მასიმილიანო ალეგრი: ჩვენ დავბრუნდით!

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მე-16 ტურის გამორჩეული მატჩები ნეაპოლსა და ტურინში გაიმართა, სადაც ლიდერები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. "ნაპოლიმ" "რომას" უმასპინძლა, ხოლო "იუვენტუსმა" "ფიორენტინას" და ბუნებრივია, რომ ამ მატჩებს სატურნირო ცხრილში ბევრი რამის შეცვლა შეეძლოთ.

ისიც ვთქვათ, რომ ჩემპიონატის ლიდერი "ინტერი" "უდინეზეს" სტუმრობდა და მილანელთათვის ეს შესანიშნავი შანსი იყო, რომ პირველობა კიდევ უფრო განემტკიცებინათ. ასეც მოხდა, "ინტერმა" ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა მეტოქეს, 36 ქულას მოუყარა თავი და უახლოეს მდევრებს მთელი 4 ქულით გაასწრო.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ლიდერსა და მდევრებს შორის ფორის აღმოფხვრა ერთ
ტურში შეუძლებელია, თუმცა ვერც იმას დავიჩემებთ, რომ "ინტერი" თავს უაღრესად კომფორტულად გრძნობს - მდევრები ახლოს არიან და რაც მთავარია, ლიდერთა მარაქაში თვით "იუვენტუსი" გაერია და თანაც სრულფასოვნად - ტურინულ გრანდს "ნერაძურიმდე" მხოლოდ 6 ქულა აშორებს და ამ ფორის აღმოფხვრა რომ დარჩენილ 22 ტურში თავისუფლად შეიძლება, ცხადზე უცხადესია.

მოკლედ, "ინტერი" ლიდერია, "იუვენტუსი" ოთხეულში შეძვრა და არათუ ჩემპიონთა ლიგის ზონამდე, თვით ლიდერამდე ბევრი არაფერი აშორებს და სად არიან ამ დროს სხვები?

"ფიორენტინას" და "ნაპოლის" 32-32 ქულა აქვთ, "ინტერს" მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩებიან და მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ. მოვლენები ელვის სისწრაფით იცვლება და თუ ორიოდე კვირის წინ ნეაპოლელებს სკუდეტოს მოპოვების უმთავრეს პრეტენდენტებად რაცხავდნენ, დღეს ისევ ალაპარაკდნენ, რომ მათ სტაბილურობა აკლიათ და კარგ შემთხვევაში, საუკეთესო სამეულს შესწვდნენ.

"ნაპოლიმ" ბოლო ორ ტურში მხოლოდ 1 ქულა აიღო და ამ გუნდის მიმართ დამოკიდებულებაც ამად შეიცვალა. თუმცა წინ კიდევ ბევრი ტურია და ცხადია, რომ ფავორიტების რანგირება გაგრძელდება და ისეთი პირი უჩანს, რომ ინტრიგა კიდევ უფრო გამძაფრდება.

თუ "ნაპოლიმ" და "რომამ" ქულები გაიყვეს, "იუვენტუსმა" უპირატესობით წარმართა "ფიორენტინასთან" შეხვედრა და დამაჯერებლადაც გაიმარჯვა - 3:1. მატჩის საწყისი წუთები გამოდგა ძალიან საინტერესო, რადგან მე-3 წუთზე იოსიპ ილიჩიჩმა ფლორენციელები დააწინაურა, სამიოდე წუთში კი ხუან კუადრადომ აღადგინა წონასწორობა.

მატჩი ტურინელთა კარნახით გაგრძელდა, რამაც შედეგი მატჩის მიწურულს გამოიღო: მე-80 წუთზე მარიო მანჯუკიჩმა გაიბრწყინა და წინ გაიყვანა მასპინძლები, ზედ საფინალო სასტვენის წინ კი პაულო დიბალამ გაინავარდა მეტოქის საჯარიმოში და მორიგი ეფექტური გოლი შეაგდო. მოკლედ, "იუვე" ათამაშდა და თანაც, როგორ, ჩვენ კი კომენტარებს გავეცნოთ...

მასიმილიანო ალეგრი ("იუვენტუსის" მწვრთნელი): "კარგ ფორმაში შევედით და დღეს უკვე შემიძლია ვთქვა, რომ გუნდი მაღალი დონის ფეხბურთს თამაშობს. თუმცა, ჯერ კიდევ უნდა მოვუმატოთ ტექნიკურ ასპექტში და ნაკლები შეცდომა დავუშვათ. სერია A-ში მიჯრით მეექვსე მატჩი მოვიგეთ, რაც იოლი ნამდვილად არ იყო და ეს სატურნირო ცხრილზეც შესაბამისად აისახა. "ინტერი" ისევ ფავორიტია, მაგრამ წინ კიდევ ბევრი მატჩია და ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. მართლაც ფენომენალური შედეგი იქნება, თუ "ნერაძურის" გავუსწრებთ და ეს მოტივაციას გვმატებს. ჩვენ აქ ვართ და ბრძოლა გრძელდება".

პაულო სოუზა ("ფიორენტინას" მწვრთნელი): "ძალიან ძლიერ დაცვას გადავეყარეთ და უნდა ვაღიაროთ, რომ არათუ გოლის გატანა, მომენტის შექმნაც კი გვიჭირდა. "იუვენტუსი" სკუდეტოს მოპოვების უმთავრესი ფავორიტია და ამას მაშინაც ვამბობდი, როდესაც გუნდი კრიზისში იყო. ტურინული მარცხისგან ტრაგედია არ უნდა შევქმნათ და შრომა გავაგრძელოთ, რადგან ცხრილში კვლავაც მეორე ადგილი გვიკავია და მთავარი ბრძოლები წინ გველის".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული