10 წლის შემდეგ: სად არიან და რას აკეთებენ 2006 წლის მუნდიალის გამარჯვებულები

AutoSharing Option
იტალიის ნაკრებმა ბოლო დიდი ტურნირი 2006 წელს მოიგო, როდესაც გერმანიაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. იმ გუნდიდან რამდენიმე ფეხბურთელი დღესაც განაგრძობს თამაშს - მაგალითად, ჯანლუიჯი ბუფონი, ანდრეა ბარძალი, კრიატიან ძაკარდო, დანიელე დე როსი და ფრანჩესკო ტოტი. სხვებმა ახალი პროფესიები მოძებნეს, ერთი კი დიდ შარშია გახვეული - ვფიქრობთ, არ იქნება უინტერესო, თუ გავიგებთ, დღეს რით არიან დაკავებულნი 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონები:

ჯანლუიჯი ბუფონი (38 წლის)
7 მატჩი - 2 გაშვებული ბურთი 2006 წლის მუნდიალზე
განაგრძობს თამაშს. დღემდე, "იუვენტუსის" და იტალიის ნაკრების ძირითადი შემადგენლობის
მეკარეა.

ანჯელო პერუცი (46 წლის)
2006 წლის მუნდიალზე არ უთამაშია
"ლაციოს" მენეჯერი, ახალგაზრდული გუნდების კურატორი და მეკარეების მწვრთნელების კონსულტანტია.

მარკო ამელია (34 წლის)
2006 წლის მუნდიალზე არ უთამაშია
ლიგა პროში მოასპარეზე გუნდის, "ლუპა კასტელი რომანის" საპატიო პრეზიდენტია.

კრისტიან ძაკარდო (34 წლის)
3 მატჩი - 0 გოლი
მოქმედი ფეხბურთელია და სერია B-ში მოასპარეზე "ვიჩენცას" ღირსებას იცავს.

ფაბიო გროსო (38 წლის)
6 მატჩი - 1 გოლი
მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი გმირი "იუვენტუსის" 19-წლამდელთა გუნდის მთავარი მწვრთნელია.

ფაბიო კანავარო (43 წლის)
7 მატჩი - 0 გოლი
მსოფლიოს ჩემპიონების კაპიტანი, ფაბიო კანავარო ჩინეთში მუშაობს და "ტიანძინ ციუნძიანის" მწვრთნელია.

ანდრეა ბარძალი (35 წლის)
2 მატჩი - 0 გოლი
დღემდე, "იუვენტუსის" და იტალიის ნაკრების ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია.

ალესანდრო ნესტა (40 წლის)
3 მატჩი - 0 გოლი
ალესანდრო ნესტა ამერიკაში მოღვაწეობს და "მაიამის" მთავარი მწვრთნელია.

ჯანლუკა ძამბროტა (39 წლის)
6 მატჩი - 1 გოლი
ჯანლუკა ძამბროტა ინდოეთშია გადახვეწილი და "დელი დინამოსის" მთავარი მწვრთნელია. ამასთან, ძამბროტა "კომოს" საპატიო პრეზიდენტად აირჩიეს.

მასიმო ოდო (40 წლის)
1 მატჩი - 0 გოლი
მასიმო ოდომ სამწვრთნელო კარიერას მიჰყო ხელი და დღეს, სერია A-ში მოასპარეზე "პესკარას" მესაჭეა.

მარკო მატერაცი (43 წლის)
4 მატჩი - 2 გოლი
მუნდიალის გმირიც და ანტი-გმირიც ინდოეთში მუშაობს, სადაც "ჩენნაიას" მთავარი მწვრთნელია.

დანიელე დე როსი (33 წლის)
3 მატჩი - 0 გოლი
დანიელე დე როსი დღემდე "რომას" და იტალიის ნაკრების ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია.

ჯენარო გატუზო (38 წლის)
6 მატჩი - 0 გოლი
ჯენარო გატუზო მწვრთნელი გახდა და დღეს, სერია B-ში მოასპარეზე "პიზას" თავკაცობს.

ფრანჩესკო ტოტი (40 წლის)
7 მატჩი - 1 გოლი
დღემდე მოქმედი ფეხბურთელია, "რომას" ღირსებას იცავს და გუნდის კაპიტანია.

მაურო კამორანეზი (40 წლის)
5 მატჩი - 0 გოლი
2016 წლის 5 მარტამდე, არგენტინული "ტიგრეს" მთავარი მწვრთნელი იყო, დღეს კი უმუშევარია.

სიმონე ბარონე (38 წლის)
2 მატჩი - 0 გოლი
სიმონე ბარონეც ინდოეთშია და ჯანლუკა ძამბროტას თანაშემწეა "დელი დინამოსში".

სიმონე პეროტა (39 წლის)
7 მატჩი - 0 გოლი
სიმონე პეროტამ სამწვრთნელო ლიცენზია აიღო და დღეს, "რომას" ბავშვთა გუნდის მწვრთნელია.

ანდრეა პირლო (37 წლის)
7 მ,ატჩი - 1 გოლი
ანდრეა პირლო მოქმედი ფეხბურთელია, ამერიკაში თამაშობს და "ნიუ იორკ სიტის" ღირსებას იცავს.

ალესანდრო დელ პიერო (42 წლის)
5 მატჩი - 1 გოლი
ალესანდრო დელ პიერომ ჟურნალისტიკას მიჰყო ხელი და დღეს, "სქაი სპორტ იტალიაში" კომენტატორად მუშაობს.

ლუკა ტონი (39 წლის)
6 მატჩი - 2 გოლი
ლუკა ტონიმ სამწვრთნელო კურსების გავლას, მენეჯერული საქმიანობა ამჯობინა და დღეს, სერია B-ში მოასპარეზე "ვერონას" ტექნიკური დირექტორია.

ალბერტო ჯილარდინო (34 წლის)
5 მატჩი - 1 გოლი
ალბერტო ჯილარდინო მოქმედი ფეხბურთელია, სერია A-ში თამაშობს და "ემპოლის" ღირსებას იცავს.

ვინჩენცო იაკინტა (36 წლის)
5 მატჩი - 1 გოლი
ვინჩენცო იაკვინტას წინააღმდეგ იტალიის პროკურატურას საქმე აქვს აღძრული ორი მუხლით: მაფიასთან მჭიდრო კავშირები და იარაღის უკანონო შენახვა-ტარება.

ფილიპო ინძაგი (43 წლის)
1 მატჩი - 1 გოლი
ფილიპო ინძაგი მწვრთნელად მუშაობს და ლიგა პროში მოასპარეზე "ვენეციის" მესაჭეა.

მარჩელო ლიპი (68 წლის)
იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი 2006 წლის მუნდიალზე
მარჩელო ლიპი ჩინეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელია და წელიწადში 20 მილიონ ევროს იღებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
აი სტატია ძმაო! ყოჩაღ ავტორს!
Georgian
04:07 21-11-2016
0
1930 წლის ჩემპიონის ფეხბურთელების შესახებ ხომ არ გაქვს რაიმე ინფორმაცია?
ზვიადი
11:20 21-11-2016
0

სიახლეები პოპულარული