სერია A. XIX ტურის ფაქტები და სტატისტიკა: ლორენცო პაშიუტის უცნაური პოკერი

AutoSharing Option
* პირველი წრის 19 მატჩიდან 10-ში "ნაპოლი" ერთი და იგივე სასტარტო შემადგენლობით გავიდა მინდორზე: რეინა - ჰისაი, ალბიოლი, კულიბალი, გულამი - ალანი, ჰამშიკი, ჟორჟინიო - ინსინიე, კალეხონი, იგუაინი.

* "უდინეზეს" ვეტერან შემტევ ანტონიო დი ნატალეს უკვე 9 ტურია, არ გაუტანია, რაც მისთვის ყველაზე ხანგრძლივი უგოლო სერიაა 2006 წლის შემდგომ.

* ლორენცო პაშიუტი გახდა ფეხბურთელი, რომელსაც ახლა უკვე ყველა დონეზე აქვს გატანილი გოლი "კარპის" მაისურით - სერია D-დან დაწყებული, სერია A-თი დასრულებული.

* "ფირენტინასა" და "ლაციოს" შეხვედრაში (1:3) ოთხივე გოლი დამატებით
დროში გავიდა. პირველი ბურთი პირველი ტაიმის დამატებით დროში, ხოლო დანარჩენი სამი, მეორე ტაიმის და შესაბამისად, მთლიანად მატჩის კომპენსირებული წუთებისას.

* "რომას" "მილანთან" შეხვედრაში მხოლოდ 14 წამი დასჭირდა იმისთვის, რომ მეტოქის კარში პირველად დაერტყა და 228 წამი იმისთვის, რომ გაეტანა. თუმცა "გლადიატორებმა" საბოლოოდ ვერ მოიგეს - 1:1.

* ფრანჩესკო ტოტიმ სერია A-ში თავისი 592-ე შეხვედრა ჩაატარა, რითაც ჯანლუკა პალიუკას გაუთანაბრდა. მხოლოდ პაოლო მალდინისა და ხავიერ ძანეტის აქვთ იტალიის ჩემპიონატში უფრო მეტი შეხვედრა ჩატარებული.

* "ინტერმა" მეცხრედ დაასრულა პირველი ტაიმი უგოლოდ, წინა 8 შემთხვევიდან "ნერაძურის" 5 მოგება და 3 ფრე ჰქონდა, ამჯერად კი დამარცხდა.

* "ინტერის" 19 მატჩიდან 10-ში საბოლოო ანგარიში 1:0 გახლდათ, მილანელებს 9-ჯერ ჰქონდათ ამ ანგარიშით მოგებული, ახლა კი თავად წააგეს "სასუოლოსთან". 2013 წლის შემდეგ გუნდი პირველად დამარცხდა მიყოლებით ორ საშინაო თამაშში.

* "ნაპოლი" პირველის წრის გამარჯვებული ან, თუ გენებოთ, "ზამთრის ჩემპიონი" უკანასკნელად 1989/90 წლების სეზონში გახდა. მაშინ "ვეზუვიანიმ" საბოლოოდაც იზეიმა ჩემპიონობა.

* წინა 9 სეზონს თუ გადავხედავთ, სერია A-ს ის გუნდი იგებდა, რომელიც 19 ტურის მერე პირველზე იყო.

* სერია A-ს ისტორიაში "ვერონა" გახდა მე-5 გუნდი, რომელმაც პირველი 19 მატჩი მოუგებლად ჩაატარა. წინა ოთხი საბოლოო ჯამში გავარდა კიდეც.

* "სამპდორიასა" და "იუვენტუსის" შეხვედრის პირველ ტაიმში გენუელები "იუვეს" ნახევარზე ბურთს მხოლოდ 2-ჯერ შეეხნენ...

* "ბებერმა ქალბატონმა" ზედიზედ მე-9 გამარჯვება მოიპოვა და მე-2 ადგილზე გადავიდა. 9 ტურის წინ ტურინელები მე-12 პოზიციაზე იყვნენ.

* 2005/06 წლების სეზონის მერე პირველად დაფიქსირდა, რომ სერია A-ს ტურში სტუმარმა გუნდებმა 8 მატჩი მოიგეს.

* მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი (328) დარტყმა და ყველაზე მეტი (10276) პასი ჯერჯერობით "ნაპოლიზე" მოდის.

* ამ სეზონში ფელიპე ანდერსონს 5-ივე გოლი ბოლო 30 წუთში აქვს გატანილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული