იტალიის თასი: "მილანი" და "ტორინო" წინ მიიწევენ

AutoSharing Option
იტალიის თასის გათამაშებაში სერია A-ს გუნდებიც ჩაერთვნენ და შესაბამისად, ტურნირი უფრო საინტერესო ფაზაში შევიდა.

პლეი ოფის მე-4 ეტაპი "სპეცია"-"სალერნიტანას" მატჩმა გახსნა, რომელშიც მასპინძლებმა ორი უპასუხო გოლით იმარჯვეს. აი, შემდეგ კი საქმეში ელიტარული ლიგის გუნდები: "ტორინო" და "მილანი" ჩაერთვნენ.

"ტორინომ" "ჩეზენას" უმასპინძლა და განსაკუთრებული პრობლემების გარეშე დაამარცხა მეტოქე - 4:1. ტურინელთაგან გოლები გაცის, მორეტის, ლოპესისა და ბენასის ანგარიშზეა. ისიც ვთქვათ, რომ თუ მეკარეს არ ჩავთვლით, ჯამპიერო ვენტურამ ოპტიმალური შემადგენლობა დააყენა და ამით გვაჩვენა, რომ იტალიის თასი მისთვის მნიშვნელოვანი ტურნირია.

სხვაგვარად არც
შეიძლება იყოს, რადგან სერია A-ს უმძაფრესი კონკურენციის პირობებში, "ტორინოს" ძალიან გაუჭირდება საუკეთესო ხუთეულში მოხვედრა და შესაბამისად, ევროსაგზურის მოპოვება, იტალიის თასზე წარმატებული გამოსვლა კი მიზნის მიღწევის ალტერნატიული გზაა. ამად იყო, რომ ნამატჩევს ვენტურა ძალიან კმაყოფილი ჩანდა:

"მნიშვნელოვანი თამაში იყო, რადგან ჩვენი მიზანი იტალიის თასის მოგება და ამ გზით ევროტურნირზე მოხვედრაა.

მომდევნო ეტაპზე გამსვლელის ვინაობა ერთ მატჩში უნდა გარკვეულიყო და ამიტომ ძალების სრული მობილიზება მოვახდინეთ. კმაყოფილი ვარ შეგირდთა გარჯით, რომლებიც სწორად მიუდგნენ თამაშს და თავიანთ უპირატესობაში კითხვის ნიშანი არ დატოვეს".

"მილანმა" "კროტონეს" უმასპინძლა და მხოლოდ დამატებით დროში სძლია მეტოქეს, 3:1. ძირითადი დრო ფრედ, 1:1 მორჩა, მილანელთაგან კი ლუის ადრიანომ იხეირა. რაც შეეხება დამატებით დროს, იქ ჯაკომო ბონავენტურა და მბაიე ნიანგი გამოირჩნენ, რამაც "როსონერი" სირცხვილს გადაარჩინა.

აღსანიშნავია, რომ ჯამპიერო ვენტურასგან განსხვავებით, სინიშა მიხაილოვიჩმა შემადგენლობა მკვეთრად გადაახალისა. კარში კრისტიან აბიატი ვიხილეთ, დაცვაში კრისტიან საპატა, ფილიპ მექსე და დავიდე კალაბრია, ნახევარდაცვასა და შეტევაში კი კეისუკე ჰონდა, ანტონიო ნოჩერინო, ხოსე მაური და ხოაკინ სუსო...

ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე მათგანმა ციდან ვარსკვლავები მოწყვიტა, მაგრამ ხოსე მაურიმ შედარებით უკეთ წარმოაჩინა თავი, სხვები კი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას გაშვების აშკარა კანდიდატები არიან.

რაც შეეხება ბონავენტურას და ნიანგს, ისინი გაჭირვების ჟამს ჩაერთვნენ თამაშში და გადაწყვიტეს კიდეც მატჩის ბედი. აქვე, სინიშა მიხაილოვიჩის კომენტარს გავეცნოთ:

"რთული მატჩი იყო, რომლის ბედი დამატებით დროში გადაწყდა. ბევრი შეცდომა დავუშვით მოედნის ცენტრში, რითიც მეტოქემ ისარგებლა და საქმე გვარიანად გაგვირთულა.

ისეთ ფეხბურთელებს მიეცათ თამაშის საშუალება, რომლებიც უფრო დიდ დროს თადარიგში ატარებენ და ვერ ვიტყვი, რომ მათი უმეტესობით კმაყოფილი ვარ. რა მოხდება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას? - საშობაო შესვენებამდე კიდევ გვაქვს რამდენიმე თამაში და ჯერ ტრანსფერებზე ნამდვილად არ ვფიქრობ".

იტალიის თასი ძალას იკრებს და ამ ეტაპიდან, ტურნირში სერია A-ს კიდევ არაერთი გუნდი ერთვება: "პალერმო", "ვერონა", "უდინეზე", "ატალანტა", "კარპი" და "სასუოლო".

აქვე ვთქვათ, რომ იტალიის თასის გამარჯვებული ევროპალიგის საგზურს მოიპოვებს, თუმცა ამ მიზნის მიღწევა ფინალში გასვლითაც შეიძლება და ეს იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული სერია A-ს გათამაშებას საუკეთესო სამეულში დაასრულებს და შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული