სატრანსფერო სეზონის ეკვატორზე: იტალიური გრანდები

AutoSharing Option
იტალიაში სატრანსფერო ციებ-ცხელებაა და გუნდები ცდილობენ, რომ ახალ სეზონს გაძლიერებული შემადგენლობით შეხვდნენ. ზოგს ეს კარგად გამოსდის, ზოგს ნაკლებად, თუმცა ფანჯარა კიდევ დიდხანს იქნება ღია და შესაძლოა, კიდევ ბევრი რამ შეიცვალოს. ქვემოთ, იტალიური გრანდების ბანაკში შევიხედოთ, უკვე შემდგარ ტრანსფერებს გავეცნოთ და ცოტა მომავალშიც გავიხედოთ.

იუვენტუსი
წავიდნენ: მორატა (რეალი, ესპანეთი), პადოინი (კალიარი), განცი (ვერონა), ლეალი (ოლიმპიაკოსი, საბერძნეთი), სპინაცოლა (ატალანტა), ტელიო (ემპოლი), რუბინიო (თავისუფალი აგენტი), კასერესი (თავისუფალი აგენტი)
მივიდნენ: პიანიჩი (რომა), პიაცა (დინამო, ხორვატია), ბენატია (ბაიერნი, გერმანია), დანი ალვეში (ბარსელონა)

"იუვენტუსის" ბანაკიდან მთავარი
სიახლეები წინ გველოდება, რადგან ორიოდე დღეში ტურინული გრანდი გონსალო იგუაინს გაიფორმებს, პოლ პოგბას ბედი კი ჯერ ისევ გასარკვევია. თუმცა, ტურინელებმა მოასწრეს და რამდენიმე მაღალი კლასის ფეხბურთელი უკვე დაიმატეს მეჰდი ბენატიას, მირალემ პიანიჩის და მარკო პიაცას სახით. თქმა არ სჭირდება, რომ დღეს "იუვე" კონკურენტებზე გაცილებით მძლავრად გამოიყურება.

სულ ბოლო ინფორმაციით, "იუვენტუსის" მესვეურები აქსელ ვიტსელის მიმართულებით გააქტიურდნენ და შესაძლოა, ბელგიის ნაკრების ნახევარმცველიც დაიმატონ. ნიშნავს თუ არა ეს პოგბას "მანჩესტერ იუნაიტედში" გადაბარგებას, რთული სათქმელია. ალბათ, მაინც არა...

ნაპოლი
წავიდა: სუნიგა (უოტფორდი, ინგლისი)
მივიდნენ: ტონელი (ემპოლი), ჯაკერინი (სანდერლენდი, ინგლისი), კონტინი (სპალ)

ლუკა ტონელის სახით, "ნაპოლიმ" მაღალი დონის მცველი დაიმატა, ემანუელე ჯაკერინი კი ნახევარდაცვას ნამდვილად გააძლიერებს. იტალიის ნაკრების ნახევარმცველმა ევროპის ჩემპიონატზე ბრწყინვალედ ითამაშა და "ბოლონიიდან" გაცილებით ძლიერ გუნდში ამოჰყო თავი. თუმცა, ჯაკერინი "ბოლონიაში" იჯარით თამაშობდა და ამიტომ ნეაპოლელებმა ის "სანდერლენდიდან" გამოისყიდეს.

გამომდინარე იქიდან, რომ "ნაპოლის" გონსალო იგუაინი ტოვებს, ნეაპოლელები ახალ ფორვარდს ეძებენ. ბოლო ცნობებით, კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა "ინტერს" მაურო იკარდის სანაცვლოდ 45 მილიონი ევრო შესთავაზა. ამასთან, "ნაპოლი" მზადაა, რომ კარლოს ბაკაში "მილანს" 20 მილიონი ევრო გადაურიცხოს.

დიდი ალბათობით, "ნაპოლის" აქტიური სატრანსფერო კამპანია ექნება, რადგან იგუაინის სანაცვლოდ დიდძალ თანხას აიღებს.

რომა
წავიდნენ: პიანიჩი (იუვენტუსი), ლიაიჩი (ტორინო), დოდო (ინტერი), სანაბრია (ბეტისი, ესპანეთი), პოლიტანო (სასუოლო), დუმბია (ბაზელი, შვეიცარია), ზუკანოვიჩი (ატალანტა), კასტანი (სამპდორია), კრეშენცი (პესკარა), იაგო (ტორინო), დე სანტისი (მონაკო, საფრანგეთი), მაიკონი (თავისუფალი აგენტი), კეიტა (თავისუფალი აგენტი)
მივიდნენ: ჟერსონი (ფლუმინენსე, ბრაზილია), ალისონი (ინტერნასიონალი, ბრაზილია), მარიო რუი (ემპოლი), ნურა (სპეცია), ჟუანი (ინტერი), სეკი (ლაციო)

"რომას" საკმაოდ დიდი თანხა დაუჯდა იჯარით აყვანილი ფეხბურთელების გამოსყიდვა. მაგალითად, 13 მილიონი ევრო გადაუხადა "მილანს" სტეფან ელ შაარავის სანაცვლოდ, 15 მილიონი დაჯდა მოჰამედ სალაჰი "ჩელსიდან", 9 მილიონი ანტონიო რუდიგერი "შტუტგარტიდან", 9 მილიონი დიეგო პეროტი "ჯენოადან" და 11 მილიონი ედინ ჯეკო "მანჩესტერ სიტიდან". მოკლედ, რომაელებმა ჯიბეზე ხელი გაიკრეს, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ეს ფეხბურთელები გასულ სეზონშიც "ჯალოროსიში" თამაშობდნენ, გუნდი თითქოს არც გაძლიერებულა. ამასთან, "რომას" მესვეურებმა "ფლუმინენსედან" ჟერსონი გადაიბირეს და მის სანაცვლოდ ბრაზილიურ კლუბს 16.5 მილიონი ევრო გადაუხადეს. დავამატოთ ამათ კარგი მცველი "ემპოლიდან" მარიო რუის სახით 3 მილიონ ევროდ და გამოდის, რომ "რომას" დანახარჯებმა უკვე შეადგინა 76.5 მილიონი ევრო.

იჯარით აყვანილი ფეხბურთელების დახმარებით, "რომამ" მიაღწია მიზანს და დიდ კონკურენციაში ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა, თუმცა ამ ზაფხულს ვალების გასტუმრების დრო დადგა და როგორც ხედავთ, დედაქალაქელებმა საკმაოდ დიდი თანხა საკუთარი ფეხბურთელების შენარჩუნებაში დახარჯეს.

ინტერი
წავიდნენ: ბირალი (პესკარა), ჟუანი (რომა), კაპრარი (პესკარა), მანაი (პესკარა), დიმარკო (ემპოლი), გიამფი (ბენევენტო), პოპა (სარაგოსა, ესპანეთი)
მივიდნენ: დოდო (რომა), ერქინი (ფენერბაჰჩე, თურქეთი), ბანეგა (სევილია, ესპანეთი)

"ნაპოლის" ძალიან უნდა მაურო იკარდის გადაბირება, მაგრამ "ინტერი" ჯერ მაგრად დგას და წამყვანი ფორვარდის გასხვისებაზე უარს ამბობს. სამაგიეროდ, მილანური გრანდი შესაძლოა მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ დატოვოს, რომელმაც ვერაფრით გამონახა საერთო ენა კლუბის ახალ, ჩინელ ინვესტორებთან. ბოლო ინფორმაციით, მანჩინის ბედი უახლოეს 48 საათში გაირკვევა და დიდი შანსია, რომ "ინტერის" მწვრთნელის პოსტი ვაკანტური გახდეს.

"ინტერმა" ევერ ბანეგა დაიმატა "სევილიიდან" და ნახევარდაცვა, სადაც ისედაც ჰყავდა ჟოფრეი კონდოგბია და ფელიპე მელო, კიდევ უფრო ჩააბეტონა. აღსანიშნავია ჟუან ჟესუსის "რომაში" გადასვლა, რომელიც "ინტერის" ერთ-ერთი წამყვანი მცველი იყო.

ფიორენტინა
წავიდნენ: ვოლსკი (ლეგია, პოლონეთი), ფაცი (კროტონე), პასკუალი (ემპოლი), რებიჩი (აინტრახტი, გერმანია), რონკალია (სელტა, ესპანეთი)
მივიდნენ: ასტორი (კალიარი), დრაგოვსკი (იაგელონია, პოლონეთი), დიკსი (ვიტესი, ესპანეთი), ჰაჯი (ვიტორული, რუმინეთი)

ბორხა ვალეროს გადაბირება ერთბაშად რამდენიმე კლუბს სურს, ყველაზე მეტად კი "მილანი" აქტიურობს, მაგრამ "ფიორენტინა" წამყვანი ფეხბურთელის გაშვებას არ აპირებს. საერთოდ, ფლორენციელთა უმთავრესი მიზანია, რომ გუნდის ძირითადი ბირთვი შეინარჩუნონ. ამასთან, "ვიოლას" ჯუზეპე როსი დაუბრუნდა, რომელმაც ნახევარი სეზონი ესპანურ "ლევანტეში" გაატარა. სხვა მხრივ, განსაკუთრებული და საინტერესო არაფერია – მანუელ პასკუალმა "ემპოლის" მიაშურა, დავიდე ასტორი კი "ფიორენტინას" დაუბრუნდა, სადაც არაერთი წარმატებული წელი აქვს გატარებული. ჯერჯერობით, ფლორენციელები პასიურობენ სატრანსფერო ბაზარზე და ვნახოთ, რა იქნება მომავალში...

მილანი
წავიდნენ: ვერდი (ბოლონია), მასტური (ზვოლე, ჰოლანდია), შიმიჩი (მუსკრონი, ბელგია), დი მოლფეტა (პრატო), მექსე (თავისუფალი აგენტი), ალექსი (თავისუფალი აგენტი), ბოატენგი (თავისუფალი აგენტი), აბიატი (კარიერა დაასრულა)
მივიდნენ: ლაპადულა (პესკარა), ვანჯონი (რივერ პლეიტი, არგენტინა), ოდუამადი (ჰელსინკი, ფინეთი)

"მილანში" ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, ბოლოს და ბოლოს, იყიდიან თუ არა კლუბს ჩინელი ინვესტორები. ჯერჯერობით, სილვიო ბერლუსკონი არ თმობს აქციათა საკონტროლო პაკეტს და კლუბსაც ის მართავს. "როსონერის" ახალი მწვრთნელი ჰყავს ვინჩენცო მონტელას სახით, რომელიც ჰპირდება გულშემატკივრებს, რომ გუნდს ძველ დიდებას დაუბრუნებს. თუმცა, ასეთი დაპირებები ტიფოზებს უკვე მოსმენილი აქვთ კლარენს ზეედორფისგან, ფილიპო ინძაგისგან, სინიშა მიხაილოვიჩისგან და კრისტიან ბროკისგან.

კარლოს ბაკას ჩემპიონთა ლიგაზე სურს თამაში და ახალი გუნდის ძიებაშია, მისით კი "ნაპოლი" და კიდევ არაერთი კლუბია დაინტერესებული. "როსონერიმ" ჯანლუკა ლაპადულას სახით, სერია B-ს გასული სეზონის ბომბარდირი დაიმატა და მასზე დიდი იმედები მყარდება. ისიც ვთქვათ, რომ ლომბარდიელებმა რამდენიმე ვეტერანი გაუშვეს თავისუფალი აგენტის სტატუსით, კრისტიან აბიატიმ კი სულაც კარიერა დაასრულა.

ლაციო
წავიდნენ: ჯენტილეტი (ჯენოა), კლოზე (თავისუფალი აგენტი), კონკო (თავისუფალი აგენტი), ბრაავჰეიდი (თავისუფალი აგენტი), მაური (თავისუფალი აგენტი), გუერერი (ტრაპანი), სეკი (რომა)
მივიდნენ: ჯ. ლუკაკუ (ოსტენდე, ბელგია), იმობილე (ტორინო)

"ლაციომ" მიროსლავ კლოზე გაუშვა და სულ მალე გუნდს კიდევ ერთი ფორვარდი ალესანდრო მატრი დატოვებს. ამ ფონზე, არაა გასაკვირი, რომ რომაელებმა შეტევის გაძლიერება განიზრახეს და ჩირო იმობილე დაიმატეს.

"ლაციოს" შეუერთდა მცველი ჯორდან ლუკაკუ, რომელიც "ოსტენდეში" თამაშობდა, ბელგიის ნაკრებთან ერთად კი ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა. დიდი ალბათობით, "ლაციო" დაკარგავს ანტონიო კანდრევას, რომელსაც არაერთი კლუბი ეპატიჟება და მათ შორის, "ინტერი".

ყველაზე უცნაური ის არის, რომ "ლაციოს" დღემდე არ ჰყავს მთავარი მწვრთნელი და ამ თემის გარშემო დიდი ვნებათაღელვაა. ფაქტობრივად, გადაწყვეტილი იყო, რომ რომაული გუნდი მარსელო ბიელსას უნდა გაეწვრთნა, მაგრამ ბოლო მომენტში უარი განაცხადა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული