"მილანი": ვინ არის დამნაშავე?

AutoSharing Option
"მილანმა" იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში "ნაპოლისთან" საშინაო მატჩი წააგო. წაგებაცაა და წაგებაც - "როსონერი" 0:4 განადგურდა. "ნაპოლი" კარგი გუნდია. მას ჰყავს იტალიური მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო შემადგენლობა, მაგრამ "მილანი" ასე არავისთან უნდა აგებდეს, მათ შორის, არც "რეალთან" და "ბარსელონასთან".

ოდინდელი გრანდის ბანაკში უკვე ეძებენ დამნაშავეს. დიდი ალბათობით, განტევების ვაცად ყველა გუნდის სერბ მთავარ მწვრთნელს, სინიშა მიხაილოვიჩს მიიჩნევს, ვინც იტალიურ კლუბში სეზონის დასაწყისში მივიდა, მაგრამ საქმე მთლად ასეც არ უნდა იყოს. ჩვენს წერილში შევეცდებით, გავაანალიზოთ "მილანის" წარუმატებლობის მიზეზები.

ვარსკვლავების ნაკლებობა
სეზონის წინ ითქვა,
რომ "როსონერი" ახალ ცხოვრებას იწყებდა, ახალი, ვარსკვლავური სტატუსის ფეხბურთელებით. რეალურად რომ შევხედოთ, ასეთი მხოლოდ ორი მივიდა გუნდში - დონეცკის "შახტარის" ექსფორვარდი ლუის ადრიანო და "სევილიას" ყოფილი შემტევი კარლოს ბაკა.

მივიდა მარიო ბალოტელიც. უფრო ზუსტნი თუ ვიქნებით, ის "სან სიროზე" "ლივერპულში" გატარებული საშინელი პერიოდის შემდეგ დაბრუნდა. რა თქმა უნდა, ბალოტელი ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ მისი ბოლოდროინდელი სტატუსიდან გამომდინარე, მას ვარსკვლავს ვეღარ ვუწოდებთ.

გუნდში არიან ფეხბურთელები, რომელთა სტატუსიც ახლოსაა ვარსკვლავურთან, მაგრამ მხოლოდ ახლოსაა და მეტი არაფერი - ჟერემი მენეზის, ნაიჯელ დე იონგის და დიეგო ლოპესის საუკეთესო წლები მათ ზურგს უკანაა.

კითხვის ნიშნები
"მილანის" დღევანდელ შემადგენლობას თუ თვალს გადავავლებთ, არაერთ ისეთ მოთამაშეს აღმოვაჩენთ, რომელიც სუპერკლუბის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. არადა, ისინი რეგულარულად ჩნდებიან "როსონერის" ძირითად შემადგენლობაში.

აღარც კი ვიცით, რომელი ერთი ჩამოვთვალოთ - ბერტოლაჩი თუ ბონავენტურა, ელი თუ კუჩკა, საპატა თუ მექსე... შემადგენლობა ფეხბურთში ძალიან ბევრს განსაზღვრავს და რაღა "მილანი" იქნება გამონაკლისი?!

სხვათა შორის, შემადგენლობასთან დაკავშირებით კლუბის გულშემტკივრებმა არაერთხელ გამოთქვეს უკმაყოფილება. ისინი მოუწოდებენ ხელმძღვანელობას, მეტი ბალანსი იპოვონ და ყველა სათამაშო რგოლი ერთნაირად გააძლიერონ.

მართალიცაა - როცა თავდასხმას აძლიერებ, უნდა იცოდე, რომ შემტევებამდე ბურთის მიტანაა საჭირო. ყველაფერი კი საიმედო დაცვიდან იწყება, რომლის გარეშეც დღეს ხელშესახებ წარმატებას ვერ მიაღწევ.

მენტალიტეტი
არის თუ არა დღეს "მილანი" გრანდი? ამ კითხვას არსებობის უფლება აქვს, რადგან ბოლო პერიოდში "როსონერი" ვერაფერს აღწევს. ალბათ, წლების წინ ვერავინ წარმოიდგენდა ისეთ სურათს, რომელიც დღეს გვაქვს - იტალიის ჩემპიონატი კარგა ხანია, დაიწყო და "როსონერი" სატურნირო ცხრილში მეცამეტე ადგილზეა. რა თქმა უნდა, ეს დაუშვებელია.

სხვა საქმეა გუნდის მიერ ნაჩვენები თამაშის ხარისხი. ის ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და კიდევ უფრო დამთრგუნველია. ამ გუნდის გარჯას საერთო არაფერი აქვს გრანდის თამაშთან. უკვე კარგა ხანია, რაც ჩვენ არ გვინახავს პირველ ნომრად მოთამაშე "მილანი". მით უმეტეს, ძლიერ გუნდებთან.

ეს ტენდენცია კიდევ უფრო საკვირველია იტალიის ჩემპიონატის დასუსტების ფონზე. საიდუმლო აღარავისთვისაა - "კალჩო" ისეთი ძლიერი ვეღარ არის, როგორიც ადრე იყო.

რა ქნას მიხაილოვიჩმა?
რა უნდა ქნას შექმნილ სიტუაციაში გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, სინიშა მიხაილოვიჩმა?

ფაქტია, "მილანისგან" გრანდის შედეგებს ითხოვენ მაშინ, როცა ამ გუნდის შემადგენლობა, რესურსი ამ მოთხოვნის არანაირ საფუძველს არ იძლევა.

მოთმინება და თავდადებული მუშაობა - ეს ორი ცნება სერბი მწვრთნელის მთავარი მოკავშირე უნდა იყოს.

რაც მთავარია, მას მუშაობა უნდა აცადონ. გავითვალისწინოთ, რომ მიხაილოვიჩს აქამდე არასოდეს გაუწვრთნია გრანდი ან მოგრანდო კლუბი. ეს მისი პირველი სეზონია "მილანში" და სინიშას დრო სჭირდება.

გამოსავალი
ბოლოს და ბოლოს, "მილანის" ხელმძღვანელობა უნდა მიხვდეს, რომ საქმეს მხოლოდ კვალიფიციური ფეხბურთელების ყიდვა უშველის და არა მწვრთნელების ცხვირსახოცებივით ცვლა.

ვერც ერთი მწვრთნელი ვერაფერს იზამს, თუ მისი ჩანაფიქრი კვალიფიციურმა მოთამაშემ არ განახორციელა. საერთოდ, ისტორიას თუ გადავხედავთ, "მილანი" ის კლუბია, სადაც უამრავ ვარსკვლავს უთამაშია.

წესით, ზამთარში გუნდის გაძლიერებისაკენ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას. ამ ეტაპზე კი საქმეს სინიშა მიხაილოვიჩის გათავისუფლება ნამდვილად ვერ უშველის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მართლაც რა ქნას მწვრთნელმა. გალიანი წადი!
0
პირველ რიგში დიდი მადლობა ავტორს ნამდვილად კარგი სტატიაა, ახლა მილანზე ორი სიტყვით, გუნდს რომლის თამაშსაც მონტოლივო და დეიონგი მართავს რაუნდა მოსთხოვო მითხარით, გასაგებია რო კარგი ფეხბურთელია მონტოლივო მარა არა მილანისთვის , ატალანტა ვერონა კიევო ზედგამოჭრილია მისთვის, ზაპატა კი საერთოდ ცალკე თემაა იმდენ შეცდომას უშვებს საერთოდ გასაგდებია გუნდიდან , არც რომანიოლიზე და ელიზე უნდა ატეხილიყო ასეთი ამბავი, სუსტია ორივე, ბაკა ძლიერი ფორვარდია მარა პასის მიმცემი არ ყავს, მთელი ცხოვრება მილანს ვქომაგობ და მე ასეთი რამ არ მახსოვს ეს რა უბედურებაა
paolo
20:17 07-10-2015
0

სიახლეები პოპულარული