29 წლის კოლუმბიელმა ფორვარდმა მილანურ დერბიშიც გაიბრწყინა და "ინტერს" შესანიშნავი გოლი გაუტანა. რა გასაკვირია, რომ ბაკა ჟურნალისტების ყურადღების ცენტრშია მოქცეული, მის ინტერვიუს კი ქვემოთ გაეცნობით.
- როგორ შეაფასებთ მილანურ დერბის?
- ძალიან დაძაბული მატჩი იყო და ეს მიუხედავად იმისა, რომ დიდი ანგარიშით მოვიგეთ. მაურო იკარდის რომ პენალტი გაეტანა, არავინ იცის, როგორ განვითარდებოდა მოვლენები. და მაინც, დამსახურებულად მოვიგეთ. ეს
- ბელგიაშიც გითამაშიათ დერბი, ესპანეთშიც და იტალიაშიც. რა განსხვავებაა მათ შორის?
- დაძაბულობა ყველგან დიდია, თუმცა მილანური დერბი ყველაზე მასშტაბურია იმ დერბებს შორის, სადაც მითამაშია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გადაჭედილი "სან სირო" საოცარი სანახავია და უდიდეს ემოციებს იწვევს. სევილიური დერბიც ძალიან კარგად მახსენდება, რადგან ფეხბურთი იქაც განსაკუთრებულად უყვართ და დერბისთვის განწყობას ერთი თვით ადრე იქმნიან.
- კმაყოფილი ხართ "მილანში" თქვენი ასპარეზობით?
- უკმაყოფილების საბაბი ნამდვილად არ მაქვს, რადგან გოლები გამაქვს და მჯერა, რომ კიდევ უფრო მეტს გავიტან. იტალიაში განსაკუთრებული ყურადღება ტაქტიკურ სქემებს ეთმობა, რის გამოც თავიდან ცოტა გამიჭირდა, მაგრამ დროთა განმავლობაში, ამასაც შევეგუე. თამაშიდან თამაშამდე, მოედანზე თავს სულ უფრო კომფორტულად ვგრძნობ. იმედია, "მილანი" სეზონს ჩემპიონთა ლიგის ზონაში დაასრულებს და ამაში მეც შევიტან წვლილს.
- ადრე თქვით, რომ თქვენი კერპი რონალდოა, რომელსაც თავის დროზე მილანურ დერბიში ორივე გუნდის მაისურით აქვს გოლი გატანილი...
- კარგად მახსოვს რონალდო, როგორც "ინტერის", ისე "მილანის" მაისურით. კოლუმბიაში სერია A ძალიან პოპულარულია და ბავშვობაში ვცდილობდი, რაც შეიძლება მეტი მატჩი მენახა. მაშინ იტალიაში ფაუსტინო ასპრილია თამაშობდა და მას ვგულშემატკივრობდი. რონალდო მართლაც ჩემი კერპი იყო და მისი თამაში არასდროს დამავიწყდება.
- დღეს სერია A-ში საუკეთესო ფორვარდად ვის მიიჩნევთ?
- ბომბარდირთა დავაში ყველაზე წინ გონსალო იგუაინია და ის უნდა გამოვარჩიო. ბრწყინვალე გუნდში თამაშობს და ბუნებრივია, რომ შესაძლებლობების წარმოჩენაში ესეც ეხმარება.
- ყველაზე მეტად რამ გაგაკვირვათ სერია A-ში?
- სერია A-ში იოლად ვერც ერთ თამაშს ვერ მოიგებ. ამასთან, "პატარა გუნდებში" ძალიან ძლიერი ფეხბურთელები ირჯებიან როგორც ფიზიკური და ტაქტიკური მომზადების მხრივ, ისე ტექნიკური თვალსაზრისით. ამან ნამდვილად გამაკვირვა, რადგან არ მეგონა, თუ იტალიაში აუტსაიდერებიც კი ასეთ მაღალ დონეზე თამაშობდნენ.
- რა აკლია "მილანს" იმისთვის, რომ სკუდეტოსთვის იბრძოლოს?
- საკუთარი თავის რწმენა, სტაბილურობა და იღბალი. პირველ რიგში, ფსიქოლოგიურად უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ სკუდეტოსთვის ვიბრძოლოთ. შესანიშნავი თანაგუნდელები მყავს, მათ შეუძლიათ უმაღლეს დონეზე თამაში და დიდი მიზნების მიღწევა.
- "მილანი" ცალი ფეხით იტალიის თასის ფინალშია. უკვე ფიქრობთ რომში გასამართ გადამწყვეტ მატჩზე?
- ჯერ არა, რადგან ფინალი მაისში გაიმართება და იქამდე რამდენიმე თვეა დარჩენილი. თანაც, წინ მეორე ნახევარფინალური მატჩია, რომელშიც ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ. თასის მოგება ჩვენი ერთ-ერთი მიზანია, რომლის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ.
- ევროტურნირები არ გენატრებათ?
- შემეძლო "სევილიასთან" ერთად ჩემპიონთა ლიგაზე მეთამაშა, მაგრამ შევეცდები, რომ ეს "მილანთან" ერთად გავაკეთო. საერთაშორისო ასპარეზზე თავის გამოჩენა განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს და ეს განცდა ნამდვილად მაკლია.
- დარჩებით "მილანში", თუკი გუნდი ევროტურნირებს მიღმა დარჩა?
- ამის დაშვებაც კი არ მინდა და შესაბამისად, გამიჭირდება პასუხის გაცემა. ბოლომდე დავიხარჯებით იმისთვის, რომ "როსონერი" საერთაშორისო ასპარეზს დაუბრუნდეს.
- იტალიაში უფრო დაცვით ფეხბურთს თამაშობენ, ვიდრე ესპანეთში, რაც ალბათ დისკომფორტს გიქმნით...
- ესპანეთში შემტევ ფეხბურთს მივეჩვიე და თამაშში მინიმუმ, 6-7 საგოლე მომენტი მქონდა, იტალიაში კი ყველაფერი სხვაგვარადაა. მახსოვს, "მილანში" ახალი ჩასული ვიყავი, როდესაც ორმხრივ თამაშში მივიღე მონაწილეობა, ვარჯიშის შემდეგ კი მწვრთნელმა დამიბარა და ასეთი რამ მითხრა: დაიმახსოვრე, იტალიაში თავდასხმა არ არსებობს, აქ თავდასხმა დაცვის პირველი ხაზია. ამის გაგება ძალიან გამიჭირდა, მაგრამ უკვე ვეჩვევი და ვცდილობ, რომ მწვრთნელის დავალებები პირნათლად შევასრულო.
- თქვენი მთავარი ღირსება საგოლე მომენტების რეალიზაციაა. როგორ ახერხებთ თითქმის ყველა მომენტის გამოყენებას?
- ესპანეთში ასე არ იყო, იტალიაში კი იმდენად ცოტა მომენტი მექმნება, რომ უფლება არ მაქვს, გავანიავო. თამაშის დროს ვცდილობ, ემოციებს არ ავყვე, სუფთა გონება შევინარჩუნო, რაც კონცენტრაციაში ძალიან მეხმარება.
- ყველაფერი მოგწონთ იტალიაში?
- იტალიაში ოჯახთან ერთად ვცხოვრობ და თავს ბედნიერად ვგრძნობ. ვსწავლობთ ახალ ენას, ვეცნობით ახალ კულტურას და ეს ძალიან საინტერესოა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"