სერია A. I ტური: "იუვენტუსი" და სხვები

AutoSharing Option
"იუვენტუსი" და სხვები
ამ უქმეებზე, სერია A-ს 2016/17 წლების გათამაშება აიღებს სტარტს და დაიწყება მარათონი, რომელიც მაისამდე გასტანს.

შესაძლოა, იტალიურ საკლუბო ფეხბურთს ჯერ კიდევ არ უდგას საუკეთესო დროება, მაგრამ სერია A მაინც რჩება ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ლიგად, რომელიც უდიდეს ინტერესს იწვევს ფეხბურთის მოყვარულებში.

იტალიის ჩემპიონატში ასპარეზობს "იუვენტუსი", "მილანი", "ინტერი", "რომა", "ნაპოლი", "ლაციო", "ფიორენტინა" და კიდევ არაერთი დიდი ტრადიციების გუნდი, რომლებიც ისევ შეეცდებიან წარმატების მიღწევას, მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას და გულშემატკივართა გახარებას.

ტრადიციულად, იტალიის ჩემპიონატი არის ემოციური, დაძაბული, ვნებიანი, დრამატული და თუ ამ
ყველაფერს სატურნირო ინტრიგა, ან გნებავთ, დაძაბული ფინიში ემატება, სერია A განსაკუთრებულ სანახაობად გვევლინება - ერთი ეგაა, რომ ბოლო 5 წელია, სკუდეტოს მუდმივად "იუვენტუსი" იგებს და ხშირად, ნაადრევად ინაღდებს საჩემპიონო ტიტულს. ყველა პროგნოზით, წელსაც იგივე უნდა განმეორდეს, მაგრამ ჩვენ მაინც დავიტოვოთ უფრო დრამატული ფინალის იმედი.

ტრადიციულად, იტალიის ჩემპიონატი დატვირთული იქნება მწვრთნელთა ტაქტიკური ჭიდილებით, სკანდალებით, გულშემატკივართა ზღვარსგადასული ემოციებით, საპროიტესტო აქციებითა და კიდევ არაერთი გარემოებით, რომელიც იტალიურ ფეხბურთს ახასიათებს...

სკანდალები, დაძაბულობა და ვნებათაღელვა იქით იყოს და მაინც, ვინ რისთვის იბრძოლებს სერია A-ს მორიგ გათამაშებაში? - იტალიაში უკვე გაკეთდა პროგნოზები და გაიცა ავანსები.

სკუდეტო
ზემოთ, იმედი გამოვთქვით, რომ სკუდეტოსთვის ბრძოლა ბოლომდე გასტანს, მაგრამ დიდია შანსი, რომ სურვილი სურვილად დარჩეს და "იუვენტუსმა" კვლავაც ნაადრევად დაიბევოს საჩემპიონო ტიტული.

ტურინული გრანდი დღეს კონკურენტებზე ორი თავით ძლიერი ჩანს და ბუნებრივია, რომ სკუდეტოსთვის ბრძოლაში უმთავრეს ფავორიტად ითვლება. "იუვე" ბოლო 5 წელია, რაც საჩემპიონო ტიტულს არავის უთმობს, თუმცა ერთი შეხედვით, ასე ძლიერი არასდროს ყოფილა.

"ვეკია სენიორას" მესვეურებმა ორ უმთავრეს კონკურენტს, "რომას" და "ნაპოლის", ლიდერები, შესაბამისად მირალემ პიანიჩი და გონსალო იგუაინი წაართვეს, რამაც პიემონტელთა საჩემპიონო შანსები მკვეთრად გაზარდა.

"იუვენტუსი" განაგრძობს ჭკვიანურ სატრანსფერო კამპანიას - გასულ სეზონში გუნდს აკლდა ორი ტიპის ფეხბურთელი: კრეატიული ნახევარმცველი, რომელიც თამაშს შექმნის და რომლის მსგავსი ტურინელებს ანდრეა პირლოს წასვლის შემდეგ არ ჰყოლიათ და ფორვარდი, რომელსაც სეზონში 25, 30, ან გნებავთ 36 გოლის გატანა შეუძლია. შემქმნელი და კრეატიული ნახევარმცველია სწორედ პიანიჩი, გოლეადორი კი იგუაინი. ერთი შეხედვით, "იუვემ" შეავსო ის ვაკუუმი, რომელიც ჰქონდა და მერე რა რომ გუნდი პოლ პოგბამ დატოვა - გუნდს კიდევ არაერთი ექსტრაკლასის ნახევარმცველი ჰყავს.

მოდი, გავუსწოროთ რეალობას თვალი და ვაღიაროთ, რომ სკუდეტოს მოპოვების ყველაზე რეალური და შესაძლოა, ერთადერთი კანდიდატიც კი ტურინის "იუვენტუსია", თუმცა, მას შემდეგ, რაც "ლესტერი" გახდა ინგლისის ჩემპიონი, ნურც ნურაფერს გამოვრიცხავთ...

ჩემპიონთა ლიგა
ჩემპიონთა ლიგის ერთ საგზურს რომ "იუვენტუსი" დაისაკუთრებს, ამაზე შეგვიძლია შევთანხმდეთ, დარჩენილი ორი საგზურისთვის კი, წესით, დიდი ბრძოლა უნდა გაჩაღდეს.

"გაძეტა დელო სპორტის" ვერსიით, მეორე ადგილზე გასვლის ყველაზე რეალური შანსი "რომას" აქვს, რომელიც ლუჩანო სპალეტის თავკაცობით მეორე სეზონს დაიწყებს და, წესით, კიდევ უფრო ორგანიზებული, შეთამაშებული და გამართული უნდა იყოს. დედაქალაქური კლუბის მესვეურებმა სახსრები არ დაიშურეს და ყველა ის ფეხბურთელი გამოისყიდეს, რომლებიც იჯარით ჰყავდათ აყვანილი და რომელთა დახმარებითაც გუნდმა ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა.

მას შემდეგ, რაც "ნაპოლიმ" გონსალო იგუაინი დაკარგა, რთულია იმაზე ლაპარაკი თუ სად გადის ამ გუნდის შესაძლებლობების ზღვარი - თანაც, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დროა დარჩენილი და შესაძლოა, ნეაპოლელებმა შეტევა გააძლიერონ.

ჯერჯერობით, "ნაპოლი" აშკარად დასუსტებული ჩანს, რადგან არკადიუშ მილიკი გონსალო იგუაინის სრულფასოვან შემცვლელად ვერ ჩაითვლება. ამ რეალობით, "ნაპოლი" არათუ სკუდეტოსთვის, არამედ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაშიც არ ითვლება მთავარ ფავორიტად და მასზე ძვირად იმავე "რომას" და "ინტერის" შანსები ფასობს...

მართალია, "ინტერს" ახალი მწვრთნელი ჰყავს ფრანკ დე ბურის სახით და ძნელი სათქმელია, როგორ წარმოაჩენს ჰოლანდიელი თავს იტალიაში, მაგრამ მილანურ გრანდში რომ ძლიერმა შემადგენლობამ მოიყარა თავი, ეს ცხადზე უცხადესია. მარტო შეტევა რად ღირს, სადაც დიდი კონკურენციაა მაურო იკარდის, როდრიგო პალასიოს, ივან პერიშიჩს, ანტონიო კანდრევას, სტევან იოვეტიჩს, ჯონათან ბიაბიანის, მარტინს ედერს და მარსელო ბროზოვიჩს შორის. მართალია, ამ უკანასკნელს "იუვენტუსში" უწინასწარმეტყველებენ გადაბარგებას, მაგრამ ჯერ მაინც "ინტერის" ფეხბურთელია და შესაბამისად, დე ბურის განკარგულებაში უნდა მოვიაზროთ. მოკლედ, ჰოლანდიულ მწვრთნელს კარგი რესურსი აქვს და შეუძლია, რომ პირველივე იტალიურ სეზონში უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლოს.

მართალია, "ნაპოლი" შესუსტებულია, მაგრამ ამ გუნდს მაინც აქვს საკმარისი რესურსი და გამოცდილება, რომ სამეულში მოსახვედრად იბრძოლოს - თანაც, კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დროა დარჩენილი და დიდია შანსი, მაურიციო სარის ერთი ექსტრაკლასის ფორვარდი დაემატოს. მოკლედ, წინასწარი ვარაუდით, "იუვენტუსთან" ერთად, ჩემპიონთა ლიგის საგზურებისთვის "რომა", "ინტერი" და "ნაპოლი" იბრძოლებენ, აქედან ერთი კი თამაშგარეში დარჩება.

ევროპალიგა
ევროპალიგის საგზურის მაძიებლად უნდა შევრაცხოთ "ფიორენტინა", "მილანი", "ლაციო" და კიდევ რამდენიმე საშუალო გაქანების იტალიური გუნდი - მაგალითად, "ტორინო", "სასუოლო" და თუნდაც "ჯენოა", რომელმაც ბოლო დღეებში რამდენიმე მაღალი კლასის ფეხბურთელი დაიმატა. ბუნებრივია, თითოეულ მათგანს შეუძლია, რომ სიურპრიზი შემოგვთავაზოს და თუნდაც სამეულისთვის იბრძოლოს, მაგრამ წინასწარი პროგნოზი სწორედ ასეთია...

"მილანი" და "ფიორენტინა" პრაქტიკულად არ გაძლიერდნენ და ისეთი პირი უჩანს, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, ასეთივე პასიურ რეჟიმში იქნებიან. ფლორენციელთა პრეზიდენტმა ანდრეა დელა ვალემ თავიდანვე განაცხადა, რომ მისი მთავარი მიზანი წამყვანი ფეხბურთელრების შენარჩუნება იქნებოდა და ჯუზეპე როსის დაბრუნება, რომელმაც გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარით "ლევანტეში" გაატარა. დელა ვალე სიტყვას ასრულებს, მაგრამ ასეთ "ფიორენტინას" რომ ძალიან გაუჭირდება ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა, ცხადზე უცხადესია.

"მილანს" ჩინური კონსორციუმის სახით ახალი მფლობელი ჰყავს, მაგრამ აზიელების ხელში კლუბი ოფიციალურად 4 ნოემბერს გადავა, იქამდე კი კლუბს ძველი მენეჯმენტი მართავს და შესაბამისად, სატრანსფერო დანახარჯებს არ უნდა ველოდოთ. ჩინელებმა უკვე განაცხადეს, რომ წინასწარ არ აპირებენ ფულის დახარჯვას, და წამსვლელი სილვიო ბერლუსკონი რომ ჯიბეზე ხელს არ გაიკრავს, დღესავით ნათელია. მოკლედ, "მილანის" გულშემატკივრებს კიდევ გარკვეული დროით მოუწევთ ლოდინი.

საინტერესო გუნდი უნდა ჰყავდეს სინიშა მიხაილოვიჩს "ტორინოს" სახით და ეუსებიო დი ფრანჩესკოს, რომლის "სასუოლო" მაღალი ხარისხის ფეხბურთს თამაშობს და შეეცდება დაამტკიცოს, რომ გასულ სეზონში, ევროსაგზური შემთხვევით არ მოუპოვებია. წინასწარი პროგნოზით, ევროპალიგის საგზურები ამ გუნდებს შორის უნდა გათამაშდეს, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს...

ვის ემუქრება დაქვეითება?
იტალიელი სპორტული ჟურნალისტები სერია B-ში დაქვეითების ყველაზე რეალურ კანდიდატებად "კროტონეს" და "პალერმოს" მიიჩნევენ - პირველი ახალაღზევებულია ელიტაში, მაგრამ სატრანსფერო ბაზარზე პასიურობს და ძველი შემადგენლობით, წესით, ძალიან უნდა გაუჭირდეს ელიტარულ გუნდებთან ჭიდილი.

რაც შეეხება "პალერმოს", ეს გუნდი გასულ სეზონშიც ძლივს გადაურჩა გავარდნას, ამ ზაფხულს კი კიდევ უფრო დასუსტდა - სიცილიელებმა ალბერტო ჯილარდინო "ემპოლიში" გაუშვეს, აშკარა ლიდერი ფრანკო ვასკესი კი - "სევილიაში".

გავარდნის კიდევ ერთი რეალური კანდიდატი ალბათ "პესკარაა", რომელმაც რამდენიმე ცნობილი ფეხბურთელი დაიმატა, მაგრამ მთავარი დამრტყმელი ძალა, ჯანლუკა ლაპადულა დაკარგა, რომლის გოლებითაც გუნდმა სერია A-ს საგზური მოიპოვა. აუტსაიდერებად სწორედ ეს გუნდები ითვლებიან, თუმცა, რა იქნება სინამდვილეში, დრო გვიჩვენებს და ჩვენც, მოვემზადოთ დიდი ბატალიებისთვის...

იტალია. სერია A. I ტური
შაბათი. 20 აგვისტო
რომა-უდინეზე 20:00
იუვენტუსი-ფიორენტინა 22:45

კვირა. 21 აგვისტო
მილანი-ტორინო 20:00
ატალანტა-ლაციო 22:45
ბოლონია-კროტონე 22:45
კიევო-ინტერი 22:45
ემპოლი-სამპდორია 22:45
ჯენოა-კალიარი 22:45
პალერმო-სასუოლო 22:45
პესკარა-ნაპოლი 22:45

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული