ფიორენტინა-რომას გამოხმაურება: როცა იღბალი გიღიმის

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მე-3 ტურის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი ფლორენციაში შედგა, სადაც "ფიორენტინამ" "რომას" უმასპინძლა. ორი განსხვავებული ტაიმი ვიხილეთ - პირვლში სტუმრები ფლობდნენ უპირატესობას და ბევრი მომენტიც შექმნეს ფლორენციელთა კართან, მეორეში კი მასპინძლები გააქტიურდნენ და მათ ჰქონდათ გატანის არაერთი შანსი.

შედეგად, "ფიორენტინამ" ერთი შეაგდო და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა, გოლი კი მილან ბადელის ანგარიშზეა, რომელმაც დაახლოებით 25 მეტრიდან დაარტყა და ბურთი მეკარისაგან მარჯვენა დაბალ კუთხეში მოათავსა.

აღსანიშნავია, რომ ბადელის დარტყმის შემდეგ, ბურთი ნიკოლა კალინიჩს ხვდებოდა, თუმცა ამ უკანასკნელმა შესანიშნავი რეაქცია გამოავლინა, ოსტატურად აიცილა
ბურთი და ამით, თავისი წვლილი დაიდო ეფექტურ გოლში. შედეგად, "რომა" მესამე ადგილზე დარჩა, ლუჩანო სპალეტის გუნდის აქტივში 7 ქულაა, "ფიორენტინამ" კი 6 ქულას მოუყარა თავი და მერვე ადგილზეა გამწესებული.

თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ფლორენციელებს ერთ შეხვედრა რეზერვში აქვთ და თუ "ჯენოა" დაამარცხეს, მეორე-მესამე ადგილზე აინაცვლებენ. მატჩის შემდეგ, ორივე გუნდის მწვრთნელმა საინტერესო კომენტარები გააკეთა...

პაულო სოუზა (ფიორენტინა): "მეტოქედ სკუდეტოსთვის მებრძოლი გუნდი გვყავდა, რომელიც ძალიან ძლიერი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. ჩვენც და რომაელებს ბურთის კონტროლი გვიყვარს და ვიცოდი, რომ ბევრი რამე ცენტრში გადაწყდებოდა. პირველ ტაიმში, გვჯობდა მეტოქე, მეორეში კი მოვუმატეთ და გაცილებით უფრო სახიფათოდ ვუტევდით. შეგვეძლო წაგვეგო კიდეც, ან ქულა აგვეღო, მაგრამ იღბალმაც გადმოგვხედა და სამი ქულა ჩავიწერეთ აქტივში. "ფიორენტინას" არ მოიხსენიებენ ფავორიტებში, მაგრამ ჩვენ ვეცდებით, რომ გავაკვირვოთ საფეხბურთო იტალია".

ლუჩანო სპალეტი (რომა): "ეს იყო ძალიან დასანანი მარცხი, რადგან უმნიშვნელოვანესი ქულები დავკარგეთ. თუ გვინდა, რომ ჩემპიონობისთვის ვიბრძოლოთ, ასეთ შეხვედრებში უნდა გავიმარჯვოთ. პირველ ტაიმში ბევრს ვუტევდით და მატჩის ბოლო წუთებიც ჩვენი უპირატესობით წარიმართა, მაგრამ გოლი მეტოქემ გაიტანა. ეს ფეხბურთია, რომელსაც თავისი წესები და სამართალი აქვს. თამაშით არ ვარ უკმაყოფილო და ვფიქრობ, რომ სწორი გზით მივდივართ. ჩვენ გვჭირდება ბევრი შრომა და ცოტა დრო, რომ გულშემატკივარს დიდი სიხარული მივანიჭოთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული