთულეს ბრძოლაში, "სასუოლომ" კი სიცილიაში "პალერმო" გააკრა ბეჭებზე.

ამ უქმეებზე, კიდევ რამდენიმე საინტერესო და არაპროგნოზირებადი მატჩია, მათ შორის "ჯენოა"-"მილანი" და "ვერონა"-"ლაციო". ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები...

VI ტური
შაბათი. 26 სექტემბერი
რომა-კარპი 20:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კაპრადოსი - პაშუტი, მარონე, ინიგუესი, სპოლი
ურთიერთშეხვედრები
სულ 0 თამაში: +0=0-0, (0-0)

ნაპოლი-იუვენტუსი 22:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ხედირა, მარკიზიო, ასამოა (იუვენტუსი)
ურთიერთშეხვედრები
სულ 36 თამაში: +9=9-18, (40-58)

კვირა. 27 სექტემბერი
ჯენოა-მილანი 14:30
დისკვალიფიკაცია: სისოხო, პანდევი (ჯენოა)
ტრავმა: პერინი, გაპკე, მუნიოსი, კოსტა, პავოლეტი - ანტონელი, მენეზი, ნიანგი, მექსე, ბერტოლაჩი, აბატე
ურთიერთშეხვედრები
სულ 20 თამაში: +4=5-11, (14-26)

ბოლონია-უდინეზე 17:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კრაფტი, დონსა - გილიერმე, ვიდმერი, მერკელი
ურთიერთშეხვედრები
სულ 30 თამაში: +9=9-12, (30-38)

ვერონა-ლაციო 17:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ფარესი, ალფრედსონი, ტონი, პაცინი - კლოზე, ბილია, დე ვრი
ურთიერთშეხვედრები
სულ 13 თამაში: +4=3-6, (25-30)

სასუოლო-კიევო 17:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ანტეი - რადოვანოვიჩი
ურთიერთშეხვედრები
სულ 5 თამაში: +2=1-2, (2-3)

ტორინო-პალერმო 17:00
დისკვალიფიკაცია: რიგონი (პალერმო)
ტრავმა: ფარნერუდი, მაკსიმოვიჩი, გაცი, აველარი - ბოლცონი, მორგანელა
ურთიერთშეხვედრები
სულ 12 თამაში: +3=6-3, (12-13)

ინტერი-ფიორენტინა 22:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დოდო, მირანდა, ჟუანი - ბაკიჩი
ურთიერთშეხვედრები
სულ 40 თამაში: +22=9-9, (61-47)

ორშაბათი. 28 სექტემბერი
ფროზინონე-ემპოლი 21:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კარლინი, გუჩერი - მჭედლიძე, კოშიჩი
ურთიერთშეხვედრები
სულ 6 თამაში: +1=1-4, (7-10)

ატალანტა-სამპდორია 23:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ესტიგარიბია, ბრივიო, ტოლოი - კოდა, დე სილვესტრი, კასანი
ურთიერთშეხვედრები
სულ 27 თამაში: +10=3-14, (36-41)

ბომბარდირები: 6 - მარტინს ედერი (სამპდორია); 4 - გონსალო იგუაინი (ნაპოლი), ფაბიო კვალიარელა (ტორინო); 3 - რიკარდო საპონარა (ემპოლი), ანტონიო ფლორო ფლორესი (სასუოლო), დანიელე ბაზელი (ტორინო), სტევან იოვეტიჩი (ინტერი), ალბერტო პალოსკი (კიევო), კარლოს ბაკა (მილანი), ოსკარ ჰილემარკი (პალერმო)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული