ერიკ ტოჰირი: რობერტო მანჩინი ჩვენი მთავარი ვარსკვლავია

AutoSharing Option
"ინტერის" პრეზიდენტი ერიკ ტოჰირი იტალიელ სპორტულ ჟურნალისტებს შეხვდა და განვლილი სეზონის გარდა, კლუბის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, სიტყვა პირდაპირ მას გადავცეთ.

განვლილი სეზონი
იტალიის ჩემპიონატი მეოთხე ადგილზე დავასრულეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპლიგაზე ვიასპარეზებთ. მეტი გვსურდა, მაგრამ დროს უკან ვერ დავაბრუნებთ და არსებულ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. ვფიქრობ, რომ "ინტერმა" უკეთ ითამაშა, ვიდრე წინა სეზონში და ეს იქიდანაც ჩანს, რომ 12 ქულით მეტი ავიღეთ.

შესაძლოა, მომდევნო სეზონშიც ამდენი ქულა ავიღოთ და საუკეთესო სამეულში მოვხვდეთ. სეზონის პირველ ნახევარში შესანიშნავად
ვითამაშეთ, შემდეგ კი გვქონდა ჩავარდნა, რაც სამწვრთნელო და სამედიცინო შტაბმა კარგად უნდა გააანალიზოს. იმედია, მომდევნო სეზონში ასეთი რამ აღარ განმეორდება.

სატრანსფერო გეგმები
ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შემთხვევაში, სატრანსფერო ბაზარზე გაცილებით თავისუფლად ვიქნებოდით, რადგან ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე თამაში დიდ შემოსავლებს ნიშნავს.

საქმე ეხება ფინანსურ ფეარ პლეის, რომლის დარღვევის შემთხვევაში, სანქციები დაგვეკისრება და ევროტურნირებიდან მოგვკვეთავენ. შემიძლია დოტაციის გზით, კლუბში ფული დავაბანდო და ვარსკვლავები მოვიყვანო, მაგრამ თუ დაგვსაჯეს, ყველაფერი წყალში ჩაგვეყრება.

ამ დროისთვის, ჩვენი წლიური სახელფასო ბიუჯეტი 80 მილიონი ევროა და ალბათ, ეს თანხა არ შეიცვლება.

მწვრთნელი
რობერტო მანჩინი ჩვენი მთავარი ვარსკვლავია და დარწმუნებული ვარ, რომ ერთად დიდ წარმატებას მივაღწევთ. გვჯერა ჩვენი ერთობლივი პროექტის და ვფიქრობ, რომ პროგრესი სახეზეა. მანჩინისთან კონტრაქტით კიდევ ერთი წელი გვაკავშირებს და დიდი იმედი მაქვს, რომ ხელშეკრულება გახანგრძლივდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული