ნაპოლი-ბოლონია. გამოხმაურება: "ნაპოლი" გვიან გაცოცხლდა

AutoSharing Option
AUTO PLAY
მართალია, "ნაპოლის" სკუდეტოს მოპოვების მხოლოდ თეორიული შანსი შერჩა, მაგრამ "ბოლონიასთან" დამაჯერებელი გამარჯვება მაინც უმნიშვნელოვანესი იყო.

მაურიციო სარის გუნდს სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი აქვს შესანარჩუნებელი, რაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზურს იძლევა და არა საკვალიფიკაციო ეტაპის. რამდენიმე შეხვედრაში წაფორხილების შემდეგ ნეაპოლელებს "რომა" წამოეწიათ, თუმცა "ბოლონიასთან" მატჩმა თითქოს, ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა.

"ნაპოლიმ" 6 უპასუხო გოლი გაუტანა მეტოქეს, რომელთა აღწერა შორს წაგვიყვანს. მხოლოდ ის ვთქვათ, რომ სტუმართა კარში ყველა გემოვნების გოლი გავიდა, თავი კი ორჯერ მანოლო გაბიადინიმ, სამჯერ დრის მერტენსმა და ერთხელაც
დავიდ ლოპესმა გამოიჩინეს. აღსანიშნავია, რომ მერტენსმა და გაბიადინიმ პრაქტიკულად მთელი სეზონი სათადარიგოთა სკამზე გაატარეს და, როდესაც შანსი მიეცათ, ბრწყინვალედ წარმოჩინდნენ.

ჩნდება ლოგიკური კითხვა - უფრო აქტიურად ხომ არ უნდა მიემართა მწვრთნელს როტაციისთვის და ხომ არ აარიდებდა ეს გუნდს იმ კრიზისს, რომელმაც "ნაპოლი" საჩემპიონო რბოლას ჩამოაშორა? - დღეს ამაზე მხოლოდ მკითხაობა შეიძლება, თუმცა ერთი ცხადია: მერტენსს და გაბიადინის გუნდისთვის დიდი სარგებლის მოტანა შეუძლიათ და "ბოლონიასთან" მატჩმა ეს თვალნათლივ დაგვანახვა.

მაურიციო სარი ("ნაპოლის" მწვრთნელი): "კმაყოფილი ვარ შეგირდთა თამაშით, შედეგი კი მართლაც შთამბეჭდავია. გვჭირდებოდა ასეთი მოგება, რომ სეზონი მაჟორულ ნოტზე დავასრულოთ და მიზანს მივაღწიოთ. რა თქმა უნდა, ჩვენ გვსურს სკუდეტო, მაგრამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ და ვაღიაროთ, რომ ჩემპიონობის შანსი, პრაქტიკულად, აღარ დაგვრჩა. ვეცდებით, ჩემპიონთა ლიგის საგზური მოვიპოვოთ, რაც ასევე კარგი შედეგი იქნება. როგორ შევაფასებდი სეზონს? - ამაზე ოთხი ტურის შემდეგ ვისაუბროთ".

დრის მერტენსი (ნაპოლი): "შესანიშნავი საღამო იყო, რომელიც არასდროს დამავიწყდება, რადგან სერია A-ში ჰეთ თრიკის შესრულება იშვიათი მოვლენაა. რა თქმა უნდა, მეტი სათამაშო დრო მსურს, მაგრამ არც ის მავიწყდება, რომ "ნაპოლიში" დიდი კონკურენციაა, მწვრთნელის გადაწყვეტილებას კი ყოველთვის გაგებით ვეკიდები. კლუბის მესვეურებთან მოლაპარაკებას ვაწარმოებ და უახლოეს მომავალში "ნაპოლისთან" კონტრაქტს გავახანგრძლივებ. ნეაპოლში ყველაფერი მომწონს და აქედან წასვლა არ მინდა".

რობერტო დონადონი ("ბოლონიას" მწვრთნელი): "სადაც არ უნდა თამაშობდე და ვისაც არ უნდა ხვდებოდე, 6:0-ის წაგება სამარცხვინოა და ასეთ შედეგს გამართლება არ აქვს. მეტოქემ ყველა კომპონენტში გვაჯობა და დამსახურებულად მოიგო. სერია A-ში ადგილი ჯერ არ შეგვინარჩუნებია და მიზნის მისაღწევად ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული