ხავიერ ძანეტი: ფეხბურთი ჯერ სპორტია და შემდეგ ბიზნესი

AutoSharing Option
ხავიერ ძანეტი "ნერაძურის" ვიცე-პრეზიდენტია და, როგორც თვითონვე განმარტავს, მისი მიმართულება ფინანსები და მარკეტინგია. ქვემოთ, არგენტინელის საინტერესო ინტერვიუს გაეცნობით.

- რა არის თქვენთვის ყველაზე მთავარი მას შემდეგ, რაც კარიერა დაასრულეთ?
- დღეს, ფეხბურთი ძალიან დაბინძურებულია, მე კი დიდ სიყვარულსა და პატივისცემას ვგრძნობ, როგორც საფეხბურთო საზოგადოებისგან, ისე უბრალო გულშემატკივრებისგან. მილანში ჩემს მიმართ მხოლოდ სიყვარულს გამოხატავენ და, სხვათა შორის, დიდ პატივისცემას ვგრძნობ თვით "მილანის" გულშემატკივრებისგან. ეს სახელი ჩემთვის ყველაზე ძვირფასია და ვეცდები, რომ ცხოვრების ბოლომდე შევინარჩუნო. მაქვს საქველმოქმედო ფონდი, სადაც ყველაფერი გამჭირვალეა და
ჩანს, რომ სხვადასხვა ღონისძიებებიდან შემოსული თანხებით იმათ ვეხმარებით, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

- კარიერის დასრულების შემდეგ, ახალი ცხოვრება დაიწყეთ და, რა აღმოჩნდა თქვენთვის ყველაზე უფრო მოულოდნელი?
- როდესაც ფეხბურთელი ვიყავი, მხოლოდ ვარჯიშებზე და თამაშებზე ვფიქრობდი, დღეს კი ბევრი მიმართულებით მიწევს მუშაობა. ვიცოდი, რომ გუნდის წარმატებების გამო, მადლობები, ან გნებავთ მედლები კლუბის მენეჯმენტის წევრებსაც ეკუთვნოდათ, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი თუ ყველაფერი ასე რთულად იყო. იმისთვის, რომ მოედანზე 11 ფეხბურთელი გავიდეს და ითამაშოს, უამრავი ადამიანი თავდაუზოგავად შრომობს. კლუბის მენეჯმენტში ერთი რგოლიც რომ მოიშალოს, კრიზისი გარდაუვალია.

- როგორ ფიქრობთ, "ინტერის" მესვეურები სტანდარტულად აფასებენ თქვენს მიერ გაწეულ სამუშაოს, თუ წარსულიდან გამომდინარე, პრივილეგიები გაქვთ?
- ვამაყობ იმით, რაც წარსულში იყო და ბედნიერი ვარ, რომ თითქმის მთელი კარიერა "ინტერს" დავუკავშირე. თუმცა, დღეს სულ სხვა პოზიციაზე ვარ და კარგად მაქვს გააზრებული, რომ წარსული დამსახურების გამო, თვალს არავინ არაფერზე დამიხუჭავს. ჰაერზე ნათქვამი სიტყვები არ გეგონოთ, რადგან ამ თემაზე პრეზიდენტ ერიკ ტოჰირთან კონკრეტული საუბარი მქონდა.

- თქვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები ფინანსები და მარკეტინგია. მაინც როგორ უნდა მოიზიდო თანხები კლუბში?
- ძალიან მნიშვნელოვანია სატელევიზიო ტრანსალირებიდან შემოსული თანხები და ეს ყველამ ვიცით, მაგრამ მხოლოდ ამაზე არ უნდა იყო დამოკიდებული. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ბაზების აშენება, სადაც ნიჭიერი ფერხბურთელების აღზრდაა შესაძლებელი, ეს კი მოგცემს საშუალებას, რომ გუნდის ძირითად ბირთვს საკუთარი სკოლის აღზრდილები წარმოადგენდნენ და შესაბამისად, ტრანსფერებში ყოველ ზაფხულს ასეულობით მილიონი ევრო არ დახარჯო. აუცილებლად უნდა დავბრუნდეთ ჩემპიონთა ლიგაზე, რაც ჩვენ ფინანსურ მდგომარეობას მკვეთრად გააუმჯობესებს.

- არგენტინის ფეხბურთის ფედერაციამ იმ კომისიის ხელმძღვანელობა შემოგთავაზათ, რომელმაც ეროვნული და სხვადასხვა ასაკობრივი ნარებების კეთილდღეობისთვის უნდა იმუშაოს, თუმცა თქვენ იუარეთ...
- ყოველთვის მზად ვარ, რომ არგენტინის ფეხბურთის ფედერაციას დავეხმარო, მაგრამ კომისიის ხელმძღვანელობა ძალიან საპასუხისმგებლო საქმე იყო, რომელსაც ვერ მოვკიდებდი ხელს. "ინტერში" დატვირთული გრაფიკი მაქვს, რომელსაც ყურადღებას ვერ მოვაკლებ. გარდა იმისა, რომ უამრავი საქმე მაქვს, რეგულარულად ვესწრები ფინანსების და მარკეტინგის ლექციებს. ამ ფონზე, არგენტინის ფეხბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობა პრაქტიკულად შეუძლებელია.

- როგორ ხედავთ ფეხბურთის მომავალს ფიფაში აგორებული სკანდალის შემდეგ?
- ვფიქრობ, რომ ეს პროცესები მხოლოდ წაადგება ფეხბურთს, რადგან სპორტის უპირველეს სახეობაში ბევრი რამეა შესაცვლელი. ფეხბურთმა ერთი ნაბიჯი უნდა გადადგას უკან და დაუბრუნდეს იმ წერტილს, სადაც მთავარი სპორტული მოტივაცია, ვნება და მოგების ჟინი იყო, ფულს კი ასეთი მნიშვნელობა არ ჰქონდა. პირველ რიგში, ფეხბურთი უნდა იყოს სპორტი და მხოლოდ შემდეგ ბიზნესი. ამას ვამბობ ადამიანი, რომელიც დღეს მენეჯმენტში მუშაობს და რომლისთვისაც ფეხბურთის კომერციული მხარე პირდაპირი საქმიანობის სფეროა.

- ცნობილია, რომ თქვენ ახლო ურთიერთობა გაქვთ ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოსთან...
- ინფანტინოსთან დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებს და მასზე მხოლოდ კარგი შემიძლია ვთქვა. ფეხბურთზე ფანატიკურად შეყვარებული ადამიანია, რომელსაც უამრავი შესანიშნავი იდეა აქვს. ამ იდეებს განხორციელება სჭირდება და დარწმუნებული ვარ, რომ ინფანტინო ფეხბურთს დიდ სარგებელს მოუტანს.

- დიდი ხანია, რაც ევროპაში ცხოვრობთ. როგორ აფასებთ არგენტინულ ფეხბურთში მიმდინარე პროცესებს?
- ვიცი, რომ ფიფამ საგანგებო ჯგუფი გამოყო, რომელიც არგენტინაში გაემგზავრა და ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობის შესწავლას აპირებს. არის საუბრები ფინანსურ და იურიუდიულ პრობლემებთან დაკავშირებით და ეს უკვე ცუდია. არგენტინა მსოფლიოს საფეხბურთო ბრენდია, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება.

- უკვე 23 წელია, რაც არგენტინის ნაკრებს არაფერი მოუგია...
- საკლუბო ტურნირებისგან განსხვავებით, სანაკრებო ჩემპიონატები იშვიათად ტარდება და ამიტომ, ამაში არაფერია საგანგაშო. მით უმეტეს, არგენტინის ნაკრები არაერთხელ იყო დიდი ტურნირების ფინალში და ჩემი აზრით, იმსახურებდა გამარჯვებას.

- გაგიკვირდათ, როდესაც გაიგეთ, რომ ლიონელ მესიმ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ გააკეთა განცხადება?
- მესი ძალიან გაღიზიანებული იყო, რადგან მუნდიალის შემდეგ, კიდევ ერთი ფინალი წააგო. ვფიქრობ, რომ დაუბრუნდება ეროვნულ გუნდს, თუმცა ამისთვის დრო უნდა გავიდეს. როგორც არ უნდა მოიქცეს მესი, ის რჩება მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად. არგენტინაში ფეხბურთელი სანაკრებო მიღწევებით იზომება და ეს გასაგებია, მაგრამ მესი ყველა შემთხვევაში უდიდესი ფეხბურთელია.

- როგორი იქნება არგენტინის ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე?
- არგენტინის ნაკრებში რთული პერიოდია, რადგან კოპა ამერიკას ფინალში განცდილი მარცხის შემდეგ, ფეხბურთელთა ერთმა ნაწილმა სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ გააკეთა განცხადება. ბევრი რამე ახალ მწვრთნელზეა დამოკიდებული, რომელიც სათითაოდ უნდა ელაპარაკოს ფეხბურთელებს და მათში ახალი ენერგია შთაბეროს. წინ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებია, რომლისთვისაც გუნდი სრულ მზადყოფნაში უნდა იყოს. მჯერა, არგენტინის ნაკრების და ვფიქრობ, რომ წინ დიდი წარმატებები გველოდება.

- ბევრი ფიქრობს, რომ თუ მესი ნაკრებს არ დაუბრუნდა, შესაძლოა, არგენტინას მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლაც კი გაუჭირდეს...
- დარწმუნებული ვარ, რომ მესი დაუბრუნდება ნაკრებს და არგენტინა მასთან ერთად მიაღწევს დიდ წარმატებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
Fexburti didi xania agaraa sporti totalizatoris qve kantoraa visac milani liverpulis da liverpuli dortmundis angarishis gulwrfelad gjerat gmertma gagimarjot
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული