ლუკა ტონიმ და კრისტიან აბიატიმ კარიერა დაასრულეს, ანტონიო დი ნატალემ და მიროსლავ კლოზემ კი ბოლო მატჩები გამართეს თავიანთი გუნდების შემადგენლობაში და ჯერ ფიქრობენ, დარჩებიან თუ არა ფეხბურთში.
ანტონიო დი ნატალე (38 წლის)
ტოტო დი ნატალემ "უდინეზეში" 12 წელი გაატარა, 400-მდე მატჩი გამართა და 227 გოლი გაიტანა. მართლაც ფენომენალური შედეგია, თუმცა არ გვიკვირს, რადგან ანტონიოს საგოლე ალღო არასდროს ღალატობდა და ამ წლების განმავლობაში, სწორედ ის იყო უდინელთა მთავარი დამრტყმელი ძალა.
დი ნატალე გულშემატკივრებს "კარპისთან" შეხვედრაში დაემშვიდობა, რომელიც "უდინეზემ" მინიმალური სხვაობით წააგო, ტოტომ კი თერთმეტმეტრიანი დარტყმით იხეირა და გულშემატკივრები აღტაცებაში მოიყვანა. აქვე, მისი კომენტარი:
"არ მეგონა, თუ ჩემი გაცილება ასეთი ემოციური იქნებოდა. თამაშამდე ძალიან მშვიდად ვიყავი და არაფერზე მინერვიულია, მაგრამ შევედი თუ არა გასახდელში, ემოციები მომაწვა და ბავშვივით ავტირდი. სიმართლე გითხრათ, არ მეგონა, თუ ასეთი რამ დამემართებოდა და ხალხის გარემოცვაში ვიტირებდი. დიდი მადლობა გულშემატკივრებს, რომლებმაც ძალიან თბილი გაცილება მომიწყვეს. არასდროს მინანია, რომ კარიერის დიდი ნაწილი "უდინეზეში" გავატარე.
არაფერი მომიგია, მაგრამ ეს არაა მთავარი. ჩემი კარიერის მწვერვალი? - უდინეში გატარებული თითოეული დღე მწვერვალია, რადგან აქ უამრავი მეგობარი შევიძინე და დიდი სიყვარული მივიღე. იტალიის ნაკრებთან ერთად, ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავედი, მაგრამ იქ ესპანეთთან დავმარცხდით.
დასანანია, რომ ასე მოხდა, რადგან ნაკრებთან ერთად მოპოვებული ტიტული ჩემი კარიერის გვირგვინი იქნებოდა. რას ვაპირებ მომავალში? - რამდენიმე დღე ოჯახთან ერთად დავისვენებ, შემდეგ კი გადავწყვეტ, თუ რა უნდა გავაკეთო. მაქვს შემოთავაზებები უცხოეთიდან და თითოეულ მათგანს ყურადღებით განვიხილავ".
კრისტიან აბიატი (38 წლის)
კრისტიან აბიატი "მილანის" გულშემატკივრებს განსაკუთრებულად უყვართ, რადგან თვითონ აბიატის "მილანი" უყვარს და სწორედ ამ გუნდში გაატარა კარიერის დიდი ნაწილი. ერთი ხანობა, სათამაშო პრაქტიკის ძიებაში იჯარით ითამაშა ხან "იუვენტუსში", ხან "ტორინოში" და ხანაც "ატლეტიკოში", მაგრამ, როგორც თვითონ აცხადებს, ის ყოველთვის რჩებოდა მილანელად.
რომ არა ნელსონ დიდა, აბიატის არ მოუწევდა მოგზაურობა და ალბათ, "მილანის" უცვლელი მეკარე იქნებოდა მინიმუმ 15 წლის განმავლობაში... თუმცა, ისედაც დატოვა კვალი ლომბარდიული გრანდის ისტორიაში - აბიატიმ "მილანის" კარი 281-ჯერ დაიცვა და გუნდთან ერთად ტიტულებიც მოიგო: სამჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, ერთხელ თასის მფლობელი, ორჯერ სუპერთასის გამარჯვებული და ერთხელ ჩემპიონთა ლიგის მფლობელი.
აბიატის იტალიის ნაკრებში მხოლოდ 4 თამაში აქვს ჩატარებული და ამ მხრივ, ის კონკურენტების ჩრდილში იყო მოქცეული. ამ და სხვა თემებზე კრისტიანმა საინტერესო კომენტარი გააკეთა:
"მქონდა შემოთავაზებები სხვადასხვა კლუბიდან და შემეძლო, რომ კიდევ ერთი ან ორი სეზონი მეთამაშა, მაგრამ გადავწყვიტე, რომ კარიერა დავასრულო და დრო ოჯახს დავუთმო. ბედნიერი ვარ, რომ "მილანთან" ერთად დიდ წარმატებებს მივაღწიე და ამ გუნდის ისტორიაში ჩემი კვალი დავტოვე.
გულშემატკივრებმა ტაშით გამაცილეს, რაც ჩემთვის ყველაფერზე მეტია. გუნდში ვტოვებ ჯიჯი დონარუმას, რომელსაც უდიდესი მომავალი აქვს.
იტალიის ნაკრებში თავის გამოჩენის შანსი არ მომცემია, რადგან ძალიან ძლიერი კონკურენტები მყავდა. კარიერის საუკეთესო წლებში "მილანიდან" რომ არ წავსულიყავი, ალბათ, ნაკრებში თამაშის მეტი შანსი მექნებოდა. არაფერს ვნანობ და ბედს მადლობას ვწირავ იმისთვის, რაც მაქვს".
ლუკა ტონი (38 წლის)
ლუკა ტონიმ კარიერის ბოლო მატჩი სერია A-ს 37-ე ტურში გამართა, როდესაც "ვერონამ" "იუვენტუსს" უმასპინძლა და მოულოდნელად, დაამარცხა მეტოქე - 2:1. ერთი გოლი სწორედ ვეტერანმა ფორვარდმა შეაგდო და ტრიუმფალურად დაემშვიდობა გულშემატკივრებს. ტონიმ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა:
- როგორ გრძნობთ თავს ფეხბურთის გარეშე?
- დილას იმ განწყობით ვიღვიძებ, რომ ვარჯიშზე უნდა წავიდე და შემდეგ მახსენდება, რომ ბაზაზე არავინ მელოდება. ეს უჩვეულო და უსიამოვნო განცდაა, თუმცა რას ვიზამთ, მარადიული არაფერია.
- როგორც აღნიშნეთ, ვერონაში გსურთ დარჩენა და კლუბის სისტემაში მუშაობა...
- კი, ასეა, თუმცა კლუბის მესვეურებთან ჯერ არ მილაპარაკია. "ვერონა" აუცილებლად უნდა დაბრუნდეს ელიტაში, რადგან ეს გუნდი იმსახურებს ამას. მაქვს ჩემი ხედვები, რომლებსაც სიამოვნებით გავუზიარებ კლუბის პრეზიდენტს.
- მწვრთნელობას არ აპირებთ?
- ჯერჯერობით, ასეთი ზრახვები არ მაქვს, თუმცა რა იქნება 5 წლის შემდეგ, რთული სათქმელია. მე იმ ადამიანთა კატეგორიას მივეკუთვნები, რომლებიც არასდროს არაფერს გამორიცხავენ.
- კმაყოფილი ხართ განვლილი კარიერით?
- საწუწუნო არაფერი მაქვს, რადგან ხალხის სიყვარული დავიმსახურე და ეს ბოლო მატჩში კარგად გამოჩნდა. ვითამაშე უმაღლეს დონეზე და მოვიგე ტიტულები, რაზეც ბავშვობაში ვოცნებობდი და არ მეგონა, თუ ეს ოცნება ამიხდებოდა.
- თქვენი კარიერის მწვერვალი?
- მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებას ვერაფერი შეედრება და ბუნებრივია, რომ 2006 წლის მუნდიალი ჩემი კარიერის მწვერვალია. საკლუბო დონეზე მიუნხენის "ბაიერნში" თამაშს გამოვარჩევ, რადგან ლაპარაკია მსოფლიო ფეხბურთის აღიარებულ გრანდზე. "ბაიერნთან" ერთად, გერმანიის ჩემპიონატი მოვიგე და ესეც ძალიან კარგად მახსენდება.
- რას ეტყვით ახალგაზრდა თავდამსხმელებს?
- ბევრი იშრომონ და არასდროს დანებდნენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"