სტეფანო პიოლი: ამ სეზონში ლიგის საგზური, მერე...

AutoSharing Option
მილანის "ინტერს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - სტეფანო პიოლი. 51 წლის იტალიელმა სპეციალისტმა ფრანკ დე ბური შეცვალა, რომლის თავკაცობითაც, მილანური გრანდი კრიზისში ჩაეფლო და სერია A-ს სატურნირო ცხრილში მხოლოდ მე-9 ადგილი უკავია. გუშინ მილანში პიოლის პრეზენტაცია გაიმართა...

დიდი გამოწვევა
ბედნიერი ვარ, რადგან მოვხვდი გუნდში, რომელსაც ღრმა წარსულიდან ვგულშემატკივრობ. სადაც არ უნდა წამიყვანოს ცხოვრებამ, "ინტერის" სიყვარული მუდამ ჩემთან იქნება და ასეა უკვე წლებია. მთელი ჩემი ოჯახი "ინტერის" გულშემატკივარია და ბედნიერები არიან, რომ დღეს ამ გუნდის მწვრთნელი ვარ. ესაა ჩემი უდიდესი გამოწვევა, რომელიც
დიდი სიამოვნებით მივიღე.

მოტივირებული ვარ და ახალ საქმეს ენთუზიაზმით შევუდექი. როდესაც "ინტერიდან" წინადადება მივიღე, ერთი წუთითაც არ მიფიქრია. ახალ ატმოსფეროში მოვხვდი, ბევრი ახალი ადამიანი გავიცანი, წინ კი მუხლჩაუხრელი შრომა გველის, რომელიც აუცილებლად გამოიღებს შედეგს.

რთული მისია
პირდაპირ ვთქვათ, რომ "ინტერი" ცუდ ფეხბურთს თამაშობს და შედეგებიც შესაბამისია. "ნერაძურის" სკუდეტოსთვის ბრძოლას უწინასწარმეტყველებდნენ და ამ დროს, ცხრილის შუაგულშია გაჭედილი. ვითარება უსწრაფესად უნდა გამოვასწოროთ და ეს კარგად მაქვს გააზრებული.

მისია რთულია, მაგრამ აქ სწორედ იმისთვის ვარ, რომ მძიმე მისიებს შევეჭიდო. ჩვენი მიზანი მიმდინარე სეზონში? - ვფიქრობ, რომ "ინტერს" შეუძლია ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა და ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. მართალია, ბევრი ქულაა დაკარგული, მაგრამ წინ კიდევ უამრავი ტურია და ვითარების გამოსწორება შესაძლებელია.

ახალი "ინტერი"
როგორი იქნება ახალი "ინტერი"? - კარგად ვიცნობ "ინტერის" ფეხბურთელებს და ვიცი მათი შესაძლებლობები. ამიტომ მაქვს ტაქტიკურ-სტრატეგიული მონახაზები, რომელსაც პირველივე შეხვედრიდან გამოვიყენებ. თუმცა, დღეს ამაზე ლაპარაკი საფუძველს მოკლებულია.

"ინტერი" თანაბრად ძლიერი უნდა იყოს ყველა რგოლში და შესაბამისად, ჩვენ უნდა ვიპოვოთ ბალანსი. გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც გაცილებით მეტი შეუძლიათ, ვიდრე აქამდე აჩვენებდნენ და მათ სწორი მიმართულების მიცემა სჭირდებათ.

მილანური დერბი
მილანური დერბი დიდი მატჩია, რომელსაც გულშემატკივრები განსაკუთრებულად ელოდებიან. "მილანის" დამარცხება საქმის იდეალური დასაწყისი იქნება, რადგან ეს იმ მუხტს და ენერგიას მოგვცემს, რომელიც კრიზისის სწრაფად დაძლევაში დაგვეხმარება. უნდა შევუტიოთ და ვეცადოთ, რომ მეტოქეს ჩვენი თამაში მოვახვიოთ თავს. "მილანი" სამეულშია, კარგ ფეხბურთს თამაშობს და დიდი ბრძოლისთვის ვემზადებით.

სამუელი პიოლის თანაშემწედ
სტეფანო პიოლის ერთ-ერთი თანაშემწე "ინტერის" ექსფეხბურთელი ვალტერ სამუელი იქნება, რომელსაც ზედმეტი წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება.

არგენტინელმა მცველმა მილანური გრანდის შემადგენლობაში 9 წელი გაატარა და ამ პერიოდში, 169 მატჩი გამართა. ბოლოს, სამუელი შვეიცარიულ "ბაზელში" ასპარეზობდა, თუმცა გასულ ზაფხულს ბუცები ლურსმანზე ჩამოჰკიდა. სამუელმა მოკლე კომენტარი გააკეთა და შემდეგი განაცხადა:

"სტეფანო პიოლი ბრწყინვალე სპეციალისტია და მასთან მუშაობა ჩემთვის საამაყოა. ბედნიერი ვარ, რომ ვბრუნდები გუნდში, სადაც კარიერის საუკეთესო წლები გავატარე. "ინტერთან" ბევრი კარგი მოგონება მაკავშირებს და მახარებს ის ფაქტი, რომ ეს ისტორია გრძელდება. "ინტერს" შეუძლია ძველი დიდების დაბრუნება და ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ".

გაბიგოლი "ემპოლიში"?
გასულ ზაფხულს, "ინტერმა" დიდი აჟიოტაჟის ფონზე გაბრიელ ბარბოსა, იგივე გაბიგოლი დაიმატა, თუმცა 20 წლის ბრაზილიელი ჯერჯერობით, ვერ ამართლებს მასზე გაცემულ ავანსებს. გაბიგოლს არ ეძლევა სათამაშო დრო, რადგან ცუდ ფორმაშია და ვარჯიშებზეც მოიკოჭლებს.

იტალიურ სპორტულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დიდი შანსია, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას, "ინტერმა" გაბრიელ ბარბოსა იჯარის წესით "ემპოლიში" გაუშვას. ტოსკანელებს თავდამსხმელის დამატება სურთ, გაბიგოლს კი სათამაშო პრაქტიკა სჭირდება, რომ იტალიურ ფეხბურთს შეეჩვიოს. მოლაპარაკება დაწყებულია და დიდი ალბათობით, შეთანხმებით დასრულდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული