ფაბიო კაპელოს აზრით - ვინ მოიგებს "სკუდეტოს"

AutoSharing Option
ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ იმ გუნდებზე ილაპარაკა, რომლებიც სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში ლიდერთა შორის არიან და მაღალი ადგილებისთვის იბრძვიან:

ინტერი
ვფიქრობ, რომ "ინტერი" სკუდეტოს მოპოვების უმთავრესი პრეტენდენტია და ეს რობერტო მანჩინის დამსახურებაა, რომელიც საქმეს ბრწყინვალედ უძღვება. მილანურ გრანდში არაერთი გამოცდილი და მებრძოლი ფეხბურთელია, რომელთა სინთეზი ნიჭიერ ახალგაზრდებთან კარგ შედეგს იძლევა.

ერთი მხრივ, ახალგაზრდა ჯეისონ მურილიო და გამოცდილი ჟოაო მირანდა დაცვაში; ახალგაზრდა ჟოფრეი კონდოგბია და გამოცდილი ფელიპე მელო შუა ხაზში და ასევე, ახალგაზრდა მაურო იკარდი და გამოცდილი როდრიგო პალასიო თავდასხმაში.
პლუს, ძალიან კარგი ბალკანელი შემტევები ადემ ლიაიჩი, ივან პერიშიჩი და სტევან იოვეტიჩი. "ინტერი" უდაოდ, იბრძოლებს სკუდეტოსთვის.

ფიორენტინა
ფლორენციელებმა გაგვაკვირვეს, რადგან მათგან ასეთ თამაშს არ ველოდით. "ფიორენტინას" რამდენიმე უნიჭიერესი ფეხბურთელი ჰყავს, რომლებიც თამაშიდან თამაშამდე უმატებენ და ეს გუნდის პროგრესსაც იწვევს.

რაც მთავარია, "ვიოლა" ულამაზეს ფეხბურთს თამაშობს და ნეიტრალურ გულშემატკივარს მისდამი სიმპატიით განაწყობს. მანჩინის მსგავსად, პაულო სოუზაც უნდა შევაქოთ. ვფიქრობ, ამ "ფიორენტინას" სამეულში მოხვედრა შეუძლია.

ნაპოლი
"ნაპოლი" დიდი გუნდია, ბრწყინვალე ისტორიითა და საოცარი გულშემატკივრებით. მაურიციო სარი შესანიშნავი სპეციალისტია და მისი გუნდი ძალიან კარგად ირჯება. თუ ნეაპოლელები ასე გააგრძელებენ, სკუდეტოს მოპოვების უმთავრესი პრეტენდენტები იქნებიან. მაგრამ, არც იმას გამოვრიცხავ, რომ გარკვეულ ეტაპზე, "ნაპოლის" ჩავარდნა დაეწყოს და ამან გუნდს დათვური სამსახური გაუწიოს.

საქმე ისაა, რომ "ნაპოლის" ამ შემადგენლობაში ბევრი არასტაბილური ფეხბურთელია, რომლებიც დღეს ბრწყინავენ და ხვალ შესაძლოა, გაჩერდნენ. გონსალო იგუაინი და მარეკ ჰამშიკი სტაბილურად კარგად ასპარეზობენ, დანარჩენებს კი ამ მხრივ, პრობლემები აქვთ.

რომა
"რომა" რჩება სკუდეტოს მოპოვების კანდიდატად, მაგრამ ფაქტია, რომ გუნდს ჩავარდნა აქვს და ამ კრიზისს დაძლევა სჭირდება. რუდი გარსიამ მალევე უნდა შეძლოს ვითარების გამოსწორება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მის გუნდს არა თუ ჩემპიონობა, სამეულში მოხვედრა გაუჭირდება.

ისიც ვთქვათ, რომ ბოლო დროს, რომაელებს ტრავმები მოეძალათ და წამყვანი ფეხბურთეების გარეშე უწევთ ასპარეზობა. ვფიქრობ, სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში "ჯალოროსი" სწორედ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძოლებს, რადგან სკუდეტოს მოპოვებას მაინც მეტი სტაბილურობა სჭირდება.

იუვენტუსი
"იუვენტუსი" ისეთ ფორმაში შევიდა, რომ ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეუძლია. თქმა არ სჭირდება, რომ ტურინული გრანდი სკუდეტოს მოპოვების ერთ-ერთი უმთავრესი პრეტენდენტია და მისი ჩამოწერა მაშინაც არ მომსვლია აზრად, როდესაც ყველაზე ცუდი დროება ედგა. ამ გუნდს მკვლელის ინსტიქტი აქვს და ყოველთვის უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვის.

მილანი
"მილანის" ფეხბურთელებს თავდაჯერებულობა აკლიათ, რაც მწვრთნელზეც შეიძლება ითქვას. სინიშა მიხაილოვიჩი ნიჭიერი სპეციალიასტია, მაგრამ ვფიქრობ, რომ "როსონერის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვერ ავლენს საუკეთესო შესაძლებლობებს.

"მილანს" არ აქვს ხელწერა და ჯერჯერობით, ეს გუნდი მიდის არსაითკენ. ამიტომ, მიმდინარე სეზონში, ლომბარდიელთა პროგრამა მაქსიმუმი ალბათ ევროპალიგის საგზური იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული