სანამ ბერლუსკონი ჩინელებთან ვაჭრობს, გალიანი საქმეს შეუდგა

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ უცნობია, თუ ვინ იქნება "მილანის" აქციათა საკონტროლო პაკეტის მფლობელი თუნდაც ერთი თვის შემდეგ, კლუბი აქტიურ სატრანსფერო საქმიანობას ეწევა. ქვემოთ, ბოლო სიახლეებს გაგაცნობთ...

ბალოტელი მიდის
თვით სილვიო ბერლუსკონიმ განაცხადა, რომ "მილანი" არ აპირებს მარიო ბალოტელის შენარჩუნებას და მას ახალი გუნდის ძიება მოუწევს. 25 წლის თავდამსხმელი "ლივერპულის" საკუთრებაა, რომელიც თავის მხრივ, არაა დაინტერესებული მარიოს დაბრუნებით და სურს, რომ სარფიანად გაასხვისოს. თუმცა, ბალოტელის ყიდვა არავის უნდა, "მილანმა" კი იჯარის გახანგრძლივებაც იუარა.

სამაგიეროდ, "ლაციო" ყოფილა დაინტერესებული ბალოტელის გადაბირებით და "ლივერპულის" მესვეურებთან
მოლაპარაკებას აწარმოებს. ლაპარაკია 1-წლიან საიჯარო ხელშეკრულებაზე, გამოსყიდვის პერსპექტივით. ინგლისური კლუბი მზადაა, რომ ფეხბურთელი იტალიაში დატოვოს, რომაელებს კი თავად მარიოსთანაც მოუწევთ შეთანხმება ხელფასის ოდენობასთან დაკავშირებით.

როგორც "ლაციოს" ვიცე-პრეზიდენტმა იგლი ტარემ განაცხადა, ბალოტელი მათთვის საინტერესო და სასურველი ფეხბურთელია, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ხელფასის შემცირებას დათანხმდება. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები...

ელ შაარავის ბედი "რომას" ხელში
"მილანის" გულშემატკივრები სინიშა მიხაილოვიჩის მთავარ შეცდომად გუნდიდან სტეფან ელ შაარავის გაშვებას მიიჩნევენ. 23 წლის შემტევი ჯერ "მონაკოში" გაანათხოვრეს, ხოლო შემდეგ "რომაში", სადაც ჩაამთავრა კიდეც სეზონი და შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა.

"პატარა ფარაონმა" დედაქალაქური გუნდის შემადგენლობაში 16 მატჩი გამართა და 8 გოლი შეაგდო, რითაც დიდი წვლილი შეიტანა ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაში. სად ითამაშებს ელ შაარავი მომდევნო სეზონში? - ამ თემაზე კომენტარი "მილანის" ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ გააკეთა:

"თუ "რომას" მესვეურებს ელ შაარავის შენარჩუნება სურთ, მის სანაცვლოდ 13 მილიონი ევრო უნდა გადაიხადონ. საქმე 22 ივნისამდე უნდა მოგვარდეს და რომაელებმა ეს კარგად იციან. გავრცელდა ცნობები, რომ "ჯალოროსის" მესვეურები სტეფანის სანაცვლოდ 9 მილიონ ევროს შემოგვთავაზებენ, მაგრამ აქედანვე ვამბობ, რომ ჩვენ ვაჭრობას არ ვაპირებთ.

საიჯარო ხელშეკრულებაში ჩადებულია პუნქტი გამოსასყიდი თანხის ოდენობასთან დაკავშირებით და თუ "რომას" ეს პირობები არ აწყობს, ელ შაარავი "მილანში" დაბრუნდება".

დაბრუნდება იბრა?
"გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, "მილანის" ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი ზლატან იბრაჰიმოვიჩის პირად აგენტ მინო რაიოლას შეხვდა.

ლომბარდიული გრანდი 34 წლის შვედი ფორვარდის გადაბირებითაა დაინტერესებული და ეს შეხვედრაც ამ მიზნის მიღწევას ემსახურებოდა. იტალიელ ჟურნალისტთა ცნობით, "მილანი" მზადაა, რომ ზლატანს წელიწდში 6 მილიონი ევრო გადაუხადოს, ბოლო სიტყვა კი სწორედ შვედ ფორვარდზეა.

ამ თემაზე გალიანიმ მოკლე კომენტარი გააკეთა: "იბრაჰიმოვიჩი დიდებული ფეხბურთელია და მას შეუძლია, რომ "მილანი" დააბრუნოს ლიდერთა შორის. ჩვენ არ შეგვიძლია ფეხბურთელს წელიწადში 9 მილიონი ევრო გადავუხადოთ და ეს არის პრობლემა, რომელიც კომპრომისის გზით უნდა მოგვარდეს. ამაზე მეტს დღეს ვერაფერს გეტყვით".

ვასკესი თუ კოვაჩიჩი?
"მილანის" მესვეურებს გამთამაშებლის გადაბირება სურთ და ორ ფრონტზე აწარმოებენ მოლაპარაკებას. დიდია შანსი, რომ მომდევნო სეზონიდან "როსონერის" ღირსება ან ფრანკო ვასკესმა დაიცვას, ანაც მატეო კოვაჩიჩმა.

"გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, "მილანის" მესვეურები მადრიდის "რეალის" წარმომადგენლებთან აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებენ 22 წლის კოვაჩიჩის იჯარით აყვანასთან დაკავშირებით და ისიც კი ითქვა, რომ გარიგებას მწვანე თვით ფლორენტინო პერესმა აუნთო. შეგახსენებთ, რომ "რეალში" გადაბარგებამდე, კოვაჩიჩი "ინტერში" ირიცხებოდა და იტალიაში თამაშის 2-წლიანი გამოცდილება აქვს.

ალტერნატიული ვარიანტი 27 წლის ვასკესია, "პალერმოს" გამოკვეთილი ლიდერი, რომლის გადაბირება კიდევ რამდენიმე იტალიურ და ევროპულ კლუბს სურს. ჯერ კიდევ 2 წლის წინ, სიცილიელთა პრეზიდენტი ვასკესის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს ითხოვდა, მაგრამ დღეს განსხვავებული ვითარებაა და თანხის განახევრება მოუწევს.

ჯერ ერთი, ვასკესია ორი წლით უფრო ასაკიანი და მეორე, ერთი წლის თავზე კონტრაქტის ვადა ეწურება და თავისუფალი აგენტის სტატუსით შეძლებს "პალერმოს" დატოვებას. კონტრაქტის გახანგრძლივებას ფეხბურთელი არ აპირებს, რაც პრეზიდენტს აიძულებს, რომ სატრანსფერო ფასი მკვეთრად დასწიოს.

"მილანი" უკვე სატრანსფერო ციებ-ცხელებაშია და საინტერესო ინფორმაციებიც სულ უფრო ხშირად ვრცელდება. ამასობაში, ახლოვდება ის თარიღი, როდესაც სილვიო ბერლუსკონიმ კლუბის აქციების გაყიდვასთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და ჩინელ ინვესტორებთან მოლაპარაკება დაასრულოს.

ბერლუსკონიმ ღიად განაცხადა, რომ დადგა დრო, "მილანის" მართვის სადავეები სხვას გადაულოცოს. მოკლედ, სანამ დონ სილვიო ჩინელებთან ვაჭრობს, გალიანი საქმეს შეუდგა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული