"იუვეს" ამბები: ვიტსელი ისევ სამიზნეშია, მარკიზიო მოედანს უბრუნდება

AutoSharing Option
"იუვენტუსი" იტალიური სპორტული პრესის ყურადღების ცენტრშია და გუნდის ირგვლივ უამრავი ინფორმაცია ვრცელდება. "გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, ტურინული გრანდის მესვეურები ზამთარში აქსელ ვიტსელის დამატებას შეეცდებიან და ამ მიმართულებით, უკვე მიმდინარეობს მუშაობა.

5 მილიონი ვიტსელის სანაცვლოდ
იყო დრო, როდესაც აქსელ ვიტსელი 20 მილიონ ევროდ ფასდებოდა, მაგრამ დღეს განსხვავებული ვითარებაა. 27 წლის ბელგიელ ნახევარმცველს "ზენიტთან" კონტრაქტი ზაფხულში ეწურება და შეუძლია, რომ რუსული კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.

შესაბამისად, თუ "ზენიტის" მესვეურებს ვიტსელის სანაცვლოდ თუნდაც მცირე თანხის აღება სურთ, ფეხბურთელს ამ ზამთარს უნდა შეელიონ. ბუნებრივია,
"იუვე" არ აპირებს 5 მილიონ ევროზე მეტის გადახდას იმ ფეხბურთელში, რომლის დამატებაც რამდენიმე თვეში უფასოდ შეიძლება. თანაც, თავად ვიტსელს არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ "იუვენტუსში" სიამოვნებით გააგრძელებს კარიერას.

მარკიზიო ბრუნდება
კლაუდიო მარკიზიო უკვე სრული დატვირთვით ვარჯიშობს და მოედანზე დასაბრუნებლად ემზადება. "იუვენტუსის" ერთ-ერთმა ლიდერმა ჟურნალისტს ვრცელი კომენტარი მისცა და შემდეგი განაცხადა:

"უკვე ორი კვირაა, რაც გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვვარჯიშობ და თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ერთი სული მაქვს, თუ როდის დავუბრუნდები მოედანს. ვფიქრობ, სანაკრებო პაუზის შემდეგ უკვე შევძლებ თამაშს. მადლობა ღმერთს, რომ ურთულესი თვეები უკან მოვიტოვე და მალე ისევ ვითამაშებ. განსაკუთრებულად მძიმე იყო, როდესაც ევროპის ჩემპიონატს სახლში ვადევნებდი თვალს და ნაკრებს ვერ ვეხმარებოდი. ეს იყო ტანჯვა, რომელსაც იმედია, აღარასდროს გამოვცდი.

"იუვენტუსში" ბევრი ახალი ფეხბურთელია, რომლებიც ბრწყინვალედ შეეწყვნენ გუნდს. დანი ალვეში, მეჰდი ბენატია, მირალემ პიანიჩი, მარკო პიაცა და გონსალო იგუაინი სწორედ ის მოთამაშეები არიან, რომლებიც აუცილებლად გააძლიერებენ "იუვეს". ვფიქრობ, მიმდინარე სეზონში "იუვენტუსი" გაცილებით ძლიერია, ვიდრე წინა წლებში".

ალვეში: ფანტასტიკურ გუნდში ვარ
"იუვენტუსის" ერთ-ერთი ახალწვეული დანი ალვეშია, რომელიც არ მალავს, რომ ტურინში თავს შესანიშნავად გრძნობს და "იუვენტუსში" გადასვლით სწორი გადაწყვეტილება მიიღო:

"ფანტასტიკურ გუნდში ვარ და შესანიშნავ ქალაქში, სადაც უბრალოდ შეუძლებელია იყო ცუდად. "ბარსელონაში" ბედნიერი წლები გავატარე, მაგრამ ახალი გამოწვევა მჭირდებოდა და ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე. "იუვენტუსი" უძლიერესი გუნდია, ბრწყინვალე ფეხბურთელებით დაკომპლექტებული და დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია. გუნდში ვისთან მაქვს ყველაზე კარგი ურთიერთობა? - თითოეულ თანაგუნდელთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ჯანლუიჯი ბუფონი მაინც განსაკუთრებული ადამიანია და ბედნიერი ვარ, რომ მის მხარდამხარ თამაშის საშუალება მომეცა".

"იუვეს" ყველაზე რთული ამოცანა
ჟურნალისტებს "იუვენტუსის" სპორტული დირექტორი ჯუზეპე მაროტა გაესაუბრა და საინტერესო თემებზე გააკეთა კომენტარი: "გუნდი შესანიშნავ ფორმაშია და მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებთ. ვფიქრობ, "იუვე" კიდევ უფრო გაძლიერდება და უნაკლო ფეხბურთს ითამაშებს. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას, აქსელ ვიტსელის გადაბირებას ნამდვილად ვაპირებთ და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

ვითარებას ამარტივებს ის, რომ ბელგიელს "ზენიტთან" კონტრაქტი ზაფხულში ეწურება. არც ისაა გამორიცხული, რომ აქსელი სწორედ ზაფხულში დავიმატოთ. ვინ შეცვლის ბუფონს? - საბედნიეროდ, ჯიჯი ჯერ კიდევ თამაშობს ფეხბურთს, მაგრამ როდესაც დაასრულებს კარიერას, მისი შეცვლა არ იქნება ადვილი. ღირსეული შემცვლელი მოუძებნო მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მეკარეს, უმძიმესი ამოცანაა. იმედია, ჯიჯი კიდევ დიდხანს იდგება კარში".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სუპერ გუნდია და სუპერ დაბალანსებული
levan
18:13 05-10-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული