მოსალოდნელი ტრანსფერი: ბალოტელი "ბოლონიასთან" ახლოს?

AutoSharing Option
მარიო ბალოტელის მომავალი ჯერაც გაურკვეველია. 26 წლის თავქარიანს "ლივერპულში" პერსპექტივა რომ არ აქვს (ყოველ შემთხვევაში, იურგენ კლოპის ხელში), ეს კარგა ხანია ვიცით. ბოლო პერიოდში "სუპერმარიო" (ამ თიკუნისგან აღარაფერია დარჩენილი) რამდენიმე იტალიურ კლუბს დაუკავშირეს.

პირველი იყო "კიევო" და ეს ვარიანტი დღესაც რჩება, უბრალოდ, ვერონელები რაღაც პერიოდის განმავლობაში მიყუჩდნენ და თითქოს აღარ აქტიურობენ. ყველაზე პრესტიჟული იტალიური კლუბი იმათგან, რომელთა გვერდითაც ბალოტელი ახსენეს, "ლაციო" იყო, იტალიურის გარდა კი - "აიაქსი", "ვულვზი" და "ბეშიქთაში".

და აი, გუშინ აპენინურ მედიაში ახალი ვერსიაც გაჩნდა - "ბოლონია". ჟურნალისტები
უმალ დაუკავშირდნენ "როსობლუს" მთავარ აქციონერს, კანადელ ბიზნესმენ ჯოი საპუტოს, რომელმაც არც უარყო და არც დაადასტურა ბალოტელის ამბავი:

"ჩვენ ფეხბურთელებს არ ვყიდულობთ საბაზრო ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ მათ ვყიდულობთ გუნდის ინტერესების გათვალისწინებით. ასეთ საკითხებს კი სპორტულ დირექტორთან ვათანხმებ... ორი წლის წინ მიზნად დავისახეთ სერია A-ში დაბრუნება და დავბრუნდით კიდეც. მერე გვინდოდა ელიტაში ადგილის შენარჩუნება და შევინარჩუნეთ. ცხადია, ახალ სეზონშიც გვსურს გარკვეული პროგრესის მიღწევა... "ბოლონიამ" აირჩია თანმიმდევრული განვითარების გზა და ამ გზას არ გადავუხვევთ".

გაიგეთ რამე? მაგრამ აქ არის ერთ ფრაზა - "გარკვეული პროგრესის მიღწევა ახალ სეზონში". არ არის გამორიცხული, რომ ეს იმედი ბალოტელისაც უკავშირდებოდეს.

მოცალეობის ჟამს, "ბალო" რესტორნების ხშირი სტუმარია და ვიდრე მთლად ხელიდან წასულა, იქნებ ჟოზე მოურინიოს რჩევა მაინც გაითვალისწინოს. მისთვის საუკეთესო გამოსავალი ინგლისის ჩემპიონშიპში თამაშიაო, - თქვა ორიოდ დღის წინ ჟოზემ და ისიც დაადასტურა, რომ ყოფილ შეგირდს ესაუბრა კიდეც.

მოურინიოს ბალოტელისთვის უთქვამს, უკეთესი იქნება, თუ ყველაფერს თავიდან დაიწყებ და "ვულვზში" ვალტერ ძენგასთან მიხვალო...

ვნახოთ, რა გზას დაადგება ბალოტელი.

გიორგი ნინიძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული