დიდი ცვლილებები მარადიულ ქალაქში - გარსია წავიდა, სპალეტი მოვიდა

AutoSharing Option
როგორც მოსალოდნელი იყო, "რომას" მესვეურებმა გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან რუდი გარსია გაათავისუფლეს. 51 წლის ფრანგი სპეციალისტი "ჯალოროსიში" 2013 წლის ზაფხულიდან მუშაობდა და ამ პერიოდში გუნდმა ორჯერ დაიკავა სერია A-ში მეორე ადგილი.

მოკლედ, გარსიას ყოველთვის ერთი ნაბიჯი აკლდებოდა დიდ წარმატებამდე. მიმდინარე სეზონში "რომა" არასტაბილურად ასპარეზობს, ბოლო 10 თამაშში კი სულაც 1 მატჩი მოიგო და ამის ლოგიკური შედეგი სწორედ გარსიას გათავისუფლება გახლდათ. რომაული კლუბის პრეზიდენტმა ჯეიმს პალოტამ შემდეგი განცხადება გაავრცელა:

"ჩვენი კლუბის სახელით, მინდა მადლობა გადავუხადო რუდი გარსიას გაწეული სამსახურისთვის და სამომავლოდ,
დიდი წარმატება ვუსურვო. მისი თავკაცობით, "რომას" გამარჯვებათა ბრწყინვალე სერიები ჰქონდა, მაგრამ ვფიქრობთ, რომ დადგა ცვლილებების დრო და "რომას" ახალი მწვრთნელი უნდა ჩაუდგეს სათავეში".

გადაწყვეტილი ამბავია, რომ რუდი გარსიას ლუჩანო სპალეტი შეცვლის, რომელიც მაიამიში გახლდათ ჩასული კლუბის მესვეურებთან მოსალაპარაკებლად და შეთანხმებასაც მიაღწია. თუ "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯერებთ, სპალეტი "რომასთან" 1,5-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს, საქმეს კი უახლოეს ორ დღეში შეუდგება.

თავად მწვრთნელი პრესასთან ჯერ არ გამოჩენილა, მაგრამ უკვე ბევრს საუბრობენ მისი სატრანსფერო სურვილების შესახებ. "გაძეტას" მტკიცებით, მაიამიში შეხვედრის დროს სპალეტიმ "რომას" მესვეურები გუნდის გაძლიერებაზე დაითანხმა და რამდენიმე ფეხბურთელიც ახსენა, რომელთა გვარები ჯერ არ ხმაურდება.

ამასობაში, გავრცელდა ცნობა "რომას" სპორტული დირექტორის, ვალტერ საბატინის კლუბიდან წასვლის შესახებ. სწორედ ეს უკანასკნელი გახლდათ რუდი გარსიას ლობისტი და ბოლომდე ითხოვდა, რომ ფრანგს გაეგრძელებინა მუშაობა. როგორც ჩანს, დედაქალაქური კლუბის მფლობელები მწვრთნელთან ერთად, სპორტულ დირექტორსაც დაემშვიდობებიან.

მოკლედ, "რომაში" დიდი ცვლილებებია და ისღა დავრჩენია, რომ დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული