როგორ იწყებს მზადებას "სკუადრა აძურა" "ფურია როხასთან" შეხვედრისთვის

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით, 6 ოქტომბერს იტალიის ნაკრები ესპანეთს უმასპინძლებს, სამ დღეში კი მაკედონიას ესტუმრება. "სკუადრა აძურას" მწვრთნელმა ის 26 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებსაც ამ შეხვედრებში დაეყრდნობა.

მეკარეები: ჯანლუიჯი ბუფონი (იუვენტუსი), ჯანლუიჯი დონარუმა (მილანი), მატია პერინი (ჯენოა)

მცველები: დავიდე ასტორი (ფიორენტინა), ანდრეა ბარძალი (იუვენტუსი), ლეონარდო ბონუჩი (იუვენტუსი), ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი), ანჯელო ოგბონა (ვესტ ჰემი, ინგლისი), ალესიო რომანიოლი (მილანი), დომენიკო კრიშიტო (ზენიტი, რუსეთი), მატეო დარმიანი (მანჩესტერი, ინგლისი), მატია დე შილიო (მილანი)

ნახევარმცველები: ფედერიკო ბერნარდესკი (ფიორენტინა), ჯაკომო ბონავენტურა (მილანი), ანტონიო კანდრევა (ლაციო),
დანიელე დე როსი (რომა), მარკო პაროლო (ლაციო), ალესანდრო ფლორენცი (რომა), რიკარდო მონტოლივო (მილანი), მარკო ვერატი (პსჟ, საფრანგეთი)

თავდამსხმელები: ანდრეა ბელოტი (ტორინო), მარტინს ედერი (ინტერი), მანოლო გაბიადინი (ნაპოლი), ჩირო იმობილე (ლაციო), გრაციანო პელე (შანდონგი, ჩინეთი), ნიკოლა სანსონე (ვილიარეალი, ესპანეთი)

იტალიის ნაკრებს წინ ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის, რომელთაგან ერთს უშუალო კონკურენტთან გამართავს. შეგახსენებთ, რომ პირდაპირ მუნდიალზე მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული გადის, მეორეადგილოსანს კი პლეი ოფში მოუწევს ასპარეზობა. ბუნებრივია, ფავორიტებად იტალია და ესპანეთი ითვლებიან და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, სწორედ ეს გუნდები გაინაწილებენ პირველ-მეორე ადგილებს და შესაბამისად, ერთ-ერთს პლეი ოფში მოუწევს ასპარეზობა.

იტალია-ესპანეთის შეხვედრა ტურინში გაიმართება, "იუვენტუს არენაზე", სადაც სრული ანშლაგია მოსალოდნელი და რა გასაკვირია, რომ მატჩის ირგვლივ უდიდესი აჟიოტაჟია.

გარემარბები ოფსაიდში
ჯამპიერო ვენტურა ახალი დანიშნული იყო იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე, როდესაც განაცხადა, რომ მას გარემარბები არ სჭირდება და შესაბამისად, დომენიკო ბერარდიზე არ ამყარებს იმედებს. მაშინ კონკრეტულად ბერარდიზე გაკეთდა აქცენტი, რადგან "სასუოლოს" შემტევი, რომელიც დღეს დაშავებულია, ბრწყინვალე ფორმაში იყო.

მოკლედ, ვენტურამ ბერარდი დაიწუნა და როგორც შემდეგ გამოჩნდა, არა მარტო ის. სენიორ ჯამპიერო არც სხვა გარემარბებს იძახებს და ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც - სიის მიღმა დარჩნენ ლორენცო ინსინიე და სტეფან ელ შაარავი, რომლებსაც ანტონიო კონტე ხშირად იძახებდა.

ვენტურას თავისი ხედვა აქვს - პირდაპირ ამბობს, რომ მისი საბაზო ტაქტიკა 3-5-2-ია, რომელიც პერიოდულად შესაძლოა 4-4-2 სქემით შეიცვალოს და არც ერთ ამ ტაქტიკაში გარემარბების ადგილი, უბრალოდ, არ არის. ფლანგებზე მას სჭირდება ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც დაცვაში ნაყოფიერად შეუძლიათ თამაში და ასეთები არიან ალესანდრო ფლორენცი, მატია დე შილიო, მატეო დარმიანი და თუნდაც ანტონიო კანდრევა, მაგრამ არა ბერარდი, ინსინიე და ელ შაარავი...

სავარაუდო თერთმეტეული
"გაძეტა დელო სპორტის" ვერსიით, ჯამპიერო ვენტურა ესპანეთთან თამაშისთვის 3-5-2 ტაქტიკას აირჩევს. ავტორიტეტული გამოცემა აქედანვე ცდილობს, რომ სავარაუდო თერთმეტეული გამოიცნოს. კარში ბუფონი იდგება, დაცვის სამეულს კი "იუვეს" ფეხბურთელები დააკომპლექტებენ ბარძალის, ბონუჩის და კიელინის შემადგენლობით. მარჯვენა ფრთაზე, სავარაუდოდ, კანდრევას ვიხილავთ, მარცხენას კი დე შილიო გაამაგრებს. მოედნის ცენტრში ვერატი, პაროლო და დე როსი გაირჯებიან, შეტევაში კი, ალბათ, ედერსა და პელეს ვიხილავთ.

თავდასხმაში ვენტურას აქვს არჩევანი და შესაძლოა, "გაძეტას" პროგნოზი არც გამართლდეს - მაგალითად, ბელოტი და იმობილე ბრწყინვალე ფორმაში არიან და შესაძლოა, მათზეც გაკეთდეს აქცენტი. მით უმეტეს, ედერი ჩრდილშია მოქცეული, პელე კი ჩინეთში გადაიხვეწა.

იტალიის ნაკრები უკვე შეიკრიბა კოვერჩიანოს საწვრთნელ ბაზაზე და ბოლოს, რამდენიმე კომენტარსაც გავეცნოთ...

ჯამპიერო ვენტურა: "წინ ორი უაღრესად მნიშვნელოვანი მატჩია, რომლებშიც ქულათა მაქსიმუმის აღება გვმართებს. ჯერ ესპანეთთან მატჩზე ვარ კონცენტრირებულნი, რადგან ჩვენ წინააღმდეგ მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი წარდგება.

ახალი ესპანეთი შთამბეჭდავად თამაშობს და უმძიმესი ბრძოლის მოლოდინში ვარ. გამოვიძახე ის ფეხბურთელები, რომლებიც სხვებზე მეტად მჭირდება - ვიცი, რომ არის კითხვები, მაგრამ შედეგზე მე ვარ პასუხისმგებელი და შესაბამისად, შემადგენლობასაც მე ვარჩევ".

ჯორჯო კიელინი: "რა დამავიწყებს ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრების კარში გატანილ გოლს, მაგრამ ის უკვე წარსულია, ჩვენ კი მომავალში კი უნდა გავიხედოთ. კონტინენტის პირველობაზე, იტალია მართლაც სჯობდა ესპანეთს, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ამ გუნდს უდიდესი პოტენციალი აქვს და ნებისმიერ დროს შეიძლება გარდაისახოს. ამიტომ მაქსიმალური მობილიზება და კონცენტრაცია გვმართებს".

მარკო ვერატი: "ისრაელთან უმნიშვნელოვანესი მატჩი მოვიგეთ, თუმცა მთავარი გამოცდა წინ გველის. ესპანეთს ბურთის დაჭერა უყვარს, თუმცა ამის საშუალება არ უნდა მივცეთ. მოედნის ცენტრში ბევრი რამ გაირკვევა და დიდი ბრძოლისთვის ვემზადებით. ჯგუფში პირველი ადგილი უნდა დავიკავოთ და სწორედ ესაა ჩვენი მიზანი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კიელინი როგორ იქნება წითელი ბარათი აქვს ისრაელთან მიღებული.
Irakli
17:16 04-10-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული