სერია A: "იუვე" სკუდეტოს ვეღარ მოიგებს?

AutoSharing Option
დიდი იტალიური დერბი უგოლოდ დასრულდა და ვერც იმას დავიჩემებთ, რომ გუნდებმა სპექტაკლი დადგეს მინდორზე. თუმცა ეს იყო ნამდვილი იტალიური ჯახი, ტაქტიკური ჭიდილით, ბევრი ბრძოლით და ინტრიგით ბოლო წუთამდე.

ეს იყო მატჩი, რომლის ბედი ერთ გოლს უნდა გადაეწყვიტა, მაგრამ ის ერთი გოლი არ გავიდა. მიზანთან ყველაზე ახლოს სამი ხედირა იყო, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან მიზანს ვერ უწია. ამ მატჩის მიმართ იტალიურ საფეხბურთო სამყაროში ემოციები არ განელებულა, დანარჩენზე კი ქვემოთ...

"ინტერი"
თავიდანვე აღვნიშნოთ, რომ თამაშის დიდი ნაწილი "იუვენტუსის" კარნახით წარიმართა და თუ ვინმეს
უნდა მოეგო ეს შეხვედრა, სწორედ ტურინული გრანდი იყო. შესაბამისად, იტალიურ მედიაში "ინტერს" კრიტიკა არ დაჰკლებია და მით უმეტეს, მილანელებმა მიჯრით მესამე შეხვედრაში დაკარგეს ქულები. დიახ, სტარტზე მოპოვებული 5 გამარჯვების შემდეგ 3 მატჩში "ინტერმა" ოდენ 2 ქულა აიღო.

რობერტო მანჩინიმ მისთვის უჩვეულო ტაქტიკა აირჩია და გუნდი 4-4-2 სქემით გაიყვანა მინდორზე. შეტევის წინა ხაზზე სტევან იოვეტიჩი და მაურო იკარდი ვიხილეთ, ივან პერიშიჩი კი ამჯერად ნახევარდაცვის ფლანგზე ასპარეზობდა. თუმცა იყო პერიოდი, როდესაც მანჩინიმ უფრო 4-2-3-1 სქემაზე გადააწყო გუნდი, რასაც თამაშში დიდი ცვლილებები არ შეუტანია.

საგულისხმოა, რომ საყრდენ ხაზს გარი მედელი და ფელიპე მელო ამაგრებდნენ, ჟოფრეი კონდოგბია და ფრედი გუარინი კი ამჯერად თადარიგში დარჩნენ. მოკლედ, მანჩინი განაგრძობს როტაციას და, თითქოს, ოპტიმალურ თერთმეტეულს ეძებს. თუმცა სეზონი გრძელია და როტაციის მოყვარული მწვრთნელები ჩემპიონატის ბოლომდე არ ცვლიან სტრატეგიას.

როგორც აღვნიშნეთ, მეორე ტაიმი "იუვეს" უპირატესობით წარიმართა, იტალიელი სპორტული ჟურნალისტები კი თვლიან, რომ მანჩინიმ ცვლილებები დააგვიანა. საერთოდ აუხსნელია, თუ რატომ ჩაერთვნენ თამაშში ჟოფრეი კონდოგბია და როდრიგო პალასიო 90-ე წუთზე და რისი შეცვლა შეეძლოთ მათ დარჩენილ 3 წუთში?

- მოკლედ, მანჩინის გადაწყვეტილებებმა კითხვის ნიშნები დატოვა, თავად მწვრთნელი კი კმაყოფილია, როგორც შეგირდების თამაშით, ისე სატურნირო ცხრილში გუნდის მდგომარეობით:

"რთული მატჩი იყო, რომელშიც ცოტა საგოლე მომენტი შეიქმნა და შესაბამისად, ერთ შეცდომას შეიძლებოდა თამაშის ბედი გადაეწყვიტა. იყო მომენტები, როდესაც კარგად ვირჯებოდით, მაგრამ მეორე ნახევარში ინიციატივა მეტოქის ხელში გადავიდა. და მაინც, მთლიანობაში, ფრე ლოგიკური შედეგია. სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე ვართ და ლიდერს მხოლოდ ერთი ქულით ჩამოვრჩებით, რაც კარგი შედეგია".

"იუვენტუსი"
რობერტო მანჩინის მსგავსად, მასიმილიანო ალეგრიმაც ისეთი ტაქტიკა შეარჩია, რომელსაც იშვიათად იყენებს. "იუვენტუსი" 4-3-3 სქემით დაუპირისპირდა "ინტერს", შეტევის წინა ხაზზე კი ხუან კუადრადო, ალვარო მორატა და სიმონე ძაძა ვიხილეთ. თუმცა, კუადრადო აქტიურად ეხმარებოდა ნახევარდაცვას და ხშირად იწევდა უკან.

სიახლე იყო ანდრეა ბარძალის დაცვის მარჯვენა ფრთაზე დაყენება და ისიც ვთქვათ, რომ გამოცდილმა მცველმა, პრაქტიკულად, უშეცდომოთ იასპარეზა და კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მეორე ტაიმის შუაწელს ალეგრიმ მორატა და ძაძა მოხსნა თამაშიდან, "ინტერის" დაღლილ მცველებზე დასვენებული პაულო დიბალა და მარიო მანჯუკიჩი მიუშვა, თუმცა შედეგი ამან არ მოიტანა.

"იუვენტუსის" თამაშში იგრძნობა რესურსი და, თითქოს, ცხადზე უცხადესია, რომ ამ გუნდმა უნდა მოუმატოს და თვით საჩემპიონო ბრძოლაში ჩაებას - მეორე მხრივ, დრო მიდის და რეალობა არ იცვლება; ტურინული გრანდი სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა, რაც მართლაც უჩვეულო და უცნაური ამბავია. მატჩის შემდეგ ალეგრიმ ოპტიმისტური განცხადება გააკეთა:

"თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ფეხბურთელები ორი დღის წინ დაბრუნდნენ სანაკრებო შეკრებებიდან, გუნდმა კარგი თამაში აჩვენა. ბევრ კომპონენტში ვაჯობეთ მეტოქეს, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა სამი ქულის მოსაპოვებლად.

რა დაგვაკლდა? - ის ძალა და ენერგეტიკა შეტევაში, რომლითაც მაგალითად, ბარძალი დაცვაში თამაშობდა. საერთოდ, ცოტას ვიტანთ და ამ კომპონენტში აუცილებლად უნდა მოვუმატოთ. სიმონე ძაძამ კარგად წარმოაჩინა თავი, ბევრი იბრძოლა და დაამტკიცა, რომ "იუვენტუსის" დონის ფეხბურთელია. მთლიანობაში, გუნდმა კარგად ითამაშა, თუმცა სამუშაოც ბევრი რომ გვაქვს, ეს ფაქტია.

ვერ გეტყვით, მოვიპოვებთ თუ არა სკუდეტოს, მაგრამ საჩემპიონო რბოლაში რომ ჩავერთვებით, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული".

საჩემპიონო ინტრიგა
სერია A-ს მიმდინარე გათამაშება ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს და მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონატი ახალი დაწყებულია, უკვე აქტიურად განიხილება სასკუდეტო ინტრიგა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ფავორიტი გამოკვეთილი არაა და პროგნოზების კეთება, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

"იუვენტუსი" ერთ-ერთ ფავორიტად რჩება, მაგრამ ეს გუნდი მე-14 ადგილზეა. საგულისხმოა, მე-13 პოზიციაზე იმყოფება "მილანი" და ამ გუნდების ცხრილის ქვედა ნაწილში მხარდამხარ ყოფნა მართლაც უჩვეულო სანახავია. თუმცა, "მილანისგან" განსხვავებით, "იუვეს" აშკარად აქვს იმის რესურსი, რომ დაკარგული აინაზღაუროს და პირველობისთვის ბრძოლაში ჩაებას.

"რომა", "ინტერი" და "ნაპოლი" - "იუვენტუსთან" ერთად, სკუდეტოს მოპოვების პრეტენდენტებად სწორედ ეს გუნდები განიხილებიან. ქვემოთ სამ საინტერესო კომენტარს გავეცნოთ, იქამდე კი შეგახსენებთ, რომ ცხრილს არც მილანური, არც რომაული და არც ტურინული გუნდი უდგას სათავეში – ჯერჯერობით, პირველ ადგილზე "ფიორენტინაა"...

მასიმო მორატი ("ინტერის" საპატიო პრეზიდენტი): "რობერტო მანჩინის გვერდში უნდა დავუდგეთ, რადგან მას შეუძლია, რომ გუნდი სკუდეტომდე მიიყვანოს. ეს ურთულესი იქნება, მაგრამ ამის რესურსს ვხედავ. თუმცა დღეს ჩემპიონობაზე ფიქრი ნაადრევია და მთავარია, რომ თამაშიდან თამაშამდე მოვუმატოთ. ვის მივიჩნევ სკუდეტოსთვის ბრძოლაში მთავარ კონკურენტად? - "ნაპოლის", რომელიც საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს".

ბრუნო კონტი ("რომას" ყოფილი ფეხბურთელი): "მჯერა, რომ "რომას" გაჩემპიონება რეალურია, რადგან გუნდი მომწიფდა დიდი გამარჯვებისთვის. ზაფხულში ძალიან ძლიერი ფეხბურთელები დაგვემატნენ, რაც პროგრესის უმთავრესი წინაპირობაა. კონკურენტი? - "იუვენტუსი", რადგან ამ გუნდს სისხლში აქვს გამარჯვება და დარწმუნებული ვარ, რომ მალე დაძლევს ჩავარდნას".

გონსალო იგუაინი ("ნაპოლის" თავდამსხმელი): "შესანიშნავად ვასპარეზობთ და მთავარია, რომ ტემპი არ დავაგდოთ. ბევრი მიგვიჩნევს სკუდეტოს მოპოვების უმთავრეს პრეტენდენტად, რაც ნამდვილად არ მიკვირს. თუმცა სეზონი გრძელია და კიდევ ბევრჯერ შეიცვლება ვითარება. კონკურენტი საჩემპიონო რბოლაში? - დარწმუნებული ვარ, რომ "იუვენტუსი" ვეღარ მოიგებს სკუდეტოს, ჩვენი უმთავრესი კონკურენტი კი "ინტერია", რომელიც ზაფხულში ძალიან გაძლიერდა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული