ერთი შეხედვით, მაურიციო სარის გუნდი მართლაც დასუსტდა, რადგან კლუბის მესვეურებს იგუაინის სრულფასოვანი შემცვლელი არ შეუძენიათ. "ნაპოლიმ" დაიმატა არკადიუშ მილიკი, რომელიც იქამდე "აიაქსში" თამაშობდა და კარგადაც ირჯებოდა, მაგრამ მისი გატოლება 90 მილიონ ევროდ შეფასებულ იგუაინთან აშკარად გადამეტებული იქნება.
თუმცა, 22 წლის პოლონელმა ფორვარდმა სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო და ჯერ იტალიის ჩემპიონატში შეასრულა დუბლი, შემდეგ კი ორი გოლი ჩემპიონთა ლიგაზეც გაიტანა. აპენინელი სპორტული ჟურნალისტები დაინტერესდნენ მილიკის
- როგორც შეეწყვეთ ახალ გუნდს და ზოგადად, იტალიურ ფეხბურთს?
- ახალ გუნდში ძალიან კარგად მიმიღეს და თავს ბედნიერად ვგრძნობ. ყველა მზადაა იმისთვის, რომ ადაპტაციის გავლაში დამეხმაროს. ნეაპოლი შესანიშნავი ქალაქია, სადაც შეუძლებელია რომ თავი ცუდად იგრძნო. იტალიის ჩემპიონატში უფრო მაღალი სისწრაფეებია, მცველები მჭიდროდ გეთამაშებიან, ასეთ პირობებში თამაში კი ჩემთვის დიდი გამოწვევა და მოტივაციაა.
- გულშემატკივრებმა უკვე დაიჯერეს, რომ თქვენ გონსალო იგუაინის შეცვლა შეგიძლიათ...
- იგუაინი ძალიან ძლიერი ფორვარდია და ეს გასულ სეზონში 36 გატანილი გოლით დაამტკიცა. არ მიყვარს მსგავსი შედარებები, რადგან მე მე ვარ და ჩემი გზა მაქვს გასავლელი. ვეცდები, რომ გულშემატკივრებს მალე შევაყვარო თავი და "ნაპოლის" წარმატების მიღწევაში დავეხმარო. ნეაპოლში დიდი ხანია, რაც სკუდეტოზე ოცნებობენ და მჯერა, რომ ამ ოცნების ახდენა შეგვიძლია.
- რის ხარჯზე შეუძლია "ნაპოლის" სკუდეტოს მოპოვება?
- გუნდში მინიმუმ, ორი მაღალი კლასის ფეხბურთელია თითო პოზიციაზე და ეს ბევრს ნიშნავს. მწვრთნელს შეუძლია როტაციას მიმართოს და სეზონი ისე გავიაროთ, რომ ჩავარდნას ავცდეთ. მაურიციო სარი ძალიან ჭკვიანი სპეციალისტია და იცის, როგორ უნდა წაიყვანოს საქმე. პირველივე დღიდან, კარგად გავიგე თუ რას ითხოვდა ჩემგან მწვრთნელი, ეს კი ფეხბურთელისთვის ბევრს ნიშნავს.
- და მაინც, იტალიის ჩემპიონატის მთავარი ფავორიტი "იუვენტუსია"...
- ეს ასეა, რადგან "იუვე" წლებია არავის უთმობს პირველობას. იყოს ტურინული გრანდი ფავორიტი, ჩვენ კი შევეცდებით, რომ სენსაცია მოვახდინოთ...
ჰამშიკი: "იუვე" არ მაინტერესებს
არკადიუშ მილიკი "ნაპოლის" კაპიტანმა მარეკ ჰამშიკმა შეაფასა, იქამდე კი "ნაპოლის" საჩემპიონო შანსებზე ილაპარაკა და "იუვენტუსს" გადაწვდა:"სიცილიაზე უმნიშვნელოვანესი გამაჯვება მოვიპოვეთ და ყველას დავანახვეთ, რომ "ნაპოლი" ერთ ფეხბურთელზე არ იყო დამოკიდებული. ჩვენი მიზანი ჩემპიონობაა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. სიმართლე გითხრათ, "იუვენტუსი" საერთოდ არ მაინტერესებს და არც ამ გუნდის თამაშებს ვადევნებ თვალს. მთავარია, ჩვენი მოსაგები მოვიგოთ და დანარჩენს დრო გამოაჩენს. არკადიუშ მილიკის სახით, უნიჭიერესი ფეხბურთელი დაგვემატა, რომელიც ათლეტურია და ამავდროულად, ძალიან ტექნიკური. პოლონელი თანაბარი წარმატებით თამაშობს როგორც ფეხით, ისე თავით და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. მილიკი მალე გახდება "ნაპოლის" მთავარი დამრტყმელი ძალა".
"პალერმოსთან" შეხვედრაში მარეკ ჰამშიკი გოლით გამოირჩა და ეს მისი 82-ე შედეგიანი დარტყმა იყო ნეაპოლური გუნდის შემადგელობაში. აღსანიშნავია, რომ ჰამშიკმა გოლების რაოდენობით თვით დიეგო მარადონას გაუსწრო და ამ ფაქტზე კომენტარი გააკეთა:
"ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ დიეგო მარადონას ვაჯობებდი, რადგან ის გუნდის ლეგენდაა და თანაც, თავდამსხმელი გახლდათ, მე კი ნახევარდაცვაში ვთამაშობ. ნეაპოლში ფანტასტიკური წლები გავატარე და იმედი მაქვს, რომ კარიერას აქვე დავასრულებ. ჩემი ოცნებაა, რომ გულშემატკივრებისთვის დიდი გამარჯვებები მოვიპოვო".
"ნაპოლი" - გოლების გუნდი
"პალერმოსთან" შეხვედრაში ხოსე კალეხონმა დუბლი შეასრულა და ზოგადად, მიმდინარე სეზონი ესპანელმა შესანიშნავად დაიწყო. იგუაინის წასვლის შემდეგ, თითოეული შემტევის შედეგიანი თამაში ძალიან მნიშვნელოვანია და ხოსეც სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას:"იგუაინი დიდი ძალა იყო და ფაქტია, რომ ის ძალიან დაგვაკლდება. როდესაც გონსალო მოედანზე იყო, ვიცოდით, რომ გოლებს გაიტანდა. თუმცა, თვითონ "ნაპოლია" შექმნილი იმისთვის, რომ ბევრი გოლი გაიტანოს და ეს განურჩევლად იმისა, არის თუ არა მოედანზე იგუაინი, ან გნებავთ დიეგო მარადონა. "იუვენტუსის" სახით, უძლიერესი კონკურენტი გვყავს და შესაბამისად, შეცდომების უფლება პრაქტიკულად არ გვაქვს. თითოეულ შეხვედრაში მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ, რათა ქულები მოვიპოვოთ.
მიმდინარე სეზონში, თითქოს, უფრო ვუფრთხილდები საგოლე მომენტებს და შესაბამისად, მარგი ქმედების კოეფიციენტიც უფრო მაღალი მაქვს. შესაძლოა, ეს იგუაინის წასვლამაც განაპირობა და თუ ეს ასეა, არაფერი მაქვს საწინააღმდეგო. შევეცდები, გაცილებით მეტი გოლი გავიტანო, ვიდრე გასულ სეზონში".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"