"როსონერის" ახალი მთავარი მწვრთნელი ვინჩენცო მონტელაა და სწორედ ამ ამბით დავიწყოთ.
მონტელას პირველი კომენტარი
42 წლის ვინჩენცო მონტელა ბოლოს "სამპდორიას" ედგა სათავეში, იქამდე კი "ფიორენტინას" და "კატანიას" წვრთნიდა. ყველაზე წარმატებულად ფლორენციაში იმუშავა. აი, გენუაში კი აშკარად ვერ გაამართლა გაცემული ავანსები. მიუხედავად ამისა, მისი პერსონით "მილანის" მესვეურები დაინტერესდნენ და საქმეც მალე გაჩარხეს. მონტელამ ლომბარდიულ გრანდთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და სეზონში 2,3 მილიონ ევროს მიიღებს.
მონტელას ოფიციალური პრეზენტაცია უახლოეს დღეებში შედგება, იქამდე კი "მილანის" ახალმა მწვრთნელმა მოკლე კომენტარი გააკეთა:
"შეთანხმება შედგა და ძალიან გახარებული ვარ. "მილანი" დიდი გუნდია, რომლის გაწვრთნა ჩემთვის უდიდესი პატივია. გვაქვს პროექტი, რომელიც ერთად უნდა განვახორციელოთ და გუნდს ძველი დიდება დავუბრუნოთ. "მილანს" შეუძლია უკვე მომდევნო სეზონში უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა და საამისოდ ყველაფერს გავაკეთებთ".
კმაყოფილი გალიანი
ჟურნალისტებმა "მილანის" ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი გამოიჭირეს და მას რამდენიმე კითხვა დაუსვეს...- როდის გადაწყდა, რომ "მილანის" მწვრთნელი მონტელა იქნებოდა?
- არ ვიცი, დილიდან არაფერი მიჭამია და სიმართლე გითხრათ, აღარც მახსოვს. მთავარია, რომ ასეთი სურვილი გაჩნდა და შემდეგ ყველაფერი დადებითად მოგვარდა, რაც ძალიან მახარებს.
- მაინც რატომ შეჩერდა არჩევანი მონტელაზე?
- ახალგაზრდა და პერსპექტიული სპეციალისტია, რომელსაც ზურგს გამოცდილება უმაგრებს. ვესაუბრეთ ვინჩენცოს, მოგვეწონა მისი ხედვა და ბევრი აღარ გვიფიქრია. მჯერა, რომ სწორი არჩევანი გავაკეთეთ.
- რას შეიძლება "მილანმა" მიაღწიოს მონტელასთან ერთად?
- ვინჩენცოსთან ერთად, ყველაფერს თავიდან ვიწყებთ და შევეცდებით, რომ გუნდს ძველი დიდება დავუბრუნოთ. აღარ შეიძლება სეზონის ჩაგდება და ახალ მწვრთნელს ეს კარგად ესმის.
- რა გეგმები გაქვთ სატრანსფერო ბაზარზე?
- კლუბში მიმდინარე ცვლილებებიდან გამომდინარე, ეს მეტად რთული საკითხია და დღეს ამ თემაზე საუბარი გამიჭირდება. ჩვენი მიზანი გაძლიერებაა და ეს ასეც მოხდება.
ბერლუსკონის თანხმობა
ამასობაში, სილვიო ბერლუსკონი "მილანის" აქციების 80%-ის გაყიდვას დათანხმდა და საქმე, პრაქტიკულად, მოგვარებულია. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, 7 ივლისს კლუბი აზიელი ინვესტორების ხელში გადავა. როგორც ცნობილია, ჩინელები 750 მილიონ ევროს გადაიხდიან, საიდანაც 240 მილიონად კლუბის ვალები დაიფარება, დანარჩენ თანხას კი პირადად ბერლუსკონი მიიღებს.
"გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, სილვიო ბერლუსკონი კიდევ 3 წელიწადი იქნება "მილანის" პრეზიდენტი, შემდეგ კი პოსტის დატოვება მოუწევს. სამაგიეროდ, ბერლუსკონი ინარჩუნებს აქციების 20%-ს, რომლის გასხვისებას არც პრეზიდენტის პოსტის დატოვების შემდეგ აპირებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"