ანტონიო კონტე: შეეგუეთ, რომ ანდრეა პირლო ევრო 2016-ზე ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
იტალიის ნაკრები განაგრძობს მზადებას ევროპის ჩემპიონატისთვის და ბუნებრივია, რომ კოვერჩიანოს საწვრთნელი ბაზა ყურადღების ცენტრში რჩება. ანტონიო კონტემ 30-კაციანი შემადგენლობა დაასახელა და შემდეგ ბრიფინგიც გამართა.

- ორი წელიწადი ვიშრომეთ იმისთვის, რომ ევროპის ჩემპიონატს იდეალურად მომზადებულნი შევხვდეთ. არის პრობლემები და მათ შორის, საკადრო, მაგრამ განწყობა ოპტიმისტური მაქვს და ვფიქრობ, რომ ევროპის გაოცება შეგვიძლია. ფეხბურთელები პასუხისმგებლობით ეკიდებიან საქმეს და მათი იმედი უნდა გვქონდეს.

- კლაუდიო მარკიზიოს და მარკო ვერატის შეცვლა არ გაგიჭირდებათ?
- ორი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი დავკარგეთ, რომელთა შეცვლა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. მათ მაგივრად
სხვა ფეხბურთელები ითამაშებენ და შეეცდებიან, რომ თავიანთი მაქსიმუმი გაიღონ. რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ, ჩვენი შუახაზი შესუსტდა, მაგრამ ფეხბურთი გუნდური თამაშია და ეს კარგად უნდა გვახსოვდეს.

- ანდრეა პირლო და სებასტიან ჯოვინკო განაცხადს მიღმა დატოვეთ...
- უნდა შევეგუოთ იმ აზრს, რომ პირლო და ჯოვინკო ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებენ. ამ თემაზე დიდხანს ვიმსჯელეთ და ყველა დეტალი ათასჯერ ავწონეთ, საბოლოო გადაწყვეტილება კი უკვე მიღებულია. პირლო დიდი ფეხბურთელია, ჯოვინკოც ძალიან მომწონს, მაგრამ გუნდს თავისი მონახაზი აქვს და გეგმების შეცვლა არ იქნებოდა მართებული.

- პირლოს თუ ელაპარაკეთ ამ თემაზე?
- ველაპარაკე და ის გაგებით მოეკიდა ჩემს გადაწყვეტილებას. როდესაც ანდრეა ამერიკაში მიდიოდა, ვუთხარი, რომ ეს შეამცირებდა მის ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრების შანსს, თუმცა მან გააკეთა თავისი არჩევანი.

- ამხანაგურ მატჩებს ფინეთთან და შოტლანდიასთან გამართავთ. რას ელით ამ მატჩებისგან?
- ევროპის ჩემპიონატის ჯგუფში ირლანდიასთან, შვედეთთან და ბელგიასთან მოგვიწევს დაპირისპირება. შოტლანდია ირლანდიის მსგავს ფეხბურთს თამაშობს, ხოლო ფინეთი შვედეთს ჰგავს, რამაც განაპირობა კიდეც ჩვენი არჩევანი. რაც შეეხება ბელგიას, ამხანაგურად ვეპაექრეთ და კარგად ვიცი, თუ რას უნდა ველოდოთ ამ გუნდისგან.

***
ჯანლუიჯი ბუფონი: "ვერატის და მარკიზიოს სახით, ორი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი დავკარგეთ და ბუნებრივია, რომ ეს პრობლემებს შეგვიქმნის. ისედაც არ გვყავს ვარსკვლავებით დახუნძლული შემადგენლობა და გამომდინარე აქედან, იტალიის ნაკრებისგან ბევრს არაფერს ელოდებიან. თუმცა, ფეხბურთი გუნდური თამაშია, ჩვენ კი ტაქტიკური განსწავლულობით და ბრძოლისუნარიანობით არავის ჩამოვრჩებით. იტალიას შეუძლია იოცნებოს და ეს ოცნება რეალობად იქცეს".

ჯორჯო კიელინი: "სერია A-ს გასულმა გათამაშებამ დაგვანახა, რომ შეუძლებელი არაფერია და წარმატების მიღწევა მაშინაც შეგიძლია, როდესაც ამის არავის სჯერა. "იუვენტუსის" ფეხბურთელები ნაკრების შეკრებაზე სწორედ ამ განწყობით მოვედით და შევეცდებით, რომ ეს ჟინი და ბრძოლისუნარიანობა სხვებსაც გადავდოთ. ევროპის ჩემპიონატის მთავარ ფავორიტებად გერმანიას, ესპანეთს და საფრანგეთს მიიჩნევენ, შემდეგ კი ინგლისს და ბელგიას ასახელებენ. იყოს ეგრე, ჩვენ კი შევეცდებით, რომ მოედანზე დავამტკიცოთ ჩვენი სიძლიერე".

მოტა და მონტოლივო კითხვის ნიშნის ქვეშ
იტალიის ნაკრებს საკადრო პრობლემები არ ელევა და კოვერჩიანოდან ახალი ინფორმაცია ვრცელდება. წვრთნებში სამი ფეხბურთელი ვერ მონაწილეობს: ტიაგო მოტა, რიკარდო მონტოლივო და ფედერიკო ბერნარდესკი.

"გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, მონტოლივო და მოტა სანაკრებო შეკრებაზე დაშავებულნი გამოცხადდნენ და ჯერ უცნობია, რამდენად მძიმეა მათი ტრავმა. ორივეს კუნთი აქვს გაჭიმული, ექიმები კი ამბობენ, რომ რეალური სურათი 3-4 დღეში გამოიკვეთება. არაა გამორიცხული, მოტაც და მონტოლივოც სახლში გააბრუნონ.

ბერნარდესკის მაღალი ტემპერატურა აქვს, რის გამოც ვარჯიშს ვერ ახერხებს. საგანგაშო თითქოს, არაფერია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ანტოინიო კონტეს კიდევ 7 ფეხბურთელი ჰყავს გასაცხრილი და თუ ბერნარდესკიმ მწვრთნელს ვარჯიშებზე არ მოაეწონა თავი, მისი სახლში წასვლის შანსი მკვეთრად გაიზრდება.

აქვე ვთქვათ, რომ კონტემ 23-კაციანი განაცხადი 31 მაისს უნდა დაასახელოს.

კაპელოს უცნაური რჩევა
იტალიის ნაკრებთან დაკავშირებით, საინტერესო კომენტარი გააკეთა ფაბიო კაპელომ, რომელსაც ზედმეტი წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება:

"ვფიქრობ, რომ იტალიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე წარმატების მიღწევის კარგი შანსი აქვს. მართალია, რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დავკარგეთ, მაგრამ კონტე ეძებს გამოსავალს და დარწმუნებული ვარ, რომ არ შეცდება.

პირველი თამაშია მნიშვნელოვანი და თუ ბელგიას მოვუგებთ, შემდეგ ბოლომდე გავალთ. რა ტაქტიკით ვათამაშებდი "აძურას"? – 9-0-1 სქემა ოპტიმალური მგონია – წინ ფორვარდი უნდა დარჩეს, უკნიდან კი დანარჩენებმა მწყობრად და ენერგიულად იმუშაონ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
როდესაც იტალიას საკადრო პრობლემები ჰქონდა, გამოსავალი ყოველთვის კატენაჩო იყო. ასეთ დროს იტალიას ყოველთვის აქვს ჯოკერი და ვფიქრობ, ახლა სწორედ კატენაჩოს დროა. ძლიერი დაცვა, კონტრშეტევა და შანსების მაქსიმალურად გამოყენება. სხვანაირად ამ შემადგენლობით იტალია ვფიქრობ შოირსვერ წავა
levan
17:17 26-05-2016
0
მაგაში კი მართალი ხარ მაგრამ საკატენაჩო ფეხბურთელებიც რო აღარ დარჩნენ ამ იტალიაში?
levan-s
17:52 26-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული