დარჩება-არ დარჩება... - მანჩინის ბედი ლიგის საგზურზეა დამოკიდებული

AutoSharing Option
რობერტო მანჩინიმ "ინტერში" სეზონი შესანიშნავად დაიწყო და სერია A-ს სტარტზე მისი გუნდი ლიდერობდა კიდეც სატურნირო ცხრილში.

თუმცა შემდეგ იყო ჩავარდნა, რამაც "ნერაძურის" არათუ ლიდერობა დააკარგვინა, სულაც ჩემპიონთა ლიგის ზონიდან ჩამოაგდო. ერთი ხანობა, მილანური გრანდი ძალიან დაშორდა სამეულს, თუმცა დღეს შედარებით უკეთესი ვითარებაა და "ინტერს" აქვს შანსი, რომ ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე გავიდეს.

მოკლედ, მილანელებს აღმასვლებიც აქვთ და ჩავარდნებიც, მანჩინის მიერ გაწეული სამუშაო კი სეზონის ბოლოს შეფასდება. მთავარი საზომი ჩემპიონთა ლიგის საგზურია და სწორედ აქ გადის ზღვარი წარმატებასა და წარუმატებლობას შორის,
კლუბის პრეზიდენტი ერიკ ტოჰირი კი მწვრთნელს მხარდაჭერას უცხადებს და ფიქრობს, რომ მანჩინი მომდევნო სეზონშიც "ინტერის" მწვრთნელი იქნება:

"ვფიქრობ, მანჩინი დარჩება გუნდში და მომდევნო სეზონშიც "ინტერს" გაწვრთნის, რადგან მთლიანობაში, ნაყოფიერად მუშაობს და მის ხელში გუნდი პროგრესირებს. არის პრობლემები, თუმცა მჯერა, რომ სწორედ მანჩინია ის სპეციალისტი, რომელთან ერთადაც ეს სირთულეები უნდა დავძლიოთ.

მთავარია, ჩემპიონთა ლიგის საგზური მოვიპოვოთ, რადგან ეს გზას გაგვიხსნის, რომ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდი ნაყოფიერად გამოვიყენოთ. აქ ფულში არაა საქმე - უბრალოდ, უმაღლესი კლასის ფეხბურთელებსაც იმ გუნდებში სურთ თამაში, რომლებიც ლიგაზე ასპრეზობენ.

აქვე, მინდა კლუბის ყველა თანამშრომელს გადავუხადო მადლობა, რადგან ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ ერთად ვიმუშავეთ, ერთად გავიზარდეთ და, რაც მთავარია, წინ ამ შრომის ნაყოფი გველოდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული