იტალიის ნაკრები: რატომ მიდის ანტონიო კონტე

AutoSharing Option
ესპანეთთან მატჩის წინ იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე ჟურნალისტებს შეხვდა და აქტუალურ თემებზე საკმაოდ ვრცლად ისაუბრა. მატჩი გუშინ გაიმართა და მას აღარ შევეხებით, თუმცა კონტემ სხვა არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება.

რატომ მივდივარ ნაკრებიდან?
იტალიის ნაკრებში მუშაობა უდიდესი პატივია და არასდროს მინანია, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღე. იყო ქვეყნის მთავარი გუნდის მესაჭე, ეს ნებისმიერი მწვრთნელის ოცნებაა და გამონაკლისი არც მე ვარ.

თუმცა, იყო გარკვეული ფაქტორები, რის გამოც ნაკრებს ვტოვებ და ამაზეც გულახდილად ვისაუბრებ.

როდესაც ფედერკალჩოს წინადადებას დავთანხმდი, შემპირდნენ, რომ ბევრი სამუშაო
მექნებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ჩვენ მოვილაპარაკეთ, რომ გარდა მატჩებისა, გვექნებოდა ორი სანაკრებო შეკრება და ისიც მითხრეს, რომ ამისთვის სერია A-ს კლუბები მზად იყვნენ. რეალობა სხვაგვარი გამოდგა და სიმართლე გითხრათ, დროის დიდი ნაწილი უსაქმოდ გავატარე. ეს არის რეალობა, რომელთანაც გამიჭირდა შეგუება და საბოლოოდ, წასვლის გადაწყვეტილება მივიღე.

თუმცა, ჯერ "სკუადრა აძურას" მწვრთნელი ვარ, წინ უაღრესად მნიშვნელოვანი ტურნირი გველოდება და არავინ იფიქროს, რომ ჩემი გადაწყვეტილება გუნდზე ცუდად იმოქმედებს. ჩვენ ერთ მუშტად შეკრული გუნდი გვყავს, რომელიც პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული.

ვგრძნობთ, რომ ჩვენ უკან იტალიაა
გულშემატკივართა მხარდაჭერა ფეხბურთელებისთვის უმნიშვნელოვანესია და იმედი მაქვს, საფრანგეთში ქომაგობა არ მოგვაკლდება. ვგრძნობ, რომ ჩვენ უკან იტალიაა და ეს განცდა ევროპის ჩემპიონატზე ასჯერ უფრო გამძაფრდება. უდიდესი პასუხისმგებლობა მაკისრია, ეს კარგად მაქვს გააზრებული და რაც შემეძლება, ყველაფერს გავაკეთებ.

რა შანსები გვაქვს ევროპის ჩემპიონატზე? - იტალია ყოფილა დიდი საფეხბურთო ფორუმების ფავორიტი, მაგრამ ვერაფრისთვის მიუღწევია და ყოფილა შემთხვევები, როდესაც მოლოდინი დაბალი იყო, შედეგი კი ტრიუმფალური. შეგვიძლია, რომ უმაღლესი მიზნისთვის ვიბრძოლოთ და თავს ნამდვილად არ დავზოგავთ, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.

შემადგენლობა
წინ ორი თამაში გვაქვს, რამაც მომცა საშუალება, რომ 28 ფეხბურთელი გამომეძახებინა. ამ დროისთვის, გამოკვეთილია 13-14 ფეხბურთელი, რომელთა წაყვანას ევროპის ჩემპიონატზე ვგეგმავ, დანარჩენი კი გამოჩნდება. ჩვენი შემადგენლობა უნდა იყოს კარგად დაბალანსებული, რგოლები კი თანაბრად ძლიერი. ძიების პროცესი გრძელდება, ყველაფერი კი მაისის ბოლოს გადაწყდება.

ჯუზეპე როსიმ უნდა დაამტკიცოს, რომ ეროვნულ ნაკრებში მოხვედრის ღირსია, ამისთვის კი გოლების რეგულარულად გატანაა საჭირო. ერთხელ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, რომ უპირატესობა იმ ფეხბურთელებს მიანიჭებათ, რომლებმაც შესარჩევ ეტაპზე ითამაშეს, მაგრამ თუ რომელიმე ფეხბურთელი კარგად ათამაშდა და სანაკრებო დონე დააკმაყოფილა, მისთვის კარი ყოველთვის ღია იქნება.

ბევრს საუბრობენ დანიელე დე როსიზე, რომელიც ასევე რჩება თვალთახედვის არეში და თუ მაისში ოპტიმალურ ფორმაში იქნება, ისიც მოხვდება სიაში. იგივე შემიძლია ვთქვა ანდრეა პირლოზე, რომელიც შორს არის, თუმცა მასაც ვადევნებთ თვალს.

ახალი ფავორიტი: კაპელო
მიუხედავად იმისა, რომ წინ ევროპის ჩემპიონატია, აქტიურად მიმდინარეობს ანტონიო კონტეს შემცვლელის ძიების პროცესი. როგორც "გაძეტა დელო სპორტი" იუწყება, ახალი ფავორიტი ფაბიო კაპელოა, რომელიც ბოლოს რუსეთის ეროვნულ ნაკრებში მუშაობდა, დღეს კი სრულიად თავისუფალია.

ბოლო ხანს, აქტიურად მუსირებდა სხვადასხვა კანდიდატის გვარები, მათ შორის: რობერტო დონადონი, ვალტერ მაძარი, ალბერტო ძაკერონი, ჯამპიერო ვენტურა, ჯამპიერო გასპერინი და ა.შ.

თუ ავტორიტეტულ გამოცემას ვენდობით, ფედერკალჩოს მესვეურები მაინც სარისკოდ მიიჩნევენ ისეთი მწვრთნელის დანიშვნას, რომელსაც სხვადასხვა კლუბში მეტ-ნაკლები წარმატებით უმუშავია, მაგრამ დიდი გამარჯვებებისთვის არასდროს მიუღწევია.

სწორედ ამიტომ გამოიკვეთა ახალი ფავორიტი - ფაბიო კაპელო, რომელიც უკვე 69 წლისაა. თითქოს სამწვრთნელო კარიერის საუკეთესო წლები უკან მოიტოვა, მაგრამ მაინც კაპელოა და ზურგს უდიდესი გამოცდილება, წარმატებები და ტიტულები უმაგრებს. საგულისხმოა, რომ კაპელოს თანაშემწედ ფაბიო კანავაროს მოიაზრებენ, რომელმაც რამდენიმე დღის წინ გამოთქვა ეროვნულ ნაკრებში მუშაობის სურვილი და შემდეგი განაცხადა:

"იტალიის ნაკრებში მუშაობა დიდი გამოწვევაა, რომელსაც სიამოვნებით მივიღებდი და ვნახოთ, მომეცემა თუ არა ამის შესაძლებლობა. ვფიქრობ, უკვე მაქვს იმდენი გამოცდილება, რომ საპასუხისმგებლო საქმეს მოვეკიდო. წავიკითხე, რომ შესაძლოა ფაბიო კაპელოს ან მარჩელო ლიპის ასისტენტობა შემომთავაზონ. უდიდეს მწვრთნელებთან თანამშრომლობა მხოლოდ პატივია ჩემთვის, თუმცა დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული