ისტორიიდან: კალჩოპოლიდან 10 წელი გავიდა

AutoSharing Option
ზუსტად 10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც კალჩოპოლის პროცესზე საბოლოო ვერდიქტი გამოიტანეს: კლუბებიც დასაჯეს, ფეხბურთელებიც და არაერთი მაღალჩინოსანი მოკვეთეს ფეხბურთიდან. ყველაზე მთავარი პირი ლუჩანო მოჯი იყო, ყველაზე მეტად კი "იუვენტუსი" დაზარალდა.

ტურინული გრანდი სერია B-ში დააქვეითეს და ბუნებრივია, რომ გუნდი ვარსკვლავების დიდმა ნაწილმა დატოვა. "იუვეს" გარდა, დაქვეითდა "ფიორენტინაც", "მილანს" და "ლაციოს" კი ქულები დააკლეს.

მას შემდეგ იტალიური კლუბების მესვეურებმა მთლიანად შეცვალეს სატრანსფერო პოლიტიკა და შეწყვიტეს ფეხბურთელებში კოლოსალური თანხების ხარჯვა.

ბევრ კლუბს მფლობელიც შეეცვალა და ოლიგარქები თუ ნავთობ-მაგნატები, რომელთა შესაძლებლობები თითქოს,
განუსაზღვრელი იყო, ბიზნესმენებმა და მენეჯერებმა ჩაანაცვლეს.

როგორც გამოჩნდა, იტალიური საკლუბო ფეხბურთი იდგა სწორედ ამ დიდ, კოლოსალურ ფულზე და არა სისტემაზე, რომელიც მაშინაც უნდა მუშაობდეს, როდესაც გუნდის შესაკრავად 500 მილიონი ევრო არ გჭირდება.

"გაძეტა დელო სპორტმა" კალჩოპოლის 10 წლისთავს ვრცელი მასალა მიუძღვნა და საინტერესო კომენტარებიც გაგვაცნო...

ლუჩანო მოჯი ("იუვენტუსის" ყოფილი გენერალური დირექტორი): "კალჩოპოლის პროცესებმა იტალიური ფეხბურთი, მინიმუმ, 20 წლით დახია უკან და იმედია, დღეს მაინც ხვდებიან ამას ფედერკალჩოს მაშინდელი მესვეურები. ფეხბურთი ცხოვრების ნაწილია და აქაც, ისევე, როგორც ცხოვრებაში, არის გარკვეული გადაცდომები და შეცდომები, მაგრამ ამის გამო ტრაგედია არსად შეუქმნიათ.

როგორ ფიქრობთ, გერმანიაში ან ინგლისში ფრთიანი ანგელოზები ცხოვრობენ? - უბრალოდ, მათ იციან, რომ საკუთარ თავს სასიკვდილო განაჩენი არ უნდა გამოუტანონ.

ვის შეუძლია დაამხოს ესპანელთა ჰეგემონია? - რა თქმა უნდა, ჩვენ და არა ჰოლანდიელებს ან ფრანგებს. კალჩოპოლის 10 წლისთავია? - იქნებ ვიზეიმოთ კიდეც, რომ იტალიური ფეხბურთი კორუფციისგან გავწმინდეთ და ვართ იქ, სადაც ვართ".

ფრანკო კარარო (ფედერკალჩოს ყოფილი პრეზიდენტი): "კალჩოპოლის პროცესებმა იტალიურ ფეხბურთს დიდი დარტყმა მიაყენა, მაგრამ ჩვენ ვერ დავხუჭავდით თვალს იმ კორუფციაზე, რომელიც კალჩოში სუფევდა. ეს თემა იტალიის ფეხბურთის ფედერაციის კომპეტენციას გასცდა და მასში პროკურატურა და სამართალდამცავი ორგანოები ჩაერთვნენ.

თუ ვინმეს ჰგონია, რომ კარაროს შეეძლო ქვეყნის კონსტიტუცია დაერღვია და "იუვენტუსისთვის" ხელი დაეფარებინა, ძალიან ცდება. ეს იყო პროცესი, რომელსაც ვერ ავცდებოდით - მჯერა, რომ დღეს იტალიური ფეხბურთი სუფთაა, პრობლემები კი სწორი და თავდაუზოგავი შრომით აღმოიფხვრება".

ფაბიო კანავარო ("იუვენტუსის" ყოფილი ფეხბურთელი): "არ ვიცი, რა ხდებოდა კაბინეტებში, მაგრამ ჩვენ, ფეხბურთელები, უბრალოდ, გავდიოდით მოედანზე და ჩვენს საქმეს ვაკეთებდით. ყველა თამაშზე ბოლომდე ვიხარჯებოდით და არც მსაჯებისგან გვიგრძვნია მხარდაჭერა. არ ვიცი, ვის სჭირდებოდა კალჩოპოლი, მაგრამ ფაქტია, რომ იტალიური საკლუბო ფეხბურთის დონე დაეცა. 10 წლის შემდეგ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ კალჩოპოლის შედეგები უმძიმესი გამოდგა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული