მარკო მატერაცი: რაფაელ ბენიტესს ვერაფერი გავუგე

AutoSharing Option
"ინტერის" და იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი მარკო მატერაცი "რაი სპორტს" ესტუმრა და აქტუალურ თემებზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

ბუნებრივია, მატერაციმ ყურადღება სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაზე გაამახვილა, "ინტერის" შანსები შეაფასა და შემდეგ რაფაელ ბენიტესს გადასწვდა...

სერია A
ვფიქრობ, ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ჩემპიონატს ვადევნებთ თვალს, რადგან სატურნირო ცხრილში გუნდები მჭიდროდ არიან განლაგებულნი და ყველა პოზიციისთვის დიდი ბრძოლაა გაჩაღებული. რაც მთავარია, სკუდეტოსთვის ბრძოლაში გამოკვეთილ ფავორიტს ვერ ვხედავთ და ეს ტურნირისადმი ინტერესს ერთიორად ზრდის.

ვის მივიჩნევ ფავორიტად? - დიდი სურვილი მაქვს, რომ "ინტერმა" გაიმარჯვოს, თუმცა არანაკლებ
კარგი შანსი აქვს "ნაპოლის". მხოლოდ შემდეგ დავასახელებდი "რომას", "ფიორენტინას" და "იუვენტუსს", რადგან ამ გუნდებს სტაბილურობა არ ჰყოფნით. თუმცა, ჩემპიონატის ბოლომდე ძალიან დიდი დროა და კიდევ ბევრჯერ შეიძლება შეიცვალოს ვითარება.

ინტერი
სიმართლე გითხრათ, რობერტო მანჩინის გუნდი იმ "ინტერს" მაგონებს, რომელმაც ჟოზე მოურინოს დროს ყველაფერი მოიგო. თუმცა, ჯერ მხოლოდ მაგონებს, რადგან ცალსახაა, რომ მაშინდელი გუნდი გაცილებით ძლიერი იყო.

მთავარია, რომ მანჩინიმ ასე გააგრძელოს და ვფიქრობ, ორ-სამ წელიწადში "ინტერი" ევროპული საკლუბო ფეხბურთის ელიტას დაუბრუნდება. კარგად ვიცნობ რობერტოს და ვიცი, რომ თუ მას დროს მისცემენ, აუცილებლად გაამართლებს. მანჩინი გამარჯვებული მენტალიტეტის მქონე სპეციალისტია, ყველგან იგებდა და ასე იქნება "ინტერშიც".

ბენიტესი
როგორც უკვე აღვნიშნე, "ინტერის" მთავარი კონკურენტი "ნაპოლია", რადგან წინა წლებისგან განსხვავებით, ამ გუნდს უკვე ჰყავს მწვრთნელი. მაურიციო სარი შესანიშნავი ტაქტიკოსია და, როგორც მსმენია, კიდევ უკეთესი ადამიანი.

სწორედ სარის დამსახურებაა ის, რომ ნეაპოლელები ასე კარგად ასპარეზობენ და ვფიქრობ, კიდევ მოუმატებენ. რაც შეეხება რაფაელ ბენიტესს, ჟოზე მოურინიოს შემდეგ მასთან მუშაობა ძალიან რთული იყო. ამ კაცს ვერაფერი გავუგე და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფეხბურთში საერთოდ ვერ ერკვევა.

ამიტომ, როდესაც კრიშტიანო რონალდომ კლუბის მესვეურებს ულტიმატუმი წაუყენა და ბენიტესის წასვლა ისურვა, სულაც არ გამკვირვებია. ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რატომ უნდა გაათავისუფლო პოსტიდან კარლო ანჩელოტი და დანიშნო რაფაელ ბენიტესი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული