პრემიერლიგა. X ტური: ჰიტონმა რა ქნა?! [VIDEO]

AutoSharing Option
* "მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერლიგის ბოლო 7 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო, 3 წააგო და სამიც ფრედ დაასრულა...
* სერხიო აგუერომ პრემიერლიგის ბოლო ოთხ საგარეო მატჩში 6 გოლი გაიტანა...
* "მიდლსბრომ" პირველი საშინაო გამარჯვება მოიპოვა, ხოლო "ჰალმა" ზედიზედ მე-6 მატჩი წააგო...
* "ჩელსიმ" ზედიზედ მე-4 მატჩი მოიგო ისე, რომ გოლი არ გაუშვია...

"ჰიტონი ინგლისის ნაკრების პირველი მეკარეა", - გაჰყვიროდნენ "ოლდ ტრაფორდზე" მყოფი "ბარნლის" ფანები. მართლაცდა, 30 წლის ტომ ჰიტონმა სასწაულები აკეთა იმ "მანჩესტერთან" მატჩში, სადაც 11 წლის წინ მისი პროფესიული კარიერა დაიწყო,
თუმცა მიზეზთა გამო ფეხი ვერ მოიკიდა.

მერე მან ითამაშა ინგლისის ყველა ასაკობრივ ნაკრებში და ევროპის ჩემპიონატის წინ როი ჰოჯსონმა სულ რაღაც 3 წუთი დაუთმო ავსტრალიასთან ამხანაგურ მატჩში, კონტინენტის პირველობაზე კი მესამე მეკარედ იახლა...

გახდება თუ არა ჰიტონი "სამი ლომის" უპირველესი კიპერი, ამაზე ახლა თავს ვერავინ დადებს, მაგრამ შაბათ საღამოს "ოლდ ტრაფორდის" სუპერგმირი რომ იყო, ეს უდავო ფაქტია.

"ბარნლის" მეკარემ ყველა ასაღები თუ აუღებელი ბურთი მოიხელთა ან მოიგერია. საბოლოო ჯამში, სტატისტიკამ აღნუსხა ჰიტონის 11 "სეივი", რითიც განმეორდა მიმდინარე სეზონის მისივე რეკორდი - ასეთ ამბავში იყო ის "საუთჰემპტონთან" მატჩშიც, თუმცა იმ განსხვავებით, რომ იქ 3 გოლი მაინც გაუშვა (თანაც, 15-წუთიან მონაკვეთში), ახლა კი...

ამ ყველაფრიდან ვერ დავასკვნით, რომ "იუნაიტედის" მორიგი ჩაფლავება ჰიტონის "ბრალია". როგორც არ უნდა იყოს, ეს "მანჩესტერი", ამ მწვრთნელით, საკუთარ მოედანზე "ბარნლის" კი უნდა უგებდეს...

37 დარტყმა კარში (ამის მესამედი მარტო ზლატან იბრაჰიმოვიჩის ანგარიშზეა), 19 კუთხური და კოლოსალური უპირატესობა ბურთის ფლობაში - ესეც ხომ საკმარისი უნდა ყოფილიყო, მაგრამ აკი ერთხელ შევთანხმდით, რომ შთამბეჭდავი სტატისტიკა საქმეს ვერ შველის, თუკი ბოლოს ქულის მეტი ხელში არაფერი გიჭირავს.

თან ამ ქულას დასჭირდა ჯერ ჟოზე მოურინიოს გაძევება (მიუღებელი ფორმით ითხოვდა არბიტრისგან მეტოქე ფეხბურთელის დასჯას და მერე ტრიბუნიდანაც იქნევდა ხელებს) ტექნიკური ზონიდან, მერე კი ანდერ ერერას აენთო მეორე ყვითელი ბარათი და "იუნაიტედი" 10 კაცით დარჩა...

მოურინიოს მთავარი პრობლემა ის არის, რომ ჯერაც ვერ მიაგნო ოპტიმალურ შემადგენლობას, რაც მისი დონის მწვრთნელისგან, მეტი რომ არ ვთქვათ, გასაკვირია. ამასობაში კი დრო უკანმოუხედავად გარბის. ლიდერთა ჯგუფსა და "ეშმაკებს" შორის დისტანცია უკვე 8 ქულაა...

მოურინიო პრესკონფერენციაზე არ მისულა. მედიის კითხვებს მისმა ასისტენტმა ჟოზე ფარიამ უპასუხა:

"არ ვიცი, რა მოხდა ჟოზესა და არბიტრს შორის და ეს არ არის ახლა მთავარი. მთავარი ისაა, რას ჩაწერს მარკ კლატენბურგი თავის ოქმში... მე მიმაჩნია, რომ რეფერიმ ფანტასტიკური სამუშაო გასწია. ფანტასტიკურად ითამაშეს "მანჩესტერის" ფეხბურთელებმაც - უტევდნენ, მომენტებს ქმნიდნენ, ბოლო წამებამდე იბრძოდნენ... მაგრამ გოლი ვერ გაიტანეს. ხანდახან ერთ-ორ მომენტს შექმნი და იგებ, მაგრამ ზოგჯერ ისეც ხდება, როგორც დღეს დაგვემართა. ეს ფეხბურთია".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
სერხიო აგუეროსა და ილქაი გიუნდოგანის დუბლებით "მანჩესტერ სიტისა" და პეპ გვარდიოლას (რეკორდულად) წარუმატებელი ციკლი დასრულდა. ამასთან, გიუნდოგანმა ერთი საგოლე პასიც გაახერხა და თამამად შეიძლება, მატჩის გმირადაც შევრაცხოთ. ბრწყინვალე გახლდათ აგუეროც. თამაშის საკვანძო მომენტი იყო პირველი ტაიმის 9-წუთიანი მონაკვეთი, როცა მისმა გოლებმა მასპინძელი წელში გატეხა.

საინტერესო სტატისტიკა: "ვესტ ბრომვიჩმა" "სიტისთან" ბოლო 10 მატჩი წააგო და 28-ჯერ გამოიტანა ბურთი კარიდან, ხოლო აქედან 7 - აგუეროს წილია.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე გვარდიოლამ მეტწილად სწორედ აგუეროზე ილაპარაკა:

"ჩვენ ძალიან გვჭირდებოდა ის. მე ვიცოდი, რამდენად მნიშვნელოვანი ფეხბურთელია სერხიო ჩვენი გუნდისთვის. ჩემი მიზანია, დავეხმარო მას, რათა კიდევ უფრო უკეთესად ითამაშოს, უფრო მეტი გოლი გაიტანოს... აგუერო უკვე არის "სიტის" ისტორიის განუყოფელი ნაწილი. ის ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
ორი დუბლი ვნახეთ სანდერლენდშიც, სადაც "არსენალმა" 4:1 გაიმარჯვა და დევიდ მოიესის სკამი კიდევ უფრო მოარყია. აბა, ალექსის სანჩესის ორი გოლი ვის გაუკვირდებოდა? აი, ოლივიე ჟირუს შთამბეჭდავი დაბრუნება კი უთუოდ სიურპრიზი იქნებოდა "მეთოფეთა" ფანებისთვის.

ფრანგი ფორვარდი 69-ე წუთზე გამოჩნდა მოედანზე და ზუსტად 7 წუთი მოანდომა დუბლის შესრულებას - ჯერ კირან გიბსის ჩაწოდებულს დაჰკრა ნახევარბრუნით, ხოლო მერე მესუთ იოზილის კუთხურს მოუძებნა ზუსტი გაგრძელება.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
"ტოტენჰემი" ჯერაც ერთადერთ დაუმარცხებელ გუნდად რჩება პრემიერლიგაში, მაგრამ ვერც იმას ვიტყვით, რომ თუნდაც ჩემპიონ "ლესტერთან" საშინაო ფრე ("მელიების" პირველი საგარეო ქულა მიმდინარე კამპანიაში) მაურისიო პოჩეტინოს კმაყოფილებას მოჰგვრიდა. მით უმეტეს, დელე ალისა და იან ვერტონგენის დარტყმების შემდეგ ბურთი ორჯერ მოხვდა ხარიხას. მაგრამ არც იმაზე მოგვიბრუნდება ენა, რომ "ლესტერის" ქულას "დაუმსახურებელი" ვუწოდოთ.

მოვუსმინოთ პოჩეტინოს: "ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ვერ მოვიგეთ. არადა, უამრავი შანსი გვქონდა, თამაშიც ჩვენი კარნახით მიდიოდა... მაგრამ გავუშვით გოლი, რომელიც იმ სიტუაციაში არ უნდა გაგვეშვა. ეს იყო და ეს".

კლაუდიო რანიერიმ კი ეს თქვა: "კმაყოფილი ვარ შედეგითაც და თამაშითაც. ჩემი ფეხბურთელების საბრძოლო სულისკვეთებაც სამაგალითო იყო. ბოლო მატჩებში სწორედ მებრძოლი ხასიათი იყო ჩვენი მთავარი კოზირი, მაგრამ დღეს გააზრებული თამაშიც ვნახე და ეს ყველაზე მეტად მახარებს".

* * *
"ლივერპული" ტურიდან ტურამდე დაჟინებით გვიმტკიცებს, რომ რეალურად აქვს ჩემპიონობის ამბიცია და "კრისტალ პალასთან" ეს საგარეო (ზედიზედ მესამე) გამარჯვებაც ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია.

შეიძლება ითქვას, იურგენ კლოპს თავდასხმაში ყველაფერი რიგზე აქვს (საშუალოდ 2,4 გოლი მატჩში), მაგრამ რაც შეეხება უკანა ხაზს, ერთ-ერთი ლიდერის კვალობაზე 10 მატჩში 13 გოლის გაშვება განგაშის თუ არა, სერიოზული დაფიქრების საბაბს კი იძლევა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
"უოტფორდმა" 20-ჯერ დაურტყა კარში "ჰალს", მაგრამ ერთიც ვერ მოარტყა მიზანში, არადა, მაინც გაიმარჯვა. 82-ე წუთზე სტუმართა კაპიტანმა და ცენტრალურმა მცველმა მაიკლ დოუსონმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი.

X ტური
სანდერლენდი-არსენალი 1:4
გოლები: 0:1 სანჩესი (19), 1:1 დეფო (65-პენ), 1:2 ჟირუ (71), 1:3 ჟირუ (76), 1:4 სანჩესი (78)
სანდერლენდი (4-5-1): პიკფორდი - ჯოუნსი, კონე, ოში (42. ჯილობოჯი), ვან აანჰოლტი - ხაზრი, ნდონგი, როდუელი, პიენაარი (70. იანუზაი), უოტმორი (84. გუჩი) - დეფო.
არსენალი (4-2-3-1): ჩეხი - ბელერინი, მუსტაფი, კოსიელნი, გიბსი - ელნენი, კოკელენი (89. მეტლენდ-ნილსი) - ივობი (69. ჟირუ), ოქსლეიდ-ჩემბერლენი (78. რემზი), იოზილი - სანჩესი.
გაფრთხილება: 4-3; კუთხური: 0-8; ჯარიმა: 9-13; თამაშგარე: 6-1; კარში დარტყმა: 3-21 (1-7); ბურთის ფლობა: 34%-66%; მაყურებელი: 44 322

მანჩესტერი-ბარნლი 0:0
მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა - დარმიანი, ბლინდი, როხო, შოუ - ერერა, პოგბა - ლინგარდი (73. რუნი), მატა (73. ფელაინი), რაშფორდი (82. დეპაი) - იბრაჰიმოვიჩი.
ბარნლი (4-4-2): ჰიტონი - ლოუტონი, მ. კინი, მი, ს. უარდი (44. ფლენეგანი) - არფილდი, ჰენდრიკი, მერნი, გუდმუნდსონი (85. ბოიდი) - ე. გრეი (60. ბარნსი), უოკსი.
გაძევება: ერერა (68. მანჩესტერი)
გაფრთხილება: 3-3; კუთხური: 19-1; ჯარიმა: 12-9; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 37-7 (11-1); ბურთის ფლობა: 72%-28%; მაყურებელი: 75 325

მიდლსბრო-ბორნმუთი 2:0
გოლები: 1:0 რამირესი (39), 2:0 დაუნინგი (56)
მიდლსბრო (4-2-3-1): ვალდესი - ბარაგანი, ჩემბერსი, გიბსონი, ფრენდი - ფორშოუ, კლეიტონი - ტრაორე (90. ფიშერი), რამირესი (63. ლედბიტერი), დაუნინგი - ნეგრედო (86. როუდსი).
ბორნმუთი (4-2-3-1): ბორუცი - სმიტი, ფრენსისი, კუკი, დენიელსი - სიურმენი, არტერი (73. გოსლინგი) - ჯ. კინგი, უილშირი, იბე (60. ფრეიზერი) - უილსონი (60. აფობე).
გაფრთხილება: 2-1; კუთხური: 4-9; ჯარიმა: 7-7; თამაშგარე: 0-0; კარში დარტყმა: 11-18 (3-3); ბურთის ფლობა: 40%-60%; მაყურებელი: 33 746

ტოტენჰემი-ლესტერი 1:1
გოლები: 1:0 იანსენი (44-პენ), 1:1 მუსა (48)
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - უოლკერი, დაიერი, ვერტონგენი, როუზი - ვანიამა (87. უინქსი), დემბელე - ერიქსენი, ალი (83. ნკუდუ), სონი - იანსენი.
ლესტერი (4-4-2): შმეიხელი - სიმპსონი, მორგანი, ჰუთი, ფუხსი - დრინკუოტერი, ე. კინგი, მაჰრეზი (72. ოლბრაიტონი), მუსა (68. შუპი) - ოკაზაკი (78. ულოა), ვარდი.
გაფრთხილება: 3-4; კუთხური: 8-1; ჯარიმა: 11-20; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 22-6 (5-1); ბურთის ფლობა: 64%-36%; მაყურებელი: 31 868

უოტფორდი-ჰალი 1:0
გოლი: 1:0 მ. დოუსონი (82-საკ. კარში)
უოტფორდი (3-5-2): გომეში - პრიოდლი (87. კაბასელე), ქაბული (72. იანმაატი), ბრიტოსი - ამრაბატი (85. სუნიგა), პერეირა, ბეჰრამი, კაპუ, ჰოლებასი - დინი, იგალო.
ჰალი (3-5-2): მარშალი - მაგუაირი, მ. დოუსონი, კ. დევისი - ელმოჰამადი, ჰენრიკსენი (90. ბოუენი), ლივერმორი, მეისონი, კლუკასი - ერნანდესი, უ. კინი (78. მეილერი).
გაფრთხილება: 1-2; კუთხური: 7-2; ჯარიმა: 13-8; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 20-8 (0-2); ბურთის ფლობა: 54%-46%; მაყურებელი: 20 022

ვესტ ბრომვიჩი-სიტი 0:4
გოლები: 0:1 აგუერო (19), 0:2 აგუერო (28), 0:3 გიუნდოგანი (79), 0:4 გიუნდოგანი (90)
ვესტ ბრომვიჩი (4-1-4-1): ბ. ფოსტერი - კ. დოუსონი, მაკოული, ოლსონი (51. ლეკო), ნიომი - ევანსი - ჩადლი (87. რობსონ-კანუ), დ. ფლეტჩერი (51. მორისონი), ბრენტი, მაკკლინი - რონდონი.
სიტი (3-5-1-1): ბრავო - სტოუნზი, ოტამენდი, კოლაროვი - გიუნდოგანი, ფერნანდინიო, სტერლინგი (77. ნავასი), ნოლიტო (68. დე ბრუინი) - დავიდ სილვა (83. გარსია) - აგუერო.
გაფრთხილება: 4-3; კუთხური: 1-7; ჯარიმა: 17-10; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 9-21 (1-8); ბურთის ფლობა: 29%-71%; მაყურებელი: 22 470

კრ. პალასი-ლივერპული 2:4
გოლები: 0:1 ჩანი (16), 1:1 მაკარტური (18), 1:2 ლოვრენი (21), 2:2 მაკარტური (33), 2:3 მატიპი (44), 2:4 ფირმინო (71)
კრ. პალასი (4-2-3-1): მანდანდა - ჯ. უარდი, დანი, ტომკინსი, კელი - მაკარტური (86. კემპბელი), ლედლი (74. პუნჩეონი) - ზაჰა, კაბაი, ლი (66. თაუნსენდი) - კ. ბენტეკე.
ლივერპული (4-3-3): კარიუსი - კლაინი, მატიპი, ლოვრენი, მორენო - ლალანა (76. ვინალდუმი), ჰენდერსონი, ჩანი - მანე (90. კლავანი), კოუტინიო (89. ორიგი), ფირმინო.
გაფრთხილება: 1-2; კუთხური: 3-3; ჯარიმა: 15-5; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 7-17 (6-10); ბურთის ფლობა: 44%-56%; მაყურებელი: 25 628

ევერტონი-ვესტ ჰემი 2:0
გოლები: 1:0 ლუკაკუ (50), 2:0 ბარკლი (76)
ევერტონი (4-3-3): რობლესი - კოულმენი, ე. უილიამსი, მორი, ოვიედო - გუეიე, ბერი, ბარკლი (87. ლენონი) - ბოლასი (83. იაგიელკა), მირალასი (72. ქლევერლი), ლუკაკუ.
ვესტ ჰემი (3-4-2-1): ადრიანი - რიდი, კუაიტე, ოგბონა - ფერნანდესი (71. ძაძა), ნოუბლი, ობიანგი (60. აიუ), კრისუელი - პაიე, ლანძინი (78. ფეგული) - ანტონიო.
გაფრთხილება: 2-3; კუთხური: 8-8; ჯარიმა: 15-12; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 17-13 (6-3); ბურთის ფლობა: 49%-51%; მაყურებელი: 39 574

საუთჰემპტონი-ჩელსი 0:2
გოლები: 0:1 აზარი (6), 0:2 დიეგო კოშტა (55)
საუთჰემპტონი (4-1-2-1-2): ფ. ფოსტერი - მარტინა, ფონტე, ვან დიიკი, ბერტრანდი (78. მაკქუინი) - რომეუ - ს. დევისი, კლასი (61. ბუფალი) - ტადიჩი (78. ჰოიბერგი) - რედმონდი, ოსტინი.
ჩელსი (3-4-3): კურტუა - ასპილიკუეტა, დავიდ ლუიზი, კეჰილი - მოზესი (87. ივანოვიჩი), კანტე, მატიჩი, ალონსო - პედრო (78. ვილიანი), აზარი, დიეგო კოშტა (89. ბაჩუაი).
გაფრთხილება: 0-0; კუთხური: 7-3; ჯარიმა: 13-16; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 9-13 (1-7); ბურთის ფლობა: 55%-45%; მაყურებელი: 31 827
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ორშაბათი. 31 ოქტომბერი
სტოკი-სუონსი 00:00

ბომბარდირები
8 დიეგო კოშტა (ჩელსი)
7 სერხიო აგუერო (სიტი)
რომელუ ლუკაკუ (ევერტონი)
6 ალექსის სანჩესი (არსენალი)
5 მაიკლ ანტონიო (ვესტ ჰემი)
თეო უოლკოტი (არსენალი)
ჯერმეინ დეფო (სანდერლენდი)
ედენ აზარი (ჩელსი)

მომდევნო ტური
5 ნოემბერი:
ბორნმუთი-სანდერლენდი, ბარნლი-კრისტალ პალასი, მანჩესტერ სიტი-მიდლსბრო, ვესტ ჰემი-სტოკი, ჩელსი-ევერტონი;

6 ნოემბერი:
არსენალი-ტოტენჰემი, ჰალი-საუთჰემპტონი, ლივერპული-უოტფორდი, სუონსი-მანჩესტერ იუნაიტედი, ლესტერი-ვესტ ბრომვიჩი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული