ვიხილეთ ორმხრივი იერიშები, საშუალოზე მაღალი ტემპი, სახიფათო მომენტები ორივე გუნდის კართან, ოთხი შესანიშნავი გოლი და დრამატული ფინიში - "ინტერმა" მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაათანაბრა ანგარიში, როდესაც მეტოქის საჯარიმოში თვით სამირ ჰანდანოვიჩი იყო ჩასული. გამომდინარე აქედან, ფრემ უფრო "ნერაძური" გაახარა, მაგრამ სატურნირო თვალსაზრისით, ქულა არც ერთ გუნდს აწყობდა და არც მეორეს...
ძველ-ახალი "ინტერი"
მილანურ დერბიში "ინტერის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე სტეფანო პიოლის დებიუტი შედგა. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა, თუ რა ტაქტიკასა და შემადგენლობას დაეყრდნობოდა ახალი მწვრთნელი და რას დაუპირისპირებდა მეტოქეს. პიოლიმ ის სქემა აირჩია, რომელსაც ბოლო პერიოდში ფრანკ დე ბური იყენებდა - ოთხი მცველი, ორი საყრდენი ნახვარმცველი და ოთხი შემტევი, რომელთაგან ერთი გამოკვეთილი ცენტრფორვარდია. მოულოდნელი იყო დაცვის ცენტრში გარი მედელის გამოჩენა, გამთამაშებლის პოზიციაზე კი ჟოაო მარიოს გამწესება. მედელმა პირველივე ტაიმში ტრავმა მიიღო და მურილიოთი შეცვალეს, ჟოაო მარიომ ბოლომდე ითამაშა და ბევრი იშრომა, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი უქნია.
ერთი სიტყვით, სტეფანო პიოლიმ შემადგენლობაში გარკვეული კორექტივები შეიტანა, მაგრამ ტაქტიკა არ შეცვალა და მივიღეთ ძველ-ახალი "ინტერი", რომლის თამაშშიც იყო როგორც პოზიტიური მომენტები, ისე ბევრი ხარვეზი.
"მილანი" უნდა გაძლიერდეს
"მილანს" ჰყავს ახალგაზრდა ფეხბურთელთა ბირთვი, რომელზეც დიდი გუნდის აშენება შეიძლება, მაგრამ ამ მოთამაშეებს სჭირდებათ დახმარება და კლუბის მესვეურებს სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობა მართებთ. ერთ შეხვედრაში შესაძლოა, სუსომ გაისროლოს, მეორეში მბაიე ნიანგმა და მესამეში ჯანლუკა ლაპადულამ, მაგრამ როდესაც გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის და პერიოდულად, სკუდეტოსაც ახსენებენ, იქ მეტი კლასი და სტაბილურობაა საჭირო.
"მილანს" ნახევარდაცვაშიც სჭირდება გაძლიერება - რაც უნდა ნიჭიერი იყოს 18 წლის მანუელ ლოკატელი, ის უბრალოდ ვერ იქნება დღეს გუნდის ლიდერი და თამაშის დირიჟორი - როდესაც "მილანი" 2:1-ს იგებდა და ბოლო 10-15 წუთი ბურთის გაგორება და გაკონტროლება იყო საჭირო, ვინჩენცო მონტელას შეგირდებმა ეს ვერ შეძლეს, რაც კლასის და გამოცდილების ნაკლებობით გახლდათ განპირობებული.
ბერლუსკონის გაცილება
2 დეკემბერს "მილანის" დირექტორთა საბჭოს საგანგებო ყრილობაა, რომელზეც კლუბის საკონტროლო პაკეტი ოფიციალურად გადავა ჩინური კომპანიის ხელში, სილვიო ბერლუსკონის 30-წლიანი მმართველობა კი დასრულდება. ამ წლებში "მილანმა" უამრავი ტროფეი მოიგო და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდი გახდა.ბოლო წლებში "როსონერის" გულშემატკივრები ბევრს აკრიტიკებდნენ ბერლუსკონის, მაგრამ როდესაც მისი წასვლის დრო დადგა, მხარი დაუჭირეს და სამხრეთ ტრიბუნაზე გრანდიოზული ბანერი გაშალეს, რომელზეც ბერლუსკონი და მის პერიოდში მოპოვებული თასებია გამოსახული. ამ ჟესტმა დონ სილვიო ააღელვა და ემოციური კომენტარი გააკეთა:
"მადლობა გულშემატკივრებს, რომ დამაფასეს და ჩემი მხარდამჭერი ბანერი გამოფინეს. არ მქონდა ინფორმაცია, რომ ასეთი ბანერი მზადდებოდა და ეს ჩემთვის ამაღელვებელი სიურპრიზი იყო. "მილანი" ჩემს გულშია და ასე იქნება იქამდე, სანამ ცოცხალი ვარ. ვფიქრობ, "მილანს" დიდი მომავალი აქვს, რადგან გუნდში ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა".
სტეფანო პიოლი (ინტერი): "ვფიქრობ, რომ წაგებას არ ვიმსახურებდით და ბოლო წუთზე გატანილი გოლი ლოგიკური იყო. მომენტები ორივე კართან შეიქმნა, მაგრამ თამაშს უფრო ხშირად ჩვენ ვაკონტროლებდით. ვთხოვე ფეხბურთელებს, რომ გულით ეთამაშათ და ასეც მოხდა. არის ბევრი ხარვეზი და კარგად ვიცი, რომ იდეალურობამდე დიდი გზაა. მთავარია, რომ "ინტერში" ბრწყინვალე ფეხბურთელები არიან შეკრებილნი, გვაქვს დიდი პოტენციალი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ".
ვინჩენცო მონტელა ("მილანის" მწვრთნელი): "მატჩის შემდეგ პრეზიდენტი ბერლუსკონი შემოვიდა გასახდელში და ფეხბურთელებს მადლობა გადაუხადა. ცოტათი იმედგაცრუებული ჩანდა, მაგრამ თამაში შეგვიქო. შესაძლოა, "ინტერი" არ იმსახურებდა მარცხს, მაგრამ რომ მოგვეგო, სამ ქულას ვერავინ დაგვაყვედრიდა. მოგების ხელიდან გაშვება საწყენია, მაგრამ მირჩევნია, რომ ჭიქა ნახევრად სავსე დავინახო. საღამო თითქმის იდეალური გამოვიდა და შეგირდების მიმართ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. ვის აწყობდა ფრე? - რა თქმა უნდა, კონკურენტებს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"