ანდრეა პირლო: ეს ჩემი ამერიკული ოცნებაა

AutoSharing Option
ერთი ხანობა, იტალიურ სპორტულ პრესაში აქტიურად ვრცელდებოდა ცნობები ანდრეა პირლოს "ინტერში" შესაძლო გადაბარგების შესახებ.

საუბარია 2-თვიან პერიოდზე, რაც ფეხბურთელს ფორმის შენარჩუნებაში დაეხმარებოდა და მისი ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრების შანსს გაზრდიდა.

თუმცა, პირლომ ევროპაში დაბრუნება არ ისურვა, "ნიუ იორკ სიტისთან" ერთად, ახალი სეზონისთვის ემზადება და სურს, რომ ამერიკაში დიდ წარმატებას მიაღწიოს. 36 წლის ნახევარმცველი იტალიელ ჟურნალისტს აქტუალურ თემებზე ესაუბრა.

- ახლოს იყავით "ინტერში" გადასვლასთან?
- "ინტერს" და კიდევ რამდენიმე კლუბს სურდა ჩემი დამატება, მაგრამ მოლაპარაკებამდე საქმე არ მისულა. "ნიუ იორკ სიტისთან" კონტრაქტი
მაკავშირებს, ვაფასებ ამ კლუბს და მინდა, რომ აქ დიდ წარმატებას მივაღწიო. მომდევნო სეზონში, უმაღლესი მიზნები გვაქვს და ასეთ დროს ჩემი ევროპაში დაბრუნება არ იქნებოდა მართებული.

- რამ მიგიზიდათ MLS-ში?
- მსურდა ახალი გამოწვევა მიმეღო, ამერიკაში წამოსვლამ კი სწორედ ასეთი შანსი მომცა. მსურდა ახალ ქვეყანაში და ახალ კონტინეტზე გამომეცადა თავი. "იუვენტუსში" კიდევ მინიმუმ, ერთი წელიწადი შემეძლო დარჩენა, მაგრამ სხვაგვარი გადაწყვეტილება მივიღე.

- როგორ შეაფასებთ MLS-ის დონეს?
- საკმაოდ რთული ჩემპიონატია, ძლიერი გუნდებით და, როგორც მითხრეს, დონე წლიდან წლამდე იზრდება. აქ ისეთივე დატვირთვით ვვარჯიშობ, როგორც ევროპაში და თამაშებიც უმაღლეს ტემპში მიმდინარეობს.

ერთი ეგაა, რომ იტალიისგან განსხვავებით, ამერიკაში ფეხბურთელებზე ნაკლები წნეხია. გულშემატკივრები წაგებული თამაშის შემდეგაც კარგ ხასიათზე არიან, რაც იტალიაში წარმოუდგენელია.

- როგორი ურთიერთობა გაქვთ ანტონიო კონტესთან?
- ერთად დიდ წარმატებას მივაღწიეთ "იუვენტუსში", დღეს კი იტალიის ნაკრების მწვრთნელია და ისევ შეუძლია ჩემი იმედი ჰქონდეს. MLS კარგად შუქდება და კონტეს აქვს საშუალება, რომ ჩემს ასპარეზობას თვალი მიადევნოს.

- კონტეს თქმით, ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად, ევროპაში დაბრუნება ძალიან დაგეხმარებოდათ...
- ველაპარაკე კონტეს და პირდადად მისგან ვიცი, რომ თუ ამერიკაში მაღალ დონეზე ვითამაშებ, ევროპის ჩემპიონატზე აუცილებლად გავემგზავრები. ყველაფერს გავაკეთებ, რომ მწვრთნელს თავი მოვაწონო და ეროვნულ ნაკრებთან ერთად კიდევ ერთ დიდ ტურნირზე ვიასპარეზო.

- როგორ გრძნობთ თავს ამერიკაში?
- ძალიან კარგად, რადგან აქ ყველა პირობაა შექმნილი, რომ ფეხბურთელმა მშვიდად იშრომოს და თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინოს. მინდა, რომ კარიერა მაჟორულ ნოტზე დავასრულო და აქ ამისთვის იდეალური გარემოა; ეს ჩემი ამერიკული ოცნებაა.

- რომელი მომენტი იყო თქვენს კარიერაში გადამწყვეტი?
- მთელი ცხოვრება კარლო მაცონეს მადლობელი ვიქნები, რომელმაც 2001 წელს საყრდენ ნახევარმცველად გამამწესა და მითხრა, რომ უკნიდან მეთამაშა, რათა რობერტო ბაჯოს მეტი სივრცე ჰქონოდა.

იქამდე საყრდენი ნახევარმცველები მხოლოდ ჩამშლელები იყვნენ, მე კი მიზნად დავისახე, რომ გუნდს შეტევაში უკნიდანაც დავხმარებოდი.

- ევროპა ჩემპიონთა ლიგის წაგებული ფინალით დატოვეთ და ალბათ, იმ მატჩს ხშირად იხსენებთ...
- ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოვიგე და კარგად ვიცი, რას ნიშნავს ფინალში თამაში. "ბარსელონა" უფრო ძლიერი იყო და ამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. თუმცა, როდესაც ანგარიში გავათანაბრეთ, უპირატესობა ვიგდეთ ხელს და შეიძლებოდა, რომ მატჩი სხვა შედეგით დამთავრებულიყო.

- რომელ იტალიურ ქალაქში დარჩა თქვენი გული?
- კარიერის განმავლობაში, მოვასწარი და ვითამაშე სამ უდიდეს გუნდში: "ინტერში", "მილანსა" და "იუვენტუსში". რთულია მათგან რომელიმეს გამორჩევა და არც მაქვს ამის სურვილი. ჩემი გული იტალიაში დარჩა და ეს ყველაზე მთავარია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული