ტურინის "იუვენტუსი" ხუან კუადრადოს გამოისყიდის

AutoSharing Option
გასულ ზაფხულს, "იუვენტუსმა" "ჩელსიდან" იჯარის წესით ხუან კუადრადო დაიმატა და მისი გამოსყიდვის უპირატესი უფლებაც მიიღო.

განისაზღვრა გამოსასყიდი თანხაც, რომელიც 16 მილიონ გირვანქას შეადგენს. საიჯარო ხელშეკრულება ზაფხულამდეა ძალაში, თუმცა იტალიურ სპორტულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურინელები 27 წლის კოლუმბიელის გამოსყიდვას ზამთარშივე აპირებენ.

კუადრადო "იუვეს" კარგად მოერგო და მეტწილად, ძირითად შემადგენლობაში ასპარეზობს. მასიმილიანო ალეგრი კოლუმბიელს მარჯვენა ფრთაზე ათამაშებს და თანაბრად ეფექტურად იყენებს, როგორც 3-5-2, ისე 4-3-3 ტაქტიკის შემთხვევაში.

ყველაზე ნაკლებად კუადრადო 4-4-2 სქემას ერგება, თუმცა ეს სულაც არ უშლის ხელს ალეგრის იმისთვის,
რომ ფეხბურთელის გამოსყიდვა მოითხოვოს. სენიორ მასიმილიანომ კუადრადო ქებით ცაში აიყვანა და შემდეგი განაცხადა:

"სანაკრებო პაუზის შემდეგ ერთადერთი სამხრეთამერიკელი, რომელიც ძირითად შემადგენლობაში დავაყენე, სწორედ ხუან კუადრადო გახლდათ და თანაც "ინტერთან" შეხვედრაში, რადგან მას იშვიათი ფიზიკური მონაცემები აქვს. დაუღალავია, თანამედროვე ფეხბურთში კი ეს ძვირად ფასობს.

აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ შესანიშნავი ტექნიკური არსენალი აქვს და გუნდისთვის დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია. ვაპირებთ თუ არა მის გამოსყიდვას ზაფხულში? - ჩემი ინფორმაციით, შესაბამისი დოკუმენტები უკვე მზადდება და კუადრადო სრულფასოვანი "იუვენტინო" უკვე ზამთარში გახდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული