მაგალითად, გასარკვევია თუ ვინ დაიკავებს მე-2 ადგილს და შესაბამისად, მოხვდება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ყოველგვარი საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე; ბრძოლაა გაჩაღებული ევროპალიგის საგზურისთვის და ისიც გასარკვევია, თუ რომელი 2 გუნდი დატოვებს იტალიის ელიტარულ ლიგას "ვერონასთან" ერთად. ამ ყველაფერზე ქვემოთ...
24-კარატიანი ბრილიანტი
ბოლო ტურში "რომა" "ჯენოას" ესტუმრა და დრამატულ ბრძოლაში გაიმარჯვა მატჩის შემდეგ ლუჩანო სპალეტის ისღა დარჩენოდა, რომ ფრანჩესკო ტოტი ქებით ცაში აეყვანა:
"დაძაბული მატჩი იყო, რომელშიც დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ. ფრანჩესკო ტოტი ფენომენალური ფეხბურთელია და ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით. როდესაც ის თასმას იკრავდა და მოედანს გამგელებული უყურებდა, მივხვდი, რომ "ჯენოა" საფრთხეში იყო. რატომ არ თამაშობს ფრანჩესკო მეტს? - ტოტი არის 24-კარატიანი ბრილიანტი, რომელსაც ყოველდღე უბრალოდ ვერ ატარებ. გააგრძელებს თუ არა კაპიტანი ხელშეკრულებას, ეს კლუბის პრეზიდენტს უნდა ჰკითხოთ - თუ ტოტი გუნდში დარჩება, ძალიან ბედნიერი ვიქნები".
ტოტი უნდა დარჩეს!
39 წლის ტოტიმ ბოლო 4 თამაშში 4 გოლი შეაგდო და თანაც ისე, რომ მოედანზე ყოველთვის მეორე ტაიმში შედიოდა, ხშირად კი ბოლო 10-15 წუთით. ჯერ კიდევ უცნობია, დარჩება თუ არა "იმპერატორი" გუნდში, მისი თანაგუნდელები კი ამას უკვე საჯაროდ ითხოვენ:დანიელე დე როსი: "რატომ გიკვირთ, რომ ფრანჩესკო ტოტის გოლები გააქვს და გუნდისთვის დიდი სარგებელი მოაქვს? - ბოლო 25 წელია ასეა და იმედი მაქვს, რომ კიდევ მინიმუმ, ერთი წელი გუნდში დარჩება. ვფიქრობ, ტოტის წასვლა დაუშვებელია, რადგან მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე უნდა ვითამაშოთ და სკუდეტოსთვის ვიბრძოლოთ".
კევინ სტროტმანი: "მძიმე ტრავმა გადავიტანე, თავს კარგად ვგრძნობ და მინდა, რომ გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო. ოპტიმისტი ვარ და სხვაგვარად არც შეიძლება იყოს, რადგან წინ ფრანჩესკო ტოტის მაგალითი მაქვს. იმედია, კაპიტანი დარჩება გუნდში და მომდევნო სეზონში ჩვენ ერთად მივაღწევთ წარმატებებს".
იგუაინის ფენომენური შედეგი
სერია A-ში 32 გოლის გატანა, მართლაც ფენომენური შედეგია და ამისთვის გონსალო იგუაინს ქებათა ქება ეკუთვნის. ბომბარდირთა დავაში არგენტინელი პირველია და სრულიად უკონკურენტო, რადგან მეორე-მესამე ადგილებზე მყოფ კარლოს ბაკას და პაულო დიბალას მხოლოდ 16-16 გოლი აქვთ შეგდებული, ანუ ზუსტად ორჯერ ნაკლები. მოკლედ, იგუაინმა ნამდვილად დაიმსახურა სკუდეტო, მაგრამ ფეხბურთი გუნდური თამაშია, "ნაპოლიზე" უკეთესი გუნდი კი "იუვენტუსი" გამოდგა...ნეაპოლელებს ერთადერთი მიზანი აქვთ დარჩენილი - როგორმე შეინარჩუნონ მეორე ადგილი და ასცდნენ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპს, რაც ცუდად აქვთ დაცდილი. მაურიციო სარის გუნდმა "ატალანტას" უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით სძლია მეტოქეს, 2:1. თამაში თავსხმა წვიმაში წარიმართა, მასპინძელთა სრული უპირატესობით და შეიძლებოდა, რომ სხვაობა გაცილებით დიდი ყოფილიყო.
მატჩის შემდეგ, სარიმ არა იმდენად კონკრტეტულ თამაშზე, რამდენადაც "ნაპოლის" დიად მიზნებსა და მომავალზე ისაუბრა:
"დიდ ხანს ვიბრძოლეთ სკუდეტოსთვის, მაგრამ, ბოლოს ძალა აღარ გვეყო და სკუდეტო ტურინელებს დარჩათ. ჩვენთან ბევრი გამოუცდელი მოთამაშეა, რომლებიც ასეთი მისიების შესრულებას არ არიან მიჩვეულნი.
იგივე შეიძლება ითქვას ჩემზე, რადგან არც მე მქონდა სკუდეტოსთვის ბრძოლის გამოცდილება. ამ გუნდს დიდი მომავალი აქვს და ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, გამოცდილებასთან ერთად კი გამარჯვეულის მენტალიტეტი მოვა. გავაგრძელებ თუ არა ხელშეკრულებას? - ეს საკითხი სეზონის დასრულების შემდეგ გადაწყდება".
"ნაპოლი" თუ "რომა"?
და მაინც, რომელი გუნდი დაასრულებს ჩემპიონატს მე-2 ადგილზე და შესაბამისად, მოხვდება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში და არა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე? - ამ დროისთვის, "ნაპოლის" 2 ქულით მეტი აქვს, ჩემპიონაის დასრულებამდე კი ამდენივე ტურია დარჩენილი. თუ გუნდებმა თანაბარი რაოდენობის ქულები დააგროივეს, უპირატესობა "რომას" მიენიჭება, რადგან ურთიერთშეხვედრებში სწორედ დედაქალაქელებმა აჯობეს მეტოქეს. ნეაპოლში თამაში ფრედ დასრულდა, "სტადიო ოლიმპიკოზე" კი "რომამ" იმარჯვა. მოკლედ, თანაბარი ქულები "ჯალოროსის" აძლევს ხელს და ესეც ერთგვარი კომპენსაცია დღეს არსეული 2-ქულიანი ჩამორჩენისა.
მომდევნო ტურში, "ნაპოლი" ტორინოს" ესტუმრება, "რომა" კი "კიევოს" მიიღებს. სპალეტის გუნდს უფრო იოლი თამაში აქვს და აქ არის შანსი, რომ მეორე ადგილზე "მგლებმა" აინაცვლონ. სამაგიეროდ, ბოლო ტურში "ნაპოლის" გაცილებით იოლი თამაში აქვს - მაურიციო საარის გუნდი "ფროზინონეს" მიიღებს, "რომა" კი "მილანს" ესტუმრება.
ყველაფერ ამის გათვალისწინებთ, იტალიელი საფეხბურთო ექსპერტები უპირატესობას მაინც "ნაპოლის" ანიჭებენ და მიაჩნიათ, რომ დიდი ალბათობით, სარის გუნდი არ დათმობს მეორე ადგილს.
"სასუოლო" თუ "მილანი"?
გადაწყვეტილი ამბავია, რომ მომდევნო სეზონში, "ინტერი" და "ფიორენტინა" ევროპალიგის გათამაშებაში იასპარეზებენ, ვინ იქნება მესამე იტალიური გუნდი, რომელიც ამ ტურნირის საგზურს მოიპოვებს? - თუ იტალიის თასის ფინალში, "მილანმა" "იუვენტუსს" მოუგო, ეს გუნდი სწორედ "მილანი" იქნება, მაგრამ თუ გამარჯვება ტურინულ გრანდს დარჩა, მაშინ ევროპალიგაზე სერია A-ს მე-6 გუნდი გავა. საქმე ისაა, რომ "იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგაზეა გასული, ახალი წესით კი თასის ფინალისტს ევროსაგზური არ ერგება.მოკლედ, თუ "მილანმა" "იუვესთან" წააგო, რისი ალბათობაც მაღალია, მაშინ ევროპალიგის საგზურს სერია A-ს მე-6 გუნდი მოიპოვებს, ამ პოზიციაზე კი დღეს "სასუოლოა". დიახ, პროვინციული გუნდი ახლოა ისტორიულ მიზანთან, რომ პირველად ისტორიაში საერთაშორისო სარბიელზე გაიჭრას.
ამ მომენტისთვის, "სასუოლო" "მილანს" 1 ქულით უსწრებს, წინ კი 2 მატჩია დარჩენილი. "მილანი" ჯერ "ბოლონიას" ესტუმრება, ხოლო შემდეგ "რომას" მიიღებს, რაც იოლ კალენდარად ნამდვილად ვერ ჩაითვლება. რაც შეეხება "სასუოლოს", ეუსებიო დი ფრანჩესკოს შეგირდები ჯერ "ფროზინონეს" ესტუმრებიან, ხოლო შემდეგ "ინტერს" მიიღებენ.
შანსები თამაბრად ფასდება, რადგან ორივე გუნდს თავისი პლუსი აქვს - "სასუოლოს" ქულით მეტი აქვს, მაგრამ სამაგიეროდ, "მილანს" თასის ფინალი აქვს სათამაშო და თავის თავზეა დამოკიდებული.
ფეხბურთი მოულოდნელობებითაა აღსავსე - 10 წლის წინათ, ვერავინ იფიქრებდა, რომ "მილანი" და "სასუოლო" უშუალო კონკურენტები იქნებოდნენ და დიდი ბრძოლა ექნებოდათ გაჩაღებული. აქვე ვთქვათ, რომ ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა სწორედ "სასუოლოს" აქვს, რადგან "სან სიროზე" 2:1 დამარცხდა, სახლში კი 2:0 სძლია მეტოქეს.
ბრძოლა გა-დარჩენისთვის
მომდევნო სეზონს, "ვერონა" სერია B-ში გაატარებს და მას "ფროზინონეც" მიჰყვება. მართალია, რობერტო სტელონეს გუნდს დარჩენის თეორიული შანსი აქვს, მაგრამ მხოლოდ თეორიული. მოკლედ, "ფროზინონეც" "ვერონას" გზას უნდა გავუყენოთ, მესამე უიღბლო კი ან "პალერმო", იქნება, ან "კარპი", ანაც "უდინეზე". "უდინეზე" უკეთეს ვითარებაშია, კონკურენტებზე 3 ქულით მეტი აქვს, "კარპის" და "პალერმოს" კი ქულათა თანაბარი ოდენობა აქვთ და დიდი ალბათობით, მესამე უიღბლო სწორედ ამ ორ გუნდს შორის გამოვლინდება.
"კარპი" ჯერ "ლაციოს" უმასპინძლებს, ხოლო შემდეგ "უდინეზეს" ესტუმრება. რაც შეეხება "პალერმოს", სიცილიელები ჯერ ფლორენციაში ჩავლენ "ფიორენტინასთან", ხოლო შემდეგ "ვერონას" დაუხვდებიან. ბოლო შეხვედრა "პალერმომ" აშკარად უნდა მოიგოს და შეიძლება, სწორედ ეს იყოს სიცილიელთა მთავარი ბონუსი და უპირატესობა. ამიტომ, იტალიური ფეხბურთის ექსპერტები მცირე უპირატესობას მაინც "პალერმოს" ანიჭებენ.
აქვე ვთქვათ, რომ "პალერმომ" და "კარპიმ" მიმდინარე სეზონში ორი ფრე დასვეს, რაც იმას ნიშნავს, რომ თანაბარი ქულების შემთხვევაში, მათ შორის საუკეთესო ბურთების შეფარდებით გამოვლინდება. ამ დროისთვის, "კარპის" -19 აქვს, "პალერმოს" კი -28, რაც პირველის დიდ უპირატესობაზე მიუთითებს. მოკლედ, თუ "კარპიმ" მოახერხა და "პალერმოს" ქულებით არ ჩამორჩა, მომდევნო სეზონსაც სერია A-ში გაატარებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"