"მინდა ბოდიში მოგიხადო, რადგან "ოქროს ბურთს" შენ იმსახურებდი..."

AutoSharing Option
ფრანჩესკო ტოტის არასდროს აკლდა იტალიური სპორტული მედიის ყურადღება, ამ დღეებში კი მუდმივად ეპიცენტრშია მოქცეული და პირველი ფურცლებიდან არ ჩამოდის. "რომას" ლეგენდარული კაპიტანი 40 წლის გახდა და ეს მართლაც განსაკუთრებული ადამიანის გამორჩეული იუბილეა.

ამად არის, რომ ტოტის თითქმის მთელი საფეხბურთო სამყარო ულოცავს, "გაძეტა დელო სპორტმა" კი ყველაზე გამორჩეული მილოცვები ამოკრიფა.

ლიონელ მესი: "გამარჯობა, ფრანჩესკო. მინდა, რომ იუბილე მოგილოცო. მჯერა, რომ ამ მნიშვნელოვან თარიღს კარგად აღნიშნავ. ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი შენით და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ერთმანეთს შევხვდით. გეხვევი და წარმატებებს გისურვებ".

ლუიშ
ფიგუ: "განუმეორებელო ფრანჩესკო, მგონი, ბერდები, თუ ვცდები? - 40 წლის გახდი და მინდა, რომ ჩემი საუკეთესო სურვილები მიიღო. მინდა, ბოდიში მოგიხადო იმისთვის, რომ 2000 წელს "ოქროს ბურთი" წაგართვი, რადგან მას ნამდვილად შენ იმსახურებდი".

რაჯა ნაინგოლანი: "მინდა, გისურვო ყველაფერი საუკეთესო და მოგილოცო 40 წლის იუბილე. ჩემთვის დიდი პატივია, რომ შენ გვერდით ვთამაშობ და მინდა, რომ კიდევ ბევრი წელი გქონდეს ასეთი მოტივაცია და ენთუზიაზმი. როცა გნახავ, აუცილებლად დავნაძლევდეთ, თუ ვინ უფრო ადრე დაასრულებს კარიერას, მე თუ შენ"?

პაოლო მალდინი: "იუბილეს გილოცავ, კაპიტანო და გისურვებ ყველაფერ საუკეთესოს. ვცდილობ, შენი თამაშები არ გამოვტოვო, რადგან ასეთი ვარსკვლავები იშვიათად იბადებიან".

ალესანდრო დელ პიერო: "გილოცავ, კაპიტანო. იმედია, კიდევ დიდხანს გიხილავ მოედანზე, რადგან ეს უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. ბედნიერი ვარ, რომ ერთმანეთის მხარდამხარ და ერთმანეთის წინააღმდეგ ბევრჯერ გვითამაშია. ჩემთვის ეს დიდი პატივია".

მირკო ვუჩინიჩი: "ბედნიერი ვარ, რომ მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის მხარდამხარ ვთამაშობდი. გილოცავ, კაპიტანო".

მარკო მატერაცი: "გილოცავ, ფრანჩესკო. კიდევ 10 წელი ითამაშე "რომაში" და შემდეგ ჩამოდი აქ, ინდოეთში. სიმშვიდეა, სიწყნარე და გავაგოროთ ბურთი".

ვინჩენცო მონტელა: "გილოცავ დიდი სიყვარულით, ფრანჩესკო. გავიგე, რომ შენ კიდევ ფეხბურთს თამაშობ, მე კი უკვე ძალიან დიდი ხანია მწვრთნელი ვარ. ხანდახან ვფიქრობ, ადამიანი ხარ თუ სხვა პლანეტიდან ჩამოფრინდი".

ლეონარდო: "ფრანჩესკო, სალამი და ჩემი საუკეთესო სურვილები შენ. ითამაშე კიდევ დიდხანს, იქამდე, სანამ ფეხბურთით სიამოვნებას იღებ".

ბოიან კრკიჩი: "შენგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა. შენ ხარ უდიდესი ფეხბურთელი, ვისთანაც ოდესმე მითამაშია. გილოცავ და ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ".

მარკო დი ვაიო: "ვულოცავ უდიდეს ფეხბურთელს და კიდევ უკეთეს ადამიანს, რომელიც ყოველთვის მაოცებდა თავისი თავმდაბლობით და უშუალობით".

კრისტიან ვიერი: "გილოცავ, ფრანჩესკო. 40 წლის ხარ, მაგრამ იდეალურ ფორმაში. არ დაასრულო კარიერა და გაგვართე კიდევ დიდხანს".

ანტონიო კასანო: "ბედნიერი ვარ, რომ შენ გვერდით ვთამაშობდი. იუბილეს ვულოცავ ყველაზე დიდ 10-იანს იტალიური ფეხბურთის ისტორიაში".

ანდრეა პირლო: "შენ ყველას დაანახე, რომ მთავარი არა ასაკი, არამედ მონდომება, მოტივაცია და პროფესიონალიზმია. გილოცავ, ფრანჩესკო და გთხოვ, რომ ითამაშე კიდევ დიდხანს ჩვენთვის, შენი გულშემატკივრებისთვის".

ფაბიო კანავარო: "გილოცავ, ფრანჩესკო. შენ ხარ ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელი, ვინც კი ოდესმე მინახავს. მრცხვენია, რომ 2006 წლის მუნდიალზე მე ვიყავი იმ გუნდის კაპიტანი, რომელშიც შენ თამაშობდი. ნამდვილი კაპიტანი სწორედ შენ ხარ".

ფრანჩესკო ტოტი: "ჩემთვის ოჯახისა და მეგობრების მხარდაჭერა ყოველთვის უმთავრესი იყო. ეს ადამიანები გვერდში მედგნენ მაშინ, როდესაც მილხინდა და მაშინაც, როდესაც მიჭირდა. უდიდესი მადლობა ყველას, ვინც იუბილე მომილოცა და მათ შორის, "რომას" მწვრთნელ ლუჩანო სპალეტისა და პრეზიდენტ ჯეიმს პალოტას.

პრესაში აქტიურად ვრცელდება ჩემი მეუღლის სიტყვები, რაც კიდევ ერთხელ მარწმუნებს იმაში, რომ ილარის ძალიან ვუყვარვარ და ჩემს პრობლემებს ყველაზე მეტად განიცდის. ჯერ კიდევ ვერ დაივიწყა ის, რაც გასულ სეზონში ხდებოდა, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ დღეს ყველაფერი რიგზეა - სპალეტისთან და პალოტასთან მაქვს ღია, გულწრფელი და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობა.

ჩვენ ყველას ერთად გვინდა "რომას" წარმატება და მჯერა, რომ გულშემატკივრებს დიდი გამარჯვებებით გავახარებთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
შეიზლება რომელიმე კონკრეტულ წელს სხვები უფრო ძლიერები იყვნენ,მაგრამ უდიდეს პატივისცემას იმსახურებს ის,რომ 40წლისაც შესანიშნავ ფორმაშია და მთელი კარიერა ერთგუნდში გაატარა და ერთი წამიც კი არ უფიქრია სხვაგან წასვლა,მაშინაც კი,როცა ძირითადში ვერ ხვდებოდა და ზოგჯერ მწვრთნელებიც აგონებდნენ კარიერის დასროლების დროზე,მაგრამ ის პროტესტის გარეშე ჩუმად აგრძელებდა შრომას და კვლავ იმსახურებდა ადგილს ძირითადში,განსხვავებით ზოგიერთი ჩვენი ფეხბურთელისაგან.
სოსო
23:28 29-09-2016
0
სიმულიანტობასაც ნიჭი უნდა, მაგრამ ეს არ ცვლის ფაქტს რომ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, ნამდვილი ლეგენდაა თავისი კლუბის და იტალიური ფეხბურთის.
GIGA
19:00 29-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული