"მილანი" სხვა კუთხით - ადრიანო გალიანის პასუხები მენეჯერებს

AutoSharing Option
2 დეკემბერს, "მილანის" დირექტორთა საბჭოს საგანგებო სხდომაა, რომელზეც ხანგრძლივი მოლაპარაკების პროცესი დაიხურება და ლომბარდიული გრანდი ჩინური კომპანიის ხელში გადავა.

იქამდე, "მილანის" ოფისში, რომელსაც "კაზა მილანი" ეწოდება, მეტად საინტერესო შეხვედრა გაიმართა - კლუბის გენერალური დირექტორი ადრიანო გალიანი და "კაზა მილანის" დირექტორი მარკო ამატო ფართო აუდიტორიის წინაშე წარსდგნენ და ჟურნალისტებისა და საგანგებოდ მიწვეული ახალგაზრდა მენეჯერების კითხვებს უპასუხეს.

- ბოლო წლებში, "მილანი" წარუმატებლად ასპარეზობს და როგორ აისახება ეს კლუბის შემოსავლებზე?
- ბუნებრივია, რომ შემოსავლები სპორტული შედეგების პირდაპირპროპორციულია. თუ გუნდი წამატებულია და იგებს ტიტულებს,
სტადიონზეც მეტი გულშემატკივარი დადის და სპონსორებთან სარფიანი შეთანხმების მიღწევაც გაცილებით მარტივია.

მაგალითად, ამ სეზონში მხოლოდ 13 ათასი აბონიმენტი გავყიდეთ, რაც ყველაზე ცუდი მაჩვენებელია ბოლო 30 წლის განმავლობაში. მიზეზი წარუმატებელი შედეგები და პასიური სატრანსფერო კამპანიაა.

- როგორ შეიძლება შემოსავლების გაზრდა, როდესაც გუნდი ვერ თამაშობს წარმატებულად. თუ გაქვთ მარკეტინგული გათვლები?
- ვცდილობთ, რომ დამატებითი შემოსავალი მივიღოთ და ამისთვის, საინტერესო მარკეტინგულ ნაბიჯებსაც ვდგამთ. მაგალითად, გვაქვს ახალი პროექტი, რომლის მიზანია, რომ შეიქმნას "მილანის კლუბი", რომელშიც გუნდის მილიონობით გულშემატკივრები გაწევრიანდებიან მთელი მსოფლიოდან.

ამ კლუბის წევრობა გარკვეული საფასური დაჯდება, სანაცვლოდ კი ქომაგი სოციალური ქსელით მიიღებს მხოლოდ მათთვის დამზადებულ საინტერესო, შემეცნებით ვიდეო-მასალებს, უახლოეს ინფორმაციებს გუნდის შესახებ და მატჩების პირდაპირი რეპორტაჟების ბმულებს უმაღლესი ხარისხით. მაგრამ ფინანსებს დიდწილად განსაზღვრავენ გუნდის შედეგები.

- რამდენია "მილანის" წლიური ბიუჯეტი?
- "მილანის" წლიური ბიუჯეტი ბოლო 10 წელი პრაქტიკულად უცვლელია და მერყეობს 245-250 მილიონი ევროს ფარგლებში. თუ 10 წლის წინ, ამ თანხით დიდი საქმეების კეთება შეიძლებოდა და შესაბამისად, გუნდიც კონკურენტუნარიანი იყო ევროპული მასშტაბით, დღეს გრანდებს ძალიან ჩამოვრჩით.

საბედნიეროდ, მიმდინარე სეზონში, "მილანი" კარგად ასპარეზობს და დიდი იმედი გვაქვს, რომ ახალი მესვეურების ხელში, კლუბის წლიური ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზრდება. საერთოდ, ფინანსური კუთხით, იტალიურ ფეხბურთში არც თუ სახარბიელო ვითარებაა.

- არადა, სატელევიზიო ტრანსლირებიდან მიღებული თანხით სერია A მხოლოდ პრემიერლიგას ჩამოუვარდება...
- მართალია, ახალი კონტრაქტის მიხედვით, სერია A-ს გუნდები უახლოეს სამ წელიწადში 1 მილიარდსა და 70 მილიონ ევროს მიიღებენ. თუმცა სატელევიზიო შემოსავლები მხოლოდ ნაწილია საფეხბურთო ეკონომიკის.

- იქნებ დაკონკრეტდეთ და იტალიური ფეხბურთის ფინანსურ პრობლემებზე უფრო დეტალურად გვესაუბროთ...
- პირველ რიგში ვსაუბრობ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე. იტალიაში საკუთარი სტადიონი აქვს მხოლოდ "იუვენტუსს" და ასევე, შეგვიძლია ვთქვათ "უდინეზე", რომელსაც არენა 99-წლიანი იჯარით აქვს აღებული. დანარჩენი კლუბები სტადიონებს ქირაობენ და მუნიციპალიტეტს თანხას უხდიან. ეს არენები მოძველებულია და ვერ აკმაყოფილებენ თანამედროვე სტანდარტებს.

- თუ საიდუმლო არაა, რა თანხას იხდით "სან სიროს" იჯარაში?
- "სან სიროს" იჯარა წელიწადში 2 მილიონი ევრო გვიჯდება და ამდენივე ოდენობის თანხას იხდის "ინტერი". ამასთან, ორივე კლუბს აღებული აქვს ვალდებულება, რომ სტადიონს მოუაროს და ყველა დანახარჯი დაფაროს.

- დიდი ხანია საუბრობენ "მილანისთვის" ახალი სტადიონის აშენების შესახებ და რა სტადიაზეა ეს პროცესი?
- ჩვენი დაკვეთით, ინგლისურმა კომპანიამ შეიმუშავა სტადიონის პროექტი, რომელიც 50 ათას გულშემატკივარზეა გათვლილი. არენა უნდა იყოს მულტიფუნქციური, რომელიც მოიცავს სავაჭრო ცენტრს, რესტორნებს, სასტუმროს და გასართობ კომპლექსს. თუმცა, დღეს ეს პროექტი გაყინულია. დანარჩენს კი ჩინური კომპანია გადაწყვეტს.

- როგორ ფიქრობთ, რით არის მომხიბვლელი "მილანი" ჩინური კომპანიისთვის?
- "მილანი" ყველაზე პოპულარული იტალიური კლუბია მსოფლიოში. იმ 30 წელიწადში, რაც კლუბს სილვიო ბერლუსკონი ედგა სათავეში, "მილანმა" უამრავი ტიტული მოიგო, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.

ჩვენი გუნდის მაისურით ბევრმა ვარსკვლავმა ითამაშა და ბუნებრივია, რომ ამას უკვალოდ არ ჩაუვლია. ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით, "მილანს" 387 მილიონი გულშემატკივარი ჰყავს, რაც გრანდიოზულია. საგულისხმოა, რომ აქედან 67%, ანუ 234 მილიონი მოდის აზიაზე.

მაგალითად ევროპაში, თუ იტალიას არ ჩავთვლით, "მილანის" გულშემატკივართა რაოდენობა 68 მილიონია. ბუნებრივია, ჩვენ არ გვყავს აღრიცხვაზე ყველა გულშემატკივარი და ვეჭვობთ, რომ ეს რაოდენობა გაცილებით დიდია. პოპულარულობით ჩვენ გაცილებით წინ ვართ, ვიდრე სხვა იტალიური ბრენდები: "ფერარი", "პრადო", "დოლჩე გაბანა". თავად განსაჯეთ, რატომ არის "მილანი" ჩინური კომპნიისთვიოს საინტერესო კლუბი...

- დარჩება თუ არა სილვიო ბერლუსკონი კლუბში 2 დეკემბრის შემდეგ, თუნდაც საპატიო პრეზიდენტის როლში?
- მას არ სურს საპატიო პრეზიდენტობა. ვფიქრობთ, ბერლუსკონი დატოვებს "მილანს", თუმცა ის ყოველთვის იქნება კლუბის ისტორიის განუყოფელი ნაწილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული