სერია A: მთავარია, რა იქნება მაისში!

AutoSharing Option
სერია A-ს მიმდინარე გათამაშებამ ეკვატორს უწია, ზამთრის ჩემპიონი კი "ნაპოლია". მაურიციო სარის გუნდმა სეზონი მძიმედ დაიწყო, თუმცა შემდეგ მკვეთრად მოუმატა და შედეგიც სახეზეა. რა გასაკვირია, რომ სარი იტალიელი სპორტული ჟურნალისტების ყურადღების ცენტრშია მოქცეული და სჯობს, რომ სიტყვა პირდაპირ მას გადავცეთ:

"როგორც მითხრეს, "ნაპოლი" ზამთრის ჩემპიონი ბოლოს 1989-90 წლების სეზონში გახდა და შემდეგ სკუდეტოც მოიგო. ძალიან გახარებული ვარ, რომ სეზონი ასე წარმატებულად მიმდინარეობს და გულშემატკივრებიც ენთუზიაზმით არიან აღსავსენი.

ჩემპიონატის დაწყებამდე თუ მქონდა ზამთრის ჩემპიონობის მოლოდინი? - სიმართლე გითხრათ, ისიც კი არ
ვიცოდი, ზამთრამდე შევინარჩუნებდი თუ არა პოსტს, პირველ ადგილზე კი ნამდვილად არ მიფიქრია. თუმცა, ეიფორიაში არ უნდა ჩავვარდეთ, რადგან წინ სეზონის მეორე ნახევარია და მთავარია, რომ მაისში ვიყოთ ამავე პოზიციაზე".

ჰამშიკმა კავანის აჯობა
"ფროზინონესთან" შეხვედრაში მარეკ ჰამშიკმა გამოიჩინა თავი და "ნაპოლის" მაისურით სერია A-ში 79-ე გოლი შეაგდო. ამრიგად, სლოვაკმა ედინსონ კავანის აჯობა და "ნაპოლის" ყველა დროის ბომბარდირთა სიაში მესამე ადგილზე აინაცვლა. ჰამშიკი მხოლოდ დიეგო მარადონას (81) და ანტონიო ვოიაკს (102) ჩამორჩება. თუმცა, თავად ჰამშიკი პირად მიღწევებზე ნაკლებად ფიქრობს და მისთვის მთავარი გუნდური წარმატებაა:

"სასიამოვნოა, როდესაც სატურნირო ცხრილში "ნაპოლის" პირველ ადგილზე ვხედავთ, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს და მთავარია, რომელ ადგილზე ვიქნებით მაისში. ამიტომ სიხარული ნაადრევია და ჩვენი ფიქრები მხოლოდ მომდევნო შეხვედრას უნდა უტრიალებდეს. კონკურენტები კუდზე გვაზიან და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. რაც შეეხება ჩემს გოლებს, ეს მეორეხარისხოვანია, მთავარი კი გუნდის წარმატებაა".

მიჯრით მეცხრე მოგება
ამასობაში, "იუვენტუსმა" მიჯრით მეცხრე მატჩი მოიგო და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე აინაცვლა. ტურინულ გრანდს ზამთრის ჩემპიონობამდე სულ ცოტა დააკლდა და ვინ იფიქრებდა ამას ჯერ კიდევ ორი თვის წინ, როდესაც მასიმილიანო ალეგრის გუნდი ცხრილის ქვედა ნაწილში იყო და ქულებს ანიავებდა. თავად მწვრთნელს ოპტიმიზმი არასდროს დაუკარგავს, "სამპდორიასთან" გასვლითი გამარჯვების (2:1) შემდეგ კი ვრცელი კომენტარი გააკეთა:

"პირველი ტაიმი მაღალ დონეზე ჩავატარეთ და შეგირდების გარჯით კმაყოფილი ვიყავი, აი მეორე ნახევარში კი ბევრი შეცდომა დავუშვით. როდესაც ორი ბურთის სხვაობით ვიგებდით, ბურთი უნდა დაგვეჭირა და მეტოქისთვის შანსი არ მიგვეცა, რეალობა კი სხვაგვარი გამოვიდა. "სამპდორიამ" აქტიურად შემოგვიტია, გოლი გაგვიტანა და კიდევ არაერთი მომენტი შექმნა.

სერია A ურთულესი ტურნირია, თითოეულ ქულას ოქროს ფასი აქვს და ასე დაუდევრად თამაში არ შეიძლება. სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე ვართ, მაგრამ არავინ იფიქროს, რომ სკუდეტოს იოლად მოვიგებთ - "ინტერმა" "სასუოლოსთან" სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა, მაგრამ იღბალმა უმტყუნა და წააგო. ვფიქრობ, "ინტერი" და "ნაპოლი" სკუდეტოსთვის ბოლომდე იბრძოლებენ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული