ავტორიტეტული წყარო Il Messaggero ამ თემაზე საინტერესო ანალიტიკურ მასალას გვთავაზობს, რომელიც იტალიური ფეხბურთის მოყვარულებს აუცილებლად დააინტერესებთ...
14 ფეხბურთელი უკვე შერჩეულია
თუ იტალიელ ჟურნალისტებს დავუჯერებთ, ის ბირთვი, რომელზეც ანტონიო კონტე საუბრობდა, უკვე შერჩეულია. ლაპარაკია 14 ფეხბურთელზე, რომლებიც აუცილებლად ითამაშებენ ევროპის ჩემპიონატზე. მოდით, გავეცნოთ ამ 14-კაციან სიას: მეკარეები: ჯანლუიჯი ბუფონი (იუვენტუსი), მატია პერინი (ჯენოა)
მცველები: მატეო დარმიანი (მან. იუნაიტედი, ინგლისი), მატია დე
ნახევარმცველები: ალესანდრო ფლორენცი (რომა), ანტონიო კანდრევა (ლაციო), მარკო პაროლო (ლაციო), კლაუდიო მარკიზიო (იუვენტუსი), მარკო ვერატი (პსჟ, საფრანგეთი)
თავდამსხმელები: მარტინს ედერი (სამპდორია), გრაციანო პელე (საუთჰემპტონი, ინგლისი).
დაცვა
ანტონიო კონტე დაცვის მარჯვენა ფრთაზე მატეო დარმიანს მოიაზრებს, მარცხნივ მატია დე შილიოს, ცენტრში კი ლეონარდო ბონუჩის და ჯორჯო კიელინის. ცენტრალურ მცველთა ტანდემის მთავარი ალტერნატივა ანდრეა ბარძალია, თუმცა 3-5-2 ტაქტიკის შემთხვევაში, სამივე ძირითად შემადგენლობაში იქნება. თუმცა, 23-კაციან განაცხადში 8 მცველი უნდა მოვიაზროთ, რაც იმას ნიშნავს, რომ კონტეს კიდევ 3 უკანახაზელი ჰყავს შესარჩევი. ბუნებრივია, ამ სამი მცველიდან ერთი მარჯვენა ფრთას დააზღვევს, მეორე - მარცხენას და მესამე - ცენტრს.
ბოლო სანაკრებო შეკრებაზე კონტემ მატეო დარმიანის ალტერნატივად ლორენცო დე სილვესტრი გამოიძახა, რომელიც "სამპდორიას" მარჯვენა ფლანგზე შეუცვლელია და მაღალ დონეზე ასპარეზობს.
დე სილვესტრი საფრანგეთში გამგზავრების ერთ-ერთი რეალური კანდიდატია, თუმცა არც სხვები უნდა დავივიწყოთ - მაგალითად, ინაციო აბატე "მილანიდან" და დავიდე სანტონი "ინტერიდან". არჩევანი სწორედ ამ სამ ფეხბურთელს შორის გაკეთდება, ამ გადასახედიდან კი ყველაზე კარგი შანსი სწორედ დე სილვესტრის აქვს.
დაცვის მარცხენა ფრთაზე უფრო დიდი კონკურენციაა, რადგან მატია დე შილიოს კიდევ უფრო მეტი კონკურენტი ჰყავს - მაგალითად, ლუკა ანტონელი "მილანიდან", მანუელ პასკუალი "ფიორენტინადან", დომენიკო კრიშიტო "ზენიტიდან", ემილიანო მორეტი "ტორინოდან"...
ჯერჯერობით, კონტე უფრო ანტონელის სწყალობს, თუმცა პერიოდულად, პასკუალსაც იძახებს და მისი შანსებიც საკმაოდ ძვირად ფასობს.
ვინ იქნება მეოთხე ცენტრალური მცველი? - ანდრეა რანოკია, დავიდე ასტორი თუ ფრანჩესკო აჩერბი? - ამ უკანასკნელს მცირე შანსი აქვს, არჩევანი კი, ალბათ, ასტორისა და რანოკიას შორის გაკეთდება. ბოლო დროს კონტე უფრო ასტორის სწყალობს, თუმცა სეზონის ბოლომდე შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს.
ნახევარდაცვა
ანტონიო კონტემ ბოლო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ანდრეა პირლოს ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრება კითხვის ნიშნის ქვეშაა, რადგან ამერიკაში სეზონი მარტში განახლდება, იქამდე კი ვეტერანმა შესაძლოა, ფორმა დაკარგოს. ბოლო ხანს, კონტე არც დანიელე დე როსის სწყალობს, რომელიც იმ 5 ფეხბურთელში ვერ მოხვდა, რომლებსაც 23-კაციან განაცხადში დაბევებული აქვთ ადგილი. კონტეს საბოლოო განაცხადში, სავარაუდოდ, 7 ნახევარმცველი იქნება და გამოდის, რომ თუ კონტემ პირლოც წაიყვანა და დე როსიც, ლიმიტი ამოიწურება. შედეგად, კონტინენტის პირველობის მიღმა დარჩებიან ჯაკომო ბონავენტურა, რიკარდო მონტოლივო, ანდრეა ბერტოლაჩი, რობერტო სორიანო, ანდრეა პოლი, ტიაგო მოტა, ფრანკო ვასკესი, ემანუელე ჯაკერინი და სხვები...
მოვლენათა ამგვარი განვითარების ალბათობა საკმაოდ მაღალია, რადგან პირლოსა და დე როსის გარეშე ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრება მაინც ნაკლებად მოსალოდნელია.
თავდამსხმელები
დიდი ალბათობით, თავდასხმაში კონტეს 5 ფეხბურთელი ეყოლება, აქედან 2 კი, იტალიელი სპორტული ჟურნალისტების მტკიცებით, უკვე შერჩეულია: მარტინს ედერი და გრაციანო პელე. დარჩენილ ადგილებზე ძალიან დიდი კონკურენციაა და შეგვიძლია, უბრალოდ, ჩამოვთვალოთ კანდიდატები: სტეფან ელ შაარავი, ალესიო ჩერჩი, ლორენცო ინსინიე, ალბერტო ჯილარდინო, სტეფანო ოკაკა, ჩირო იმობილე, მანოლო გაბიადინი, სიმონე ძაძა, მარიო ბალოტელი, ფაბიო კვალიარელა, სებასტიან ჯოვინკო, დომენიკო ბერარდი.
სეზონის ბოლომდე ამ ფეხბურთელებს თავისუფლად შეიძლება დაემატონ მატია დესტრო, ნიკოლა სანსონე, ჯუზეპე როსი, ალესანდრო მატრი და სხვები...
ჩამოთვლილი ფეხბურთელებიდან სხვებზე მეტი შანსი აქვთ სიმონე ძაძას და სტეფან ელ შაარავის, რომლებსაც კონტე ენდობა და მუდმივად იძახებს, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.
მართალია, დღეს იტალიელებს აღარ ჰყავთ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც ალესანდრო დელ პიერო, რობერტო ბაჯო, კრისტიან ვიერი და ფილიპო ინძაგი იყვნენ, მაგრამ ფაქტია, რომ კონტეს დიდი არჩევანი აქვს და 23-კაციანი განაცხადის შედგენისას დიდი თავსატეხი დაადგება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"