"ჯალოროსი" მთელი სეზონია, არასტაბილურად ასპარეზობს, რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის დაშავების შემდეგ კი ორი უსახური მატჩი გამართა. თუმცა, მოჰამედ სალაჰის და ჟერვინიოს არყოფნით ეს ჩავარდნა ვერ გამართლდება და, როგორც იტალიელი სპორტული ჟურნალისტები წერენ, დიდია შანსი, უახლოეს დღეებში რუდი გარსია დაკავებული პოსტიდან გაათავისუფლონ.
როგორც "გაძეტა დელო სპორტის" ანალიტიკოსი წერს, საქმე არა იმდენად ბოლო ორ მარცხში, რამდენადაც
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "რომას" 5 შეხვედრაში 16 გოლი აქვს გაშვებული, რაც მართლაც კატასტროფული შედეგია. ანუ "ჯალოროსი" საშუალოდ თამაშში 3 გოლზე მეტს უშვებს, ამას კი მოხერხება უნდა.
ანალოგიური ვითარებაა სერია A-ში, სადაც "რომამ" უკვე 17 გოლი გაუშვა და ეს მაშინ, როდესაც "ინტერის" კარი მხოლოდ 7-ჯერ დალაშქრეს, "ნაპოლის" კი 8-ჯერ (აქ ამ გუნდების წუხანდელი შეხვედრა არ არის ნაგულისხმევი).
დაცვა "რომას" მთავარი პრობლემაა და ამ თემაზე უფრო ვრცლადაც შეიძლება საუბარი - უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ "რომას" მესვეურებმა თუნდაც ერთი იტალიელი მცველი ვერ მოძებნეს, რომელსაც შანსი მიეცემოდა. პირიქით, ალესიო რომანიოლი "მილანში" გაუშვეს, ხოლო დავიდე ასტორი "ფიორენტინაში" - სამაგიეროდ, დაიტოვეს ბერძნები: მანოლასი და ტოროსიდისი; ბრაზილიელები: კასტანი, მაიკონი და ემერსონი; ინგლისელი კოული, ფრანგი დინი და გერმანელი რუდიგერი. ეს ინტერნაციონალური დაცვა საშინლად ირჯება და ჯერჯერობით, რუდი გარსიას პოლიტიკის შეცვლა არ სურს.
ეგ კი არა, გასულ სეზონში "რომას" დაცვას ჰოლებასიც "ამაგრებდა" და ერთი ხანობა, ძირითად შემადგენლობაში ერთბაშად სამი ბერძენი ირჯებოდა: ტოროსიდისი, მანოლასი და ჰოლებასი.
მათი საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ფეხბურთელები იმ ნაკრების დაცვას ამაგრებენ, ფარერების ეროვნულმა გუნდმა ორჯერ რომ ამოუვსო კარი.
რუდი გარსია მესამე წელია, რაც "რომას" უდგას სათავეში და ასე ახლოს გათავისუფლებასთან არასდროს ყოფილა. მწვრთნელი იხტიბარს არ იტეხს და პრესასთან შემდეგ კომენტარს აკეთებს:
"ძალიან ცუდი კვირა იყო და ეს ორივე მარცხი დეტალურად უნდა გავაანალიზოთ. რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი გვაკლდა და ამან ბევრი პრობლემა შეგვიქმნა, თუმცა უკეთ რომ გვმართებდა თამაში, ეს ცხადზე უცხადესია.
გასულ სეზონში "ბაიერნთან" 1:7 წავაგეთ, თუმცა არ გავტყდით და ბრძოლა გავაგრძელეთ. ხვალიდან ერთ მუშტად უნდა შევიკრათ, ერთი მიზნის ქვეშ გავერთიანდეთ და საკუთარი ძალების ვირწმუნოთ. მე მებრძოლი ვარ და ასე იოლად არ დავნებდები, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს".
ამასობაში, აქტიურად ვრცელდება ცნობები რუდი გარიას შესაძლო შემცვლელებთან დაკავშირებით, ყველაზე ხშირად კი "სასუოლოს" მწვრთნელ ეუსებიო დი ფრანჩესკოს ასახელებენ. ამ კაცმა "ნერივერდესგან" ბრძოლისუნარიანი გუნდი დააყენა, "რომაში" კი შინაურია, რადგან 1997-2001 წლებში სწორედ დედაქალაქური გუნდის ღირსებას იცავდა.
დიდი ალბათობით, დი ფრანჩესკო სიამოვნებით დათანხმდება "რომას" გაწვრთნას, თუკი ასეთი შანსი მიიღო. გაიჟღერა ლუჩანო სპალეტის გვარმაც, რომელიც 2005-09 წლებში ედგა "ჯალოროსის" სათავეში. ვინ ამოიყვანს "რომას" ორმოდან? - ეს კითხვა იტალიურ საფეხბურთო სამყაროში აქტუალურია...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"