კარლო ანჩელოტი: "სკუადრა აძურა"? - მომავალში...

AutoSharing Option
კარლო ანჩელოტი დიდი ხანია უცხოეთში მოღვაწეობს, მაგრამ ის კვლავაც რჩება ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პერსონად იტალიურ ფეხბურთში. ჟურნალისტები ხშირად ეხმიანებიან და მისი მოსაზრებებით ინტერესდებიან კალჩოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ქვემოთ სწორედ ანჩელოტის მოსაზრებებს გაეცნობით.

იუვენტუსი
ვფიქრობ, რომ "იუვენტუსმა" სწორი სატრანსფერო კამპანია აწარმოა. პოლ პოგბა ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია და მას დიდი მომავალი აქვს, მაგრამ "იუვე" ფრანგის გარეშეც შეძლებს ფონს გასვლას. მით უმეტეს, ტურინელებმა მირალემ პიანიჩი დაიმატეს, რომელსაც უბადლო ტექნიკა აქვს, თამაშს იდეალურად ხედავს და გოლებიც ხშირად გააქვს.

ვფიქრობ, პიანიჩი პოგბაზე არანაკლებ კარგად ითამაშებს. აღარაფერს
ვამბობ გონსალო იგუაინზე, რომელიც გოლების მანქანაა. ვფიქრობ, "იუვე" დღეს გაცილებით ძლიერია, ვიდრე წინა წლებში.

სერია A
გონსალო იგუაინის და მირალემ პიანიჩის გადაბირებით, "იუვენტუსი" ძალიან გაძლიერდა, კონკურენტები კი დასუსტდნენ. ამ რეალობით, ჩემპიონატის აშკარა ფავორიტი ტურინული გრანდია.

წინა სეზონისგან განსხვავებით, "იუვემ" კარგი სტარტი აიღო და მისი შემჩერებელი არავინ ჩანს. ნეიტრალური გულშემატკივრისთვის დაძაბული ჩემპიონატი უკეთესი საყურებელია, მაგრამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ, დღეს "იუვენტუსი" სხვებზე გაცილებით ძლიერია. ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგის საგზურებისთვის იბრძოლებენ "რომა", "ნაპოლი" და "ინტერი", დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.

მილანი
"მილანში" დიდი ცვლილებებია და ამ პროცესებს მეც ინტერესით ვაკვირდები. მინდა, რომ "როსონერიმ" კრიზისი დაძლიოს და ძველი დიდება დაიბრუნოს. სილვიო ბერლუსკონიმ ყველაფერი გააკეთა კლუბისთვის და ვფიქრობ, დროულად შეელია მას. ახალმა ინვესტორებმა გვერდში უნდა დაიყენონ იტალიურ ფეხბურთში კარგად გარკვეული მენეჯერები და საქმეს სწორი მიმართულება მისცენ. მარტო ფულით წარმატებას ვერ მიაღწევ და ამის არაერთი მაგალითი ვიცით.

წავიკითხე, რომ კლუბში დემეტრიო ალბერტინის, ალესანდრო კოსტაკურტას და პაოლო მალდინის მიწვევა სურთ, რაც შესანიშნავი გადაწყვეტილება იქნება. "მილანს" დიდი ადამიანური რესურსი აქვს და ამას გამოყენება სჭირდება.

ევრო 2016
საინტერესო ტურნირი იყო, რომელსაც დიდი ინტერესით მივადევნე თვალი. ვნახეთ ბევრი სენსაცია, რაც გულშემატკივრებს განსაკუთრებულად მოსწონთ. პორტუგალიის ჩემპიონობაც მოულოდნელი იყო, რადგან ტურნირს სხვა ფავორიტები ჰყავდა. ევრო 2016-მა კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

ინგლისის ჩემპიონი "ლესტერი" გახდა, ევროპის ჩემპიონატი კი პორტუგალიამ მოიგო და, თითქოს, დიდი ვერაფერი ფეხბურთი აჩვენა. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ყველა წარმატება დიდი შრომის ფასად მოდის და იოლი არც მიუნხენის "ბაიერნისთვისაა" ბუნდესლიგის მოგება.

იტალიის ნაკრები
ევროპის ჩემპიონატზე იტალიის ნაკრებმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ეს გზა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. ანტონიო კონტემ სრულიად ახალი გუნდი შექმნა და კარგია, რომ ჯამპიერო ვენტურამ მის კურსს არ გადაუხვია. ვფიქრობ, იტალიის ნაკრები აუცილებლად მოხვდება მსოფლიოს ჩემპიონატზე და იქაც კარგ ფეხბურთს ითამაშებს. ვენტურა ტაქტიკურად ერთ-ერთი ყველაზე განსწავლული მწვრთნელია იტალიაში და მისი კანდიდატურა თავიდანვე მომწონდა.

იტალიის ნაკრების სათავეში
ვხედავ თუ არა ჩემს თავს იტალიის ნაკრების მწვრთნელად? - რატომაც არა, თუმცა უფრო მომავალში.

დღეს მომწონს ფეხბურთელებთან ყოველდღიური მუშაობის და ამ შრომის ნაყოფის მოედანზე ყურება. ჯერჯერობით, არ მსურს, რომ ჩემს ფეხბურთელებს სამ თვეში ერთხელ ვხედავდე. ალბათ დადგება ის დრო, როდესაც სანაკრებო ფეხბურთი მიმიზიდავს და ასეთ შემთხვევაში, სიამოვნებით ჩავიბარებ "სკუადრა აძურას".

იტალიის ნაკრების გაწვრთნა დიდი პატივი, პასუხისმგებლობა და გამოწვევაა, რომელზეც რთულია უარის თქმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული