ეს იმას ნიშნავს, რომ ხედირა ვერც "ჯენოასთან" ითამაშებს სერია A-ს მომდევნო ტურში, ვერც "ფროზინონეს" დაუპირისპირდება და რაც მთავარია, 13 თებერვალს დაგეგმილ სუპერ-მატჩსაც გამოაკლდება - ამ დღეს, ტურინში "იუვენტუსი" "ნაპოლის" შეასკდება.
აქვე ვთქვათ, რომ 23 თებერვალს ტურინში კიდევ ერთი დიდი მატჩია - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, "იუვენტუსს" მიუნხენის "ბაიერნი"
რატომ არ დაიმატა "იუვემ" ნახევარმცველი?
სამი ხედირას ტრავმას "გაძეტა დელო სპორტი" გამოეხმაურა და ეს თემა საინტერესოდ გაშალა. "იუვენტუსი" არის გუნდი, რომელიც ყველა ფრონტზე გამარჯვებისთვის იბრძვის და შესაბამისად, ყველა პოზიციაზე ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებს სრულფასოვანი შემცვლელები სჭირდებათ. მაგალითად, მასიმილიანო ალეგრი დაცვის ხაზში ანდრეა ბარძალის, ლეონარდო ბონუჩის და ჯორჯო კიელინის ეყრდნობა. თუ რომელიმეს ტრავმის, ან დისკვალიფიკაციის გამო, თამაშის გამოტოვება უწევს, მას ან დანიელე რუგანი ცვლის, ან მარტინ კასერესი, ან თუნდაც შტეფან ლიხტშტაინერი, რომელსაც 3-5-2 სქემაში თანაბარი წარმატებით შეუძლია თამაში როგორც ფლანგზე, ისე დაცვის სამეულში. მოკლედ, აქ ტურინელებს პრობლემა არ აქვთ...
ნახევარდაცვის ფლანგებზეც ყველაფერი რიგზეა - მარჯვნივ შტეფან ლიხტშტაინერი და ხუან კუადრადო ენაცვლებიან ერთმანეთს. ეს უკანასკნელი უფრო შემტევია და მეტწილად მაშინ ირჯება, როდესაც "იუვე" თამამად უტევს და მეტოქეს ნაკლებად უფრთხის, აი შვეიცარიელი კი პირველ რიგში საიმედო უკანახაზელია და შემდეგ, შემტევი. ასეა თუ ასე, მარჯვენა ფლანგზე "იუვეს" ყველაფერი რიგზე აქვს.
იგივე ვითარებაა მარცხნივ, სადაც პატრის ევრას და ალექს სანდროს კონკურენციას ვხედავთ - ორივე ბრწყინვალედ ირჯება და რაც დრო გადის, ალეგრის სულ უფრო უჭირს არჩევანის გაკეთება. ევრა ძალიან საიმედოა, შეცდომებს ფაქტობრივად არ უშვებს და ფლანგს სრულად აკონტროლებს, შედარებით ახალგაზრდა სანდრო კი ყველა სიკეთესთან ერთად, გოლებსაც ხშირად იტანს.
თავდასხმაზე ლაპარაკი არც ღირს, რადგან იქ მართლაც უდიდესი კონკურენციაა - მწვრთნელს პაულო დიბალას, მარიო მანჯუკიჩს და ალვარო მორატას შორის უწევს არჩევანის გაკეთება, სიმონე ძაძა კი ფაქტობრივად ოფსაიდშია დარჩენილი. არადა, ეს უკანასკნელიც ბრწყინვალე ფორმაშია და როდესაც შანსი ეძლევა, მოედანს უგოლოდ არ ტოვებს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ძაძა იტალიის ნაკრების წევრი და ერთ-ერთი იმედია ევროპის ჩემპიონატზე.
სამაგიეროდ, "იუვენტუსს" პრობლემა აქვს ნახევარდაცვის ცენტრში, სადაც ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებს ღირსეული შემცვლელი უბრალოდ არ ჰყავთ. სასტარტოში კლაუდიო მარკიზიო, პოლ პოგბა და სამი ხედირა თამაშობენ და ამ ტრიოს ნამდვილად არაფერი დაეწუნება - მაგრამ, როდესაც ერთ-ერთი მათგანი ტრავმას იღებს, ან დისკვალიფიცირებულია, იქ ჩნდება კიდეც ხვრელი.
ასეა ამ შემთხვევაშიც და სამი ხედირა ან დავიდე სტურარომ უნდა შეცვალოს, ან ერნანესმა, ან სიმონე პადოინმა, ან კვადვო ასამოამ. "კიევოსთან", "ფროზინონესთან" და "კარპისთან" არა უშავს, მაგრამ "ნაპოლისთან" და "ბაიერნთან", ეს უკვე დიდი პრობლემაა. და თუ ერთბაშად ორი ნახევარმცველი დაშავდა? - ტურინული გრანდი თითქმის გამოუვალი მდგომარეობის წინაშე აღმოჩნდება.
რატომ არ დაიმატა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას "იუვემ" ერთი ექსტრაკლასის ნახევარმცველი, რომელიც ამ ვაკუუმს ამოავსებდა? - ამ კითხვით "გაძეტამ" ტურინული გრანდის სპორტულ დირექტორ ჯუზეპე მაროტას მიმართა და აქვე პასუხი:
"ვფიქრობ, რომ "იუვენტუსი" შესანიშნავად დაკომპლექტებული გუნდია, რომელსაც ყველა ფრონტზე უმაღლესი მიზნის მიღწევა შეუძლია. გაძლიერება არასდროსაა ზედმეტი, მაგრამ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას, ამის აუცილებლობა ვერ დავინახეთ. ალეგრის აქვს იმის რესურსი, რომ რამდენიმე ტაქტიკური მონახაზი გამოიყენოს და პრობლემა ამით მოაგვაროს. თქვენ ეძებთ აქილევსის ქუსლს, მაგრამ მე გეუბნებით, რომ "იუვენტუსი" კარგად დაბალანსებული გუნდია ყველა რგოლში".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"