ინძაგის პირველი და ნოველინოს უკანასკნელი

AutoSharing Option
რომაულ დერბიში განადგურების შემდეგ "ლაციოს" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან სტეფანო პიოლი გაათავისუფლეს, მისი ადგილი კი სიმონე ინძაგიმ დაიკავა. ახალგაზრდა სპეციალისტის დებიუტი წარმატებული გამოდგა, რადგან მისმა გუნდმა "პალერმოს" სამი უპასუხო გოლი გაუტანა.

არადა, სიცილიაზე დიდი ბრძოლა იყო მოსალოდნელი, რადგან "პალერმო" გასავარდნ ზონაშია და თითოეული ქულისთვის სამკვდრო-სასიცოცხლოდ იბრძვის.

ბრძოლა არ შედგა, რომაელებმა მალევე მოიპოვეს უპირატესობა და მე-15 წუთისთვის უკვე ორი ბურთის სხვაობით იგებდნენ, ორივე გოლი კი მიროსლავ კლოზემ მიითვალა აქტივში. გერმანელმა ჯერ ფეხით იხეირა, შემდეგ კი თავური დარტყმით უწია მიზანს. მესამე გოლი ფელიპე
ანდერსონის ანგარიშზეა, რომელიც მცველს გაექცა და მეკარეს შანსი არ დაუტოვა.

მეორე ტაიმის შუაწელს თამაში რამდენიმე წუთით შეწყდა, რადგან "პალერმოს" ულტრასებმა მინდორზე პეტარდები ისროლეს და მათ დაშოშმინებას გარკვეული დრო დასჭირდა. ავად თუ კარგად, თამაში ჩამთავრდა და "ლაციომ" მნიშვნელოვანი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში, რომელიც რომაულ გუნდს ევროპალიგის საგზურის მოპოვების მცირე შანსს უტოვებს.

მატჩის შემდეგ სიმონე ინძაგი კმაყოფილი იყო შეგირდთა გარჯით: "მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი დღეა, რადგან დებიუტი გამარჯვებით აღვნიშნე. ფეხბურთელებმა დავალება პირნათლად შეასრულეს და იმედია, ასეც გაგრძლდება. ვერ გეტყვით, ვიქნები თუ არა მომდევნო სეზონში "ლაციოს" მწვრთნელი, მაგრამ სანამ აქ ვარ, თავს არ დავზოგავ. მჯერა გუნდის და იმედი მაქვს, რომ სეზონს მაჟორულ ნოტზე დავასრულებთ".

"ლაციოს" მიზანი ევროსაგზურის მოპოვებაა. აი, "პალერმო" კი ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის. სიცილიურ გუნდს ვალტერ ნოველინო ედგა სათავეში, რომელსაც უჭირდა ქულების მოგროვება. წინამორბედებისგან განსხვავებით, მას უკვე დასცალდა რამდენიმე მატჩი. "ლაციოსთან" მარცხის შემდეგ ნოველინო დაჰპირდა გულშემატკივრებს, რომ მომდევნო ტურში "პალერმო" გაცილებით უკეთ ითამაშებს და შეეცდებოდა, რომ ტურინში "იუვენტუსს" პრობლემებს შეუქმნიდა...

ცოტა ხნის მერე ნოველინოს სულ სხვა ხასიათის კომენტარის გაკეთება მოუწია:

"დიახ, "პალერმომ" მომხსნა. ძალიან დამწუხრებული ვარ", - განაცხადა ნოველინომ, რომელსაც "პალერმოს" მოგიჟო პრეზიდენტმა მაურიციო ძამპარინიმ 4 მატჩი აცალა.

ეს სეზონში მეცხრე(!) სამწვრთნელო ცვლილებაა.

დავიდე ბალარდინი "პალერმოში" კიდევ ერთხელ ბრუნდება. ის ამ სეზონში უკვე წვრთნიდა სიცილიურ კლუბს და ძამპარინიმ მას შემდეგ გააგდო, რაც 2017 წლის ზაფხულამდე მოითხოვა კონტრაქტი.

ეს უკვე მეტისმეტია, ძამპარინისთვისაც კი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ტაკიმასხარაა პალერმოს პრეზიდენტი.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული