ჯანლუიჯი ბუფონი და ანდრეა ბარძალი "იუვენტუსში" დარჩნენ

AutoSharing Option
იტალიურ სპორტულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "იუვენტუსთან" კონტრაქტი ვეტერანებმა: ჯანლუიჯი ბუფონმა და ანდრეა ბარძალიმ გაახანგრძლივეს.

ჯიჯის კონტრაქტი მომდევნო სეზონის ბოლოს იწურებოდა და ის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდა, ანდრეას ხელშეკრულებას კი ამ ზაფხულს გასდის ვადა და მასთან 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

მოკლედ, ბუფონიც და ბარძალიც ტურინში კიდევ ორი სეზონი ითამაშებენ და სავარაუდოდ, კარიერას ერთად, 2018 წლის ზაფხულში დაასრულებენ. იმ დროისთვის, ბუფონი 40 წლის იქნება, ხოლო ბარძალი - 37-ის.

ჯანლუიჯი ბუფონი და ანდრეა ბარძალი "იუვენტუსის" ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები არიან - მიმდინარე სეზონში, პირველმა
35 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ხოლო მეორემ 30-ში და 1 გოლიც მიითვალა აქტივში. ბუფონმა მოკლე, მაგრამ საინტერესო კომენტარი გააკეთა:

"მხოლოდ ორი წელი დამრჩა ფეხბურთში, მაგრამ ამ მცირე დროში ბევრი ტიტულის მოგება შემიძლია.

რა თქმა უნდა, ჩვენს სამიზნეში რჩება სკუდეტო, რომელიც აგერ, უკვე 5 წელია, არავისთვის დაგვითმია. ასევე, ვეცდები, რომ კარიერაში პირველად ჩემპიონთა ლიგა მოვიგო. ეროვნულ ნაკრებთან ერთად, ევროპის ჩემპიონატის და მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება მინდა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული