შეგახსენებთ, რომ ფიფასთან ერთად, წლის საუკეთესო ფეხბურთელს სწორედ ფრანგული ჟურნალი ავლენს და ზოგადად, ასეთი გამოკითხვების ჩატარებასა თუ ჯილდოების გაცემაში სახელი აქვს მოხვეჭილი და განსაკუთრებული ავტორიტეტითაც სარგებლობს. მოკლედ, "ფრანს ფუტბოლს" ამ საქმეში სიტყვა ეთქმის და თანაც ისეთი, როგორიც არც ერთ სხვა გამოცემას.
ერთი სიტყვით, გამოკითხვა ჩატარდა, ყველა დროის საუკეთესო მეკარედ კი ჯანლუიჯი ბუფონი დასახელდა. დიახ, ლეგენდარულმა იტალიელმა მეკარემ ყველას
ამ ჩამონათვალის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება და კიდევ ბევრ ბრწყინვალე მეკარეს გავიხსენებთ, რომლებსაც ჯიჯი ბუფონმა აჯობა, მეკარემ, რომელიც დღეს 38 წლისაა, უკან კი 20-წლიანი კარიერა აქვს მოტოვებული და გაჩერებას ჯერ არ აპირებს. ჯიჯი მართლაც ფენომენალურია და როგორც აღვნიშნეთ, მას მთელი მსოფლიო ყველა დროის ნომერ პირველ მეკარედ მიიჩნევს. მაგრამ, რა ხდება ამ მხრივ იტალიაში?
ბუფონი მეორეა
უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ ანალოგიურ გამოკითხვაში, რომელიც იტალიაში ჩატარდა და "მედია სეტის" საფეხბურთმა არხმა გაუწია ორგანიზება, ჯანლუიჯი ბუფონმა მხოლოდ მეორე ადგილი დაიკავა, პირველ პოზიციაზე კი დინო ძოფია. კიდევ ერთი ლეგენდარული მეკარე, რომელიც ასევე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იცავდა იტალიის ნაკრების კარს. მართლაც საინტერესო ამბავია - მსოფლიო მასშტაბით, ბუფონი გამოარჩიეს, მაგრამ იტალიაში მას ჯერ მაინც არ თვლიან საუკეთესოდ. არადა, რთულია აპენინელების გამტყუნება - სიტყვა არ მოგვივბრუნდება, რომ ძოფი ვინმეზე დაბლა დავაყენოთ, თუნდაც ბუფონზე.
დაახლოებით ორი წლის წინ, იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ "სკუადრა აძურას" ყველა დროის სიმბოლური ნაკრები შეადგინა და იქაც, ჯანლუიჯი ბუფონს დინო ძოფი არჩიეს. დიახ, ძირითად შემადგენლობაში სწორედ ძოფი იდგა, ბუფონი კი ვირტუალურ სათადარიგოთა სკამზე დატოვეს. მოკლედ, იტალიაში წინ ძოფია და როგორც ჩანს, ამაზე თანხმდებიან როგორც ექსპერტები და იტალიური ფეხბურთის მამები, ისე უბრალო გულშემატკივრები.
ძოფი თუ ბუფონი?
ჯანლუიჯი ბუფონი 20 წელია, რაც უმაღლეს დონეზე თამაშობს, კარიერის დასრულებას კი 2018 წლის მუნდიალზე აპირებს 40 წლის ასაკში. იტალიის ნაკრების შემადგენლობაში 154 მატჩი აქვს ჩატარებული და ამ მხრივ, რეკორდსმენია. კარიერის საწყისი წლები "პარმაში" გაატარა, თუმცა ბოლო 15 წელია, რაც ტურინის "იუვენტუსში" ასპარეზობს.საკლუბო დონეზე ბუფონს უამრავი ტიტული აქვს მოგებული - "პარმასთან" ერთად, იტალიის თასი, იტალიის სუპერთასი და უეფას თასი მოიგო. ტურინულ გრანდში ჯიჯი 6-ჯერ გახდა სკუდეტოს მფლობელი, ერთხელ იტალიის თასი მფლობელი და 4-ჯერ იტალიის სუპერთასის გამარჯვებული. ბუფონი ორჯერ იყო ახლოს ჩემპიონთა ლიგის მოგებასთან, მაგრამ ფინალური მატჩები წააგო.
იტალიის ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად, ბუფონმა 1996 წლის ევროპის ჩემპიონატი მოიგო, ეროვნულ გუნდთან ერთად კი 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
ბუფონის ინდივიდუიალური მიღწევების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, რადგან მას არც მეტი, არც ნაკლები, 41 ჯილდო აქვს მიღებული და ეს ციფრი ყველაფერზე ნათლად მეტყველებს, მის მიერ დამხობილი რეკორდების ჩამოთვლა კი უბრალოდ შეუძლებელია. ბოლოს, ისიც ვთქვათ, რომ ჯიჯი 5-ჯერ იყო მსოფლიოს ჩემპიონატზე იტალიის ნაკრების შემადგენლობაში და 4-ჯერ ძირითადი მეკარის სტატუსით.
დინო ძოფმა ფეხბურთი 22 წლის განმავლობაში ითამაშა (1961-1983) და იცავდა 4 კლუბის ღირსებას: "უდინეზე", "მანტოვა", "ნაპოლი" და "იუვენტუსი", კარიერის საუკეთესო წლები კი სწორედ ტურინულ გრანდში აქვს გატარებული. იტალიის ნაკრებში 1968-1983 წლებში თამაშობდა და 112 მატჩში მიიღო მონაწილეობა. აქვე აღვნიშნოთ,. რომ "სკუადრა აძურასთან" ერთად დინომ 4 მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშა.
ბუფონის მსგავსად, ძოფიც 6-ჯერ იყო სერია A-ს გამარჯვებული, 2-ჯერ მოიგო იტალიის თასი, ერთხელ კი უეფას თასი. სანაკრებო დონეზე მან ყველაფერი მოიგო - 1968 წელს გახდა ევროპის ჩემპიონი, 1982 წელს კი მსოფლიოს ჩემპიონი. უნდა გავიხსენოთ 1970 წლის მუნდიალიც, სადაც ძოფის იტალია ფინალში გავიდა და იქ ბრაზილიასთან დამარცხდა. მოკლედ, სანაკრებო დონეზე ძოფს მართლაც ბრწყინვალე მიღწევები ჰქონდა.
ბუფონის მსგავსად, ძოფიც ბევრი ინდივიდუალკური ჯილდოს მფლოიბელია და რეკორდებითაც შეუძლია იამაყოს - მარტო ის რად ღირს, რომ სწორედ დინოს ეკუთვნის სანაკრებო დონეზე მშრალი წუთების სერია - იტალიის ნაკრები თითქმის ორი წლის განმავლობაში არ უშვებდა გოლს, ძოფმა კი კარი მშრალად 1142 წუთი შეინახა.
და მაინც, ბუფონი თუ ძიფი? - არჩევანი თქვენთვის მოგვინდვია...
ლეგენდების ჩრდილში
ერთხელ, პსჟ-ს მეკარე სალვატორე სირიგუმ დანანებით აღნიშნა, რომ იტალიელად მოევლინა ქვეყანას და იქვე დასძინა, ალბათ სხვა ნებისმიერ ნაკრებში ძირითად შემადგენლობაში ვითამაშებდიო. მაშინ, სირიგუ პარიზული გუნდის მთავარი მეკარე გახლდათ და ბვრწყინვალე ფორმაში იყო. მართლაც ასეა, იტალიაში განსაკუთრებით რთულია იყო კარის დარაჯი და ბევრი ბრწყინვალე მეკარე მოქცეულა კიდევ უკეთესების და გნებავთ, ლეგენდების ჩრდილში. სირიგუს გარდა, ჯანლუიჯი ბუფონმა კიდევ არაერთ მეკარეს მოუჭრა სანაკრებო გზა და მარტო ფრანჩესკო ტოლდოს დასახელება რად ღირს. ტოლდოს მხოლოდ ერთხელ მიეცა დიდ ტურნირზე თამაშის საშუალება და ისიც იმიტომ, რომ ზედ ევროპის ჩემპიონატის წინ, ჯანლუიჯი ბუფონი დაშავდა და განაცხადიდან ამოვარდა. მაშინ, ტოლდო დადგა კარში და თუ როგორ ითამაშა ევრო 2000-ზე, ყველას კარგად გემახსოვრებათ, ჰოლანდიელებს კი ალბათ ყველაზე უკეთ და ამასთან, მწარედ.
როდესაც რუხი ფერის მაისური და შავი შორტი გაცვია, უბრალოდ არ გაქვს უფლება, რომ იყო ცუდი მეკარე - ეს დინო ძოფის სიტყვებია, ამ ფერებში კი სწორედ "სკუადრა აძურას" კარის დარაჯები იმოსებიან.
კიდევ რამდენი მ,ეკარის გახსენება შეიძლება, რომლებიც ძოფის და ბუფონის ჩრდილში არიან მოქცეულნი და დღეს მათ ნაკლებად ახსენებენ, თუმცა თავის დროზე, საუკეთესოები იყვნენ. თუნდაც ვალტერ ძენგა, რომელიც გასული საუკუნის 90-იან წლებში მეკარის სიმბოლოდ იყო მიჩნეული. არც ჯანლუკა პალიუკას და ანჯელო პერუცის დავიწყება შეიძლება, რომლებსაც დიდი კონკურენცია ჰქონდათ და დიდი საფეხბურთო ფორუმებიც გაიყვეს - 1994 და 1998 წლის მუნდიალებზე "აძურას" კარს პალიუკა იცავდა, 1996 წლის ევროპის ჩემპიონატზე კი ეს როლი პერუცის ერგო.
თავის მხრივ, მათ ჩრდილში იყო ბევრი შესანიშნავი მეკარე დაწყებული ლუკა მარკეჯანით, გაგრძელებული ლუკა ბუჩით და დამთავრებული სებასტიანო როსით. ამ უკანასკნელმა ლეგენდარულ "მილანთან" ერთად, ყველაფერი მოიგო, მაგრამ ნაკრებში თამაში არ ღირსებია.
მომავალი
ჯანლუიჯი ბუფონი კარიერის დასრულებას 2018 წლის მუნდიალით აპირებს და ვინ შეცვლის მას? - მიმდინარე სეზონში, საფეხბურთო იტალია ახალმა ჯიჯიმ (ჯანლუიჯი დონარუმა) აალაპარაკა, რომელიც მხოლოდ 16 წლისაა და "მილანის" ძირითად შემადგენლობაში ასპარეზობს. ამბობენ, რომ მის ასაკში ასე კარგად არასდროს, არავის უთამაშია...ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"