სტევან იოვეტიჩი ფლორენციაში ბრუნდება?

AutoSharing Option
"ინტერმა" საბოლოოდ უარი თქვა სტევან იოვეტიჩზე და საქმეს ისეთი პირი უჩანს, 26 წლის ჩერნოგორიელი ფორვარდი დაბრუნდება "ფიორენტინაში", საიდანაც საფეხბურთო სამყარომ ახლოს გაიცნო და მისი ტალანტი აღიარა. იოვეტიჩმა "ვიოლას" მაისურით 2008-დან 2013 წლამდე ითამაშა, სერია A-ს 116 მატჩში 35 გოლი გაიტანა და "მანჩესტერ სიტის" ყურადღება მიიპყრო.

თუმცა "ქალაქელებში" სტევანს საქმე ისე ვერ წაუვიდა, როგორც ისურვებდა და 2015 წელს "ინტერში" გაანათხოვრეს, თუმცა დიდად ვერც აქ გაიბრწყინა - 26 მატჩში მხოლოდ 6 გოლი გაიტანა.

მთავარი მწვრთნელის პოსტიდან რობერტო მანჩინის წასვლის შემდეგ იოვეტიჩის მომავალი
კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდა. მანჩინის მემკვიდრე ფრანკ დე ბურმა ჩერნოგორიელს გარკვევით აუხსნა, რომ ახალ პროექტში მის ადგილს ვერ ხედავს.

ერთი სიტყვით, იოვეტიჩს "ინტერთან" ყველაფერი გარკვეული აქვს. მას არ უთამაშია სერია A-ს პირველ ტურშიც, რადგან ახალ სეზონში "ნერაძურის" მაისურით ერთი მატჩიც რომ ჩაატაროს, მილანელებს "სიტისთვის" 14,5 მილიონი ევროს გამოსასყიდი ექნებათ გადასახდელი.

რაც შეეხება "ფიორენტინას" ვარიანტს, ამბობენ, რომ ეს იდეალური იქნება როგორც გუნდისთვის, ისე ფეხბურთელისთვის, რადგან პაულო სოუზას შეტევაში "ახალი სისხლი" სჭირდება. პრობლემა შეიძლება გახდეს იოვეტიჩის ხელფასი, რომელიც საკმაოდ მაღალია "ფიორენტინას" სტანდარტებისთვის, მაგრამ ფეხბურთელი მზადაა, კარიერა ჯამაგირზე ვაჭრობას არ გადააყოლოს და ჯიბის შეთხელებაზე დაყაბულდეს.

გიორგი ნინიძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული