ინტერი-ლაციო. გამოხმაურება: გაბრაზებული მანჩინი, იმედიანი ლოტიტო

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მიმდინარე გათამაშების მე-17 ტურის ბოლო მატჩი მილანში გაიმართა, სადაც "ინტერმა" "ლაციოს" უმასპინძლა და მოულოდნელი მარცხი იწვნია - 1:2. მატჩის გმირი ანტონიო კანდრევაა, რომელმაც დუბლი მიითვალა აქტივში. მასპინძელთაგან მაურო იკარდი გამოირჩა, თუმცა მისმა გოლმა "ინტერი" მარცხს ვერ გადაარჩინა.

შედეგი მოულოდნელია, რადგან "ინტერი" ჩემპიონატის ლიდერი გახლავთ, "ლაციო" კი სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში იყო და ამ გამარჯვების შემდეგ მე-10 ადგილზე აინაცვლა. შედეგი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ სერია A-ს მიმდინარე გათამაშება დაბალანსებულია და შესაბამისად, ძალიან რთულია იმის პროგნოზირება, თუ როგორ დასრულდება
ჩემპიონატი.

მილანური მატჩის შემდეგ "ინტერის" თავკაცმა რობერტო მანჩინიმ შემდეგი კომენტარი გააკეთა: "თანაბარი თამაში იყო, რომელშიც გამარჯვების მოპოვებაც შეგვეძლო, თუმცა სულელური შეცდომები დავუშვით და დავმარცხდით. წაგებისგან დაზღვეული არავინაა, მაგრამ როდესაც მეტოქეს გოლებს ჩუქნი, ძალიან დასანანია.

გუნდი სატურნირო ცხრილის სათავეშია და ეს გვახარებს, მაგრამ სიმართლე გითხრათ, წლის მარცხით დასრულებამ ძალიან გამაბრაზა. მატჩი დეტალურად უნდა გავაანალიზოთ და შესაბამისი დასკვნები გამოვიტანოთ".

"ინტერის" შემადგენლობაში ფელიპე მელომ შეირცხვინა თავი, რომელმაც 90-ე წუთზე ლუკას ბილიას გამეტებით ჩაარტყა გაშლილი ფეხი და სრულიად დამსახურებული წითელი ბარათი მიიღო - მანჩინიმ შეგირდი გააკრიტიკა: "ფელიპე მელოს ცუდი დღე ჰქონდა, რადგან ჯერ თერთმეტმეტრიანი აიკიდა, ხოლო შემდეგ საშინლად იუხეშა. ფელიპეს აუცილებლად დაველაპარაკები, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს".

"ლაციომ" წელი მაჟორულ ნოტზე დაასრულა, რამაც კლუბის პრეზიდენტი კლაუდიო ლოტიტო იმედით აავსო: "როგორც იქნა, ვაჩვენეთ ის ფეხბურთი, რომელიც "ლაციოს" ეკადრება და შეუძლია. თითქმის ყველა კომპონენტში დავჯაბნეთ გუნდი, რომელიც სატურნირო ცხრილის სათავეშია. ეს ნათლად მიუთითებს, რომ ჩვენი ჩამოწერა ნაადრევია და ჯერ ყველაფერი წინაა. ბოლომდე ვენდობი მწვრთნელს და გუნდს, ეს ოპტიმიზმი კი, იმედია, გულშემატკივრებსაც გადაედებათ".

უფრო საქმიანი იყო "ლაციოს" მთავარი მწვრთნელი სტეფანო პიოლი: "სწორად ვითამაშეთ და უძლიერეს გუნდთან სამი ქულა ავიღეთ. მინდა შეგირდებს მადლობა გადავუხადო და იმედი გამოვთქვა, რომ ამით კრიზისი დაძლეულია. თუმცა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ გუნდს გაძლიერება სჭირდება და ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას აუცილებლად უნდა დავიმატოთ რამდენიმე ფეხბურთელი.

ჩემპიონატში მაღალი კონკურენციაა და თუ ევროსაგზურის მოპოვება გვსურს, ყველა რგოლი უნდა გავაძლიეროთ. კლუბის მესვეურებს დაველაპარაკები და ამ საკითხს აუცილებლად განვიხილავთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული