ბოიკოტი რომაულ დერბის და მხარდაჭერა ვალენტინო როსის

AutoSharing Option
იტალიურ სპორტულ მედიაში ყველაზე აქტიურად ორი თემა განიხილება: რომაული დერბი და ვალენტინო როსის რბოლა ვალენსიაში, სადაც სახელოვანმა იტალიელმა მოტომრბოლელმა საჩემპიონო ტიტული დათმო, მიზეზი კი მისი დაჯარიმებაა, რის გამოც გადამწყვეტი რბოლა ბოლო პოზიციიდან დაიწყო.

ეს თემა იმდენად აქტუალურია, რომ საფეხბურთო სამყაროშიც შემოიჭრა და იტალიის სხვადასხვა სტადიონზე ტიფოზებმა როსის მხარდამჭერი ბანერები გამოფინეს.

ჯერ კიდევ გასულ კვირას, ნეაპოლში როსის გრანდიოზული ბანერი მიუძღვნეს, ამჯერად კი ვალენტინოს ტურინში, გენუასა და რომშიც დაუჭირეს მხარი - საგულისხმოა, რომ როსის მხარდამჭერი ბანერი ერთ-ერთ იმ სექტორზე იყო გაშლილი, სადაც
წესით, "რომას" ულტრასები უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ ბოიკოტის გამო ტრიბუნა ცარიელი იყო.

დიახ, "რომას" და "ლაციოს" ულტრასები მატჩს პროტესტის ნიშნად არ დაესწრნენ, მიზეზი კი ბოლო წლებში უსაფრთხოების ნორმების ზედმეტად გამკაცრებაა, რის გამოც საყვარელი გუნდის გემრიელად გულშემატკივრობის საშუალება არ ეძლევათ.

მატჩის შემდეგ ფეხბურთელები ამ თემასაც შეეხნენ და დროა, სიტყვა მათ გადავცეთ, თამაში კი, თუ ჯერ კიდევ არ იცით, "რომას" გამარჯვებით დასრულდა - 2:0.

აქვე აღვნიშნოთ, რომ პირველი გოლი ედინ ჯეკომ მსაჯის მიერ შეცდომით დანიშნული თერთმეტმეტრიანით გაიტანა - თამაშის წესი საჯარიმოს გარეთ დაირღვა და არბიტრს ჯარიმა უნდა დაენიშნა, თუმცა ხელი თერთმეტმეტრიანი ნიშნულისკენ გაიშვირა.

რუდი გარსია ("რომას" მწვრთნელი): "ბრწყინვალე მატჩი იყო, რომელიც საბედნიეროდ, ჩვენი გამარჯვებით დასრულდა. კმაყოფილი ვარ შეგირდების თამაშით, რადგან მათ თითქმის ყველა ჩემი დავალება შეასრულეს. ვაკონტროლებდით თამაშს და დამსახურებულად გავიმარჯვეთ.

პენალტი? - ეს მილიმეტრების საქმეა, რომლის დათვლაც ჩემი პრეროგატივა არაა. ვილაპარაკოთ თამაშზე, რომელშიც მეტოქეს აშკარად ვაჯობეთ. დასანანია, რომ ულტრასები არ იყვნენ და ტრიბუნები არ შეივსო - რომაულ დერბის ცარიელი სკამები არ უხდება".

სტეფანო პიოლი ("ლაციოს" მწვრთნელი): "მსაჯებზე ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ როდესაც ასეთ შეცდომასთან გვაქვს საქმე, რთულია, რომ გვერდი აუარო. თერთმეტმეტრიანი არ იყო და საწყენია, რომ არბიტრმა მეტიქეს გოლი აჩუქა. ვეცადეთ, რომ დაკარგული აგვენაზღაურებინა, მაგრამ მეტოქე კარგად ირჯებოდა და თავისუფალ სივრცეებს, ფაქტობრივად, არ ტოვებდა. ჩვენი მიზანი გამარჯვება იყო, მაგრამ დროს უკან ვეღარ დავაბრუნებთ და მომდევნო შეხვედრაზე უნდა ვიფიქროთ".

ალესანდრო ფლორენცი (რომა): "რადგან გულშემატკივრებმა თამაშს ბოიკოტი გამოუცხადეს, ე.ი. ჰქონდათ ამის საბაბი და იტალიური ფეხბურთის მესვეურებს მათი მოსმენა მართებთ. არის პრობლემები, რომლებსაც მოგვარება სჭირდება, რადგან ჩვენ ფეხბურთს გულშემატკივრებისთვის ვთამაშობთ. შესანიშნავი მატჩი იყო, რომელსაც სავსე ტრიბუნები აკლდა".

ანტონიო კანდრევა (ლაციო): "დასანანი მარცხი ვიწვნიეთ და მნიშვნელოვნად გავირთულეთ სატურნირო ვითარება, თუმცა წინ კიდევ უამრავი ტურია და უნდა ვეცადოთ, რომ ლიდერთა მარაქაში დავბრუნდეთ. "ლაციოს" მეტი შეუძლია და ვპირდები გულშემატკივრებს, რომ ჩავარდნას მალე დავძლევთ. თერთმეტმეტრიანის დროს მსაჯი აშკარად შეცდა, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ მეტოქემ უკეთესად ითამაშა და გამარჯვება დაიმსახურა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული