ნაწყვეტი ავტობიოგრაფიიდან: მე არ ვარ რასისტი, მე ნაცისტი ვარ!

AutoSharing Option
"თქვენ შეიძლება მთელი ცხოვრება იცხოვროთ რომში და საერთოდ არ იცოდეთ, რა არის კვარტიჩოლო. ამ რაიონზე საერთოდ ძალიან იშვიათად ლაპარაკობენ. აქ სახლები იყო ერთნაირი. როგორც ჩანს იმიტომ, რომ ერთ მეზობელს არ ეფიქრა, რომ მეორეზე ცოტა მეტად გაუმართლა.

ამ რაიონში ცხოვრობდა ხალხი, რომელიც არც ერთ კლასს არ ეკუთვნოდა. ეს იმიტომ, რომ რომელიმე კლასის მისაკუთვნებლად მათ საკმარისი თანხა არ ჰქონდათ. ეს ასე იყო, მაგრამ არც უსახლკაროები გვეთქმოდა." - ასე იწყება ცნობილი და სკანდალური იტალიელი ფეხბურთელის, პაოლო დი კანიოს ავტობიოგრაფია.

ეს მოგვიანებით ალაპარაკდა მთელი
მსოფლიო დი კანიოზე, თორემ მისმა ბავშვობამ ერთ-ოთახიან ბინაში ჩაიარა. იქ პაოლო სამ ძმასთან და მშობლებთან ერთად ცხოვრობდა. ეზო იყო ვიწრო და ამ ეზოში მუდამ ეკიდა სარეცხი. დღეში 8-9 საათის განმავლობაში პაოლო ამ ეზოში ფეხბურთს თამაშობდა.

ზედმეტი წონა, ჩანგალი ზურგში და ნიჭი
პაოლო ფეხბურთს თავიდან ძალიან ცუდად თამაშობდა. 7 წლისა ის ძალიან მსუქანი იყო. ექიმების მოთხოვნა მკაცრი იყო - დი კანიოს უნდა ევლო ცურვაზე და მშობლებს მისთვის სპეციალური ფეხსაცმელი უნდა შეეძინათ. პირველი საშუალება დი კანიოს საშინლად არ მოეწონა. მეორე კი ეამა. მით უმეტეს, ბიჭმა წონაში დაკლება დაიწყო.

მოგვიანებით დი კანიო იტყვის, რომ სწორედ ცურვამ შეაყვარა მას ვარჯიშები და მისცა იმის უნარი, რომ ყოველ წვრთნაზე მაქსიმალურად დახარჯულიყო. ერთ წელიწადში ზედმეტი წონა გაქრა. "ჩემი დაცინვაც კი ვერ მოასწრეს თანატოლებმა." - იხსენებდა მოგვიანებით დი კანიო.

ოდნავ მოგვიანებით ფეხბურთელის დედამ, პიერინამ გადაწყვიტა, რომ ბიჭს სამსახიობო ნიჭი ჰქონდა და მიიყვანა ის "ზოროს" კასტინგზე. დი კანიო ჟიურის მოეწონა, მაგრამ ოჯახს არ აღმოაჩნდა 50 ათასი ლირა (დაახლოებით 30 ევრო) აუცილებელი ფოტოსესიისათვის.

დედა პიერინამ ეს შემთხვევა ვერასოდეს დაივიწყა. მაშინაც კი, როცა პაოლო ცნობილი ფეხბურთელი გახდა, ის ეუბნებოდა შვილს, რომ მან ბოლომდე ვერ შეძლო საკუთარი თავის რეალიზება.

მსახიობობისადმი ლტოლვა დი კანიოსაც ბოლომდე გაჰყვა. მისი თქმით, ის ძალიან ხშირად წარმოიდგენდა, რომ მინდორზე კი არა, სცენაზე გადიოდა. მოგვიანებით მან ითამაშა ფილმში "პარალელური გზები", მაგრამ ამ ფილმს არანაირი წარმატება არ ჰქონია.

13 წლისა იყო დი კანიო, როცა "ლაციოში" გასინჯვაზე მივიდა. რამდენიმე წუთში ის უკვე კლუბის სკოლაში მიიღეს. იღბლიან დღეებში პაოლო "ლაციოს" თამაშებზე ბურთს აწვდიდა ფეხბურთელებს.

პაოლოს თავიდანვე არ ჰქონდა რბილი ხასიათი. მან ძმის, ჯულიანოს ველოსიპედი გაყიდა იმისათვის, რომ ძმა-ბიჭები სათამაშო ავტომატების დარბაზში წაეყვანა. ჯულიანო მაგრად გაბრაზდა და პაოლო სცემა. პაოლომ დრო იხელთა და როცა შინ არავინ იყო, ძმას ჩანგალი გაუყარა ზურგში.
1982 წელს იტალიამ მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. დი კანიომ ტრიუმფი ორიგინალურად აღნიშნა - იცეკვა ავტომანქანა "ფიატის" სახურავზე. ეს "ლაციოს" სკოლის მწვრთნელმა შეამჩნია და შეგირდს ერთი - ორჯერ სახეში გაულაწუნა.

"რატომ ხარ ასეთი? შენ შენს ნიჭს უნდა გაუფრთხილდე." - უთხრა მწვრთნელმა შეგირდს. პაოლოს ეს სიტყვები კარგა ხანს დაამახსოვრა.
ერთხელ დი კანიომ გაკვეთილები გააცდინა. მამამ ის ორიგინალურად დასაჯა. მთელი დღის განმავლობაში ცემენტით სავსე ტომრები ათრევინა.

ფაშისტი
80-იანი წლებში "ლაციოს" გულშემატკივართა შორის მრავლად გამოჩდნენ ულტრასი გულშემატკივრები, რომელთაც აშკარად ჰქონდათ მიდრეკილება ფაშისტური იდეალებისაკენ. ჯერ კიდევ მაშინ გამოხატავდა მათ მიმართ სიმპატიას დი კანიო.

"მე არ ვარ რასისტი, მე ნაცისტი ვარ." - დი კანიოს ეს გამონათქვამი სამუდამოდ დარჩა ფეხბურთის ისტორიაში. მართლაც, ჩვენი წერილის გმირი ყოველთვის განსაკუთრებულად ესალმებოდა "ლაციოს" ფანატებს, რომელთა ქცევაში ჭარბობდა ფაშისტური ელემენტები.

დი კანიომ წარმატებით ითამაშა ინგლისში და კარიერის ბოლოს ისევ მშობლიურ "ლაციოს" დაუბრუნდა. მან "რომას" კარში გატანილი გოლი სკანდალურად აღნიშნა. გაიქცა "ლაციოს" ულტრასებისაკენ და ისე მიესალმა მათ, როგორც ეს ძველი რომის ლეგიონერებში იყო მიღებული.

ეგაა, ასეთი მისალმება ტრადიციული იყო ფაშისტურ გერმანიასა და იტალიაშიც. მას ბენიტო მუსოლინის "შავპერანგიანები" იყენებდნენ.
2006 წელს დი კანიომ "ლაციოში" თამაში დაასრულა. რომაული კლუბის გარდა მან მოირგო "ტერნანას" "იუვენტუსის", "ნაპოლის", "მილანის", "სელტიკის", "შეფილდ უენსდეის", "ვესტ ჰემის", "ჩარლტონისა" და "ჩისკო რომას" მაისურები.

და თითქმის ყველა ამ კლუბს ის სკანდალით ტოვებდა.
დი კანიომ არაერთ გამორჩეულ პიროვნებასთან მოასწრო ჩხუბი. მათ შორის - ფაბიო კაპელოსთან.

სამწვრთნელო ასპარეზზე: მე მათ არ ვკლავო!
დი კანიოს ჯერ კიდევ არ ჰქონდა დასრულებული საფეხბურთო კარიერა, როცა მან სამწვრთნელო კურსებზე დაიწყო სიარული. მას არ ჰქონდა გრანდიოზული გეგმები, უბრალოდ ოცნებობდა, რომ ჩაებარებინა ყოფილი კლუბი "ვესტ ჰემი".
დასაწყისი მოკრძალებული იყო - ინგლისის მეოთხე დივიზიონის კლუბი "სუინდონი". და სულ მალე დი კანიოს გაწვრთნილმა გუნდმა ინგლისის თასის გათამაშებიდან "უიგანი" გამოთიშა. ამასთან, მოიგო საკუთარი დივიზიონი და აღზევდა მესამე ლიგაში.

მერე კლუბს ფული გამოელია. დი კანიომ საკუთარი ჯიბიდან გადაიხადა 30 ათასი გირვანქა, რათა რამდენიმე ფეხბურთელი შეენარჩუნებინა. კლუბის ხელმძღვანელობა იტალიელთან ჩაიჭრა. მათ ისე გაყიდეს "ბორნმუთში" მეტ რიჩი, რომ ამის თაობაზე დი კანიოსათვის საერთოდ არ უცნობებიათ.

ამავე დროს, კლუბის ქომაგები აღმერთებდნენ დი კანიოს. იყო ასეთი შემთხვევა: ჩვენი გმირ მთელი ღამის განმავლობაში კლუბის ქომაგებთან ერთად თოვლისგან წმენდდა სტადიონს. მეორე დღეს "სუინდონმა" ითამაშა და 2:0 მოიგო. დი კანიომ ყველას უყიდა საჭმელი, ვინც მასთან ერთად მუშაობდა და ზედ ლუდიც დააყოლა.

Sportall.Ge

აქედან ერთ თვეში დი კანიომ პრემიერლიგური "სანდერლენდი" ჩაიბარა. ამ კლუბში მისი დანიშვნა მხოლოდ მას შემდსეგ გახდა შესაძლებელი, რაც ვიცე-პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა დევიდ მილიბანდი.

ინგლისის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი შეუძლებლად მიიჩნევდა დი კანიოსთან თანამშრომლობას მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო.
დი კანიომ 3:0 მოუგო დერბი "ნიუკასლს", ქულები მერეც აიღო და გუნდს ინგლისურ პრემიერლიგაში ადგილი შეუნარჩუნა. მომდევნო სეზონის დასაწყისი "შავი კატებისთვის" კოშმარული იყო - მხოლოდ ქულა ხუთ შეხვედრაში.

დი კანიოს ფეხბურთელები აუჯანყდნენ და კლუბის ხელმძღვანელობასთან უჩივლეს. იტალიელი წავიდა.

"ფეხბურთელებს მე არ ვუყვარვარ. ეს ვიცი, მაგრამ არ ვჯავრობ. არც უნდა ვუყვარდე. მათ უნდა გააკეთონ ის, რასაც ვეუბნები. ჩვენ უნდა ავიტანოთ ერთმანეთი. ბოლოს და ბოლოს, მე მათ არ ვკლავ..." - თქვა დი კანიომ.
ახლა დი კანიო საფეხბურთო წამყვანად მუშაობს. გაგრძელება აუცილებლად იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგი სტატიაა
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული